500Georgia-ზე რეგისტრაცია დაიწყო — როგორ გაუკვალა გზა აქსელერაციის პროგრამამ ქართულ სტარტაპებს
კონკურენტულ ბიზნესგარემოში სტარტაპის გადარჩენის ერთადერთი გზაა — მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე. შეიძლება ახალ ბიზნესს კარგი გუნდი ჰყავდეს და მიმზიდველი პროდუქტის თუ სერვისის იდეაც ჰქონდეს, მაგრამ თუ ის განვითარებას, ზრდას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას ვეღარ ახერხებს, წარუმატებლობისთვისაა განწირული.
მათთვის კი, ვინც ზრდაზეა ორიენტირებული, აქსელერაციის პროგრამები იქმნება. ისინი სტარტაპის განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო, ფინანსური, სამენტორო პროგრამებია, რომლებიც კომპანიას განვითარების ადრეულ ეტაპზე ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში ეხმარება. ეს დამწყები ანტრეპრენერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.
უკვე მესამე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორი, 500 Global საქართველოშიც გამოჩნდა და სტარტაპებს განვითარების რეალური, მარტივად ხელმისაწვდომი შესაძლებლობა მისცა პროგრამით — 500Georgia.
500Georgia-ს მონაწილე სტარტაპების პროგრესზე თვალის გადავლებაც საკმარისია, რათა მიხვდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა სწორედ ისაა, რაც თქვენს ბიზნესს უწყვეტ ზრდაში დაეხმარება. თანაც, 500Georgia-ს მესამე ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 5 სექტემბრამდე გრძელდება.
რატომ გადაწყვიტეს 500Georgia-ს მეორე ნაკადის მონაწილეებმა პროგრამაში მონაწილეობა?
500Georgia-ს მეორე ნაკადის გამარჯვებული ოთხი სტარტაპი გახდა:
- Cargon — ციფრული ლოჯისტიკური პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელსა და გადამზიდს შორის კავშირს უზრუნველყოფს;
- Payze — ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც ციფრული გადახდების მიმართულებით მუშაობს და სერვისს სთავაზობს ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც ციფრულად გადახდები სჭირდება;
- Cardeals — ავტო აუქციონების სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ნახევარ მილიონ არჩევანს სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლებისგან.
- Agrolabs — სტარტაპი, რომლის მიზანი სათბურების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდაა.
ეს სტარტაპები ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებას იწყებდნენ, როცა 500Georgia-ში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ. ისინი მიხვდნენ, რომ ეს ის შანსი იყო, რომელიც ბიზნესის უფრო სწრაფად ზრდისთვის უნდა გამოეყენებინათ.
"500Georgia-ში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ მიგვეღო გამოცდილება და ცოდნა, რომელიც 500Georgia-ს მენტორებს აქვთ, რადგან ისინი სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. გვინდოდა, ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც სტარტაპის ზრდას აფერხებდა, მათთან ერთად გადაგვეჭრა", — აღნიშნავს Cargon-ის დამფუძნებელი, ვანო ჩალაძე პროგრამაში მონაწილეობის მიზეზებზე საუბრისას.
Payze-ის დამფუძნებელი, გეგა წურწუმიაც ამბობს, რომ 500Georgia-ში მონაწილეობა სტარტაპის სწრაფი ზრდისთვის კარგ შესაძლებლობად ჩათვალეს.
"500Georgia-ში მონაწილეობა გადავწყვიტეთ, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენთვის მიმზიდველი მიმართულებით ვმუშაობდით, გარკვეული განვითარების ეტაპზეც უკვე ვიყავით და გვჯეროდა, რომ აქსელერაცია იყო ის, რაც კიდევ უფრო სწრაფ ზრდაში დაგვეხმარებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა 500Georgia-ში მონაწილეობის შესაძლებლობა. წინა წლის გამარჯვებულებსაც ვიცნობდით და ვიცოდით, რომ ეს ჩვენთვისაც შესანიშნავ შესაძლებლობად იქცეოდა", — გვიამბობს გეგა.
განვითარების გარკვეულ ეტაპზე უკვე იმყოფებოდა და მომხმარებელსაც კარგად იცნობდა Cardeal-იც, თუმცა სტარტაპის დამფუძნებელი, ზურა ბაკურაძე ამბობს, რომ პირველივე დღიდან, როდესაც გაიგეს, რომ საქართველოში 500 Global შემოდიოდა, იქ მოხვედრა მათთვის ტოპ პრიორიტეტი გახდა. "იმ დროისთვის არ გვქონდა ყველაზე მთავარი — ზრდის ტემპი. დღეს, როდესაც უკვე თითქმის 2 წელი გავიდა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 500 Global_ის დახმარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ამ მიმართულებით".
რა გამოარჩევს 500Georgia-ს აქსელერაციის სხვა პროგრამებისგან?
პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 500Georgia-ს გამოარჩევს მაღალკვალიფიციური მენტორები, რომლებიც სტარტაპების განვითარების მიზნით, ფაქტობრივად, მონაწილე გუნდების წევრები ხდებიან.
"პროგრამის მიზანი სტარტაპის ზრდაა, ამიტომ მენტორები, ფაქტობრივად, შენი გუნდის წევრები ხდებიან, გეხმარებიან წარმატების მიღწევაში და სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრაში, იქნება ეს მარკეტინგი, პლატფორმის განვითარება, UI/UX, ახალ ბაზარზე ჩაშვების სტრატეგიები", — ამბობს ვანო, გეგა კი მენტორებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ "მათ დიდი გამოცდილება აქვთ ციფრული პროდუქტების განვითარების, მასშტაბირების მიმართულებით. მსგავსი შესაძლებლობა საქართველოში აქამდე არ იყო და 500Georgia-მ პროდუქტის ახალ სიმაღლეზე გადაყვანის რეალური შესაძლებლობა შექმნა".
როგორ შეცვალა 500Georgia-ში მონაწილეობამ სტარტაპების საქმიანობა?
აქსელერაციის პროგრამა, 500Georgia სტარტაპებს გლობალური შესაძლებლობის დანახვაში ეხმარება, ამიტომ პროგრამაში მონაწილეობა არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ საზღვარგარეთ წარმატების მიღწევის საწინდარიცაა.
Payze-ის დამფუძნებლის, გეგა წურწუმიას თქმით, პროგრამამ დაანახათ, რომ ბევრად ამბიციურად შეეძლოთ ეფიქრათ, ვიდრე წარმოედგინათ.
"500Georgia-მ ხედვა შეგვაცვლევინა, დაგვანახა, რომ რა მიზანიც ამბიციურად გვეჩვენებოდა, ბევრად დიდი მასშტაბით შეგვეძლო განგვეხორციელებინა. ამ ახალი ხედვის დახმარებით, ბევრად სწრაფად განვითარების შესაძლებლობა მოგვეცა, ვიდრე ეს იქამდე წარმოგვედგინა. უკვე მეოთხე ქვეყანაში ვიწყებთ ოპერირებას და მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპის წარმატების გვჯეროდა, მსგავსი მასშტაბი აქამდე ძნელად წარმოსადგენი იყო", — აღნიშნავს გეგა.
პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მნიშვნელოვნად დაჩქარდა Cargon-ის წარმატებაც, "პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ კომპანიის მომხმარებლების ოდენობა და შემოსავალი გაიზარდა და Cargon ორ ახალ ქვეყანაში წარმატებით შევიდა".
Cardeal-ის დამფუძნებელი კი გვიზიარებს, რომ პროდუქტის განვითარების მიმართულებით ყველაზე დიდი გაუმჯობესება ჰქონდათ და ბიზნესისთვის აუცილებელი ყველა მიმართულებით გაიზარდნენ.
"ჩვენ შემთხვევაში, გაუმჯობესება გვქონდა პროდუქტის განვითარების კუთხით. მანამდე უკვე ორჯერ გვქონდა განახლება გაშვებული, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, ხოლო მესამე განახლება, რომელიც 500 Global-ის დროს გავუშვით, product market fit-თან უკვე ძალიან ახლოს იყო. ორი კვირის თავზე უკვე თითქმის ყველა კუთხით 30-40%-იანი გაუმჯობესება გვქონდა", — აღნიშნავს ზურა.
რატომ უნდა ჩაერთოთ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში?
500Georgia წამყვანი აქსელერაციის პროგრამაა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერი სტარტაპისთვის წარმატების გარანტია, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც ანტრეპრენერებმა ამ წამოწყებაში ჩართვის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
ვანო ჩალაძის თქმით, "ეს პროგრამა განვითარებაში, მეტი მომხმარებლის მოზიდვაში, პროდუქტის თუ სერვისის დახვეწაში დაგეხმარებათ. თუ სტარტაპის განვითარება გაქვთ მიზნად გაქვთ, მოტივაციაც უნდა გქონდეთ, რომ მსგავს პროგრამებში ჩაერთოთ".
გეგა წურწუმია კი აღნიშნავს, რომ "ნებისმიერმა სტარტაპმა, რომელსაც იმის ამბიცია და ისეთი პროდუქტი აქვს, რომელიც ზრდის, გლობალურ ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობას იძლევა, 500Georgia-ში მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან ამ გზით უცებ ხდება იმ რესურსზე წვდომის მიღება, რომელიც იქამდე არ ჰქონიათ".
500 Global-ის ინტენსიური გადამზადების კურსში სტარტაპები მთელი მსოფლიოდან ერთვებიან, ყოველი ნაკადის გამარჯვებულ სტარტაპს კი 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა.
თუ პროგრამაზე რეგისტრაცია და თქვენი სტარტაპის სწრაფად განვითარება გსურთ, აღნიშნულ ლინკზე უნდა დარეგისტრირდეთ.
კომენტარები