ბათუმში ჯაზი დაბრუნდა
ბათუმის ჩოგბურთის მოედნამდე მისასვლელად რა მიმართულებაც არ უნდა აირჩიო, გზად აუცილებლად ბევრ რესტორანსა და ბარს გაივლი. ზოგიერთ მათგანში "ვაგონი მიქრის", "წვიმა მოგონებებს ასველებს" ან "One kiss is all it takes"...
ბულვარის ბილიკებზე ხალხმრავლობაში გზას სანამ გაიკვალავ, შეიძლება თამადას და ჰარი სტაილსის რამდენიმე ჰიტის მოსმენაც მოასწრო და დამსვენებლების მრავალფეროვან გემოვნებას ეზიარო. თუმცა, როგორც კი კორტებს მიუახლოვდები, რესტორნებიდან გამომავალი მუსიკა უბრალოდ ფონის ხმაური ხდება, რადგან იცი, რომ შიგნით ჯაზის დღესასწაული გელოდება.
შავი ზღვის ფესტივალი 2007 წელს დაიბადა და იმის შემდეგ ბათუმური ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მე-15 საიუბლეო ფესტივალი კიდევ უფრო განსაკუთრებულია — პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქში ჯაზი დაბრუნდა. და არამხოლოდ... რადგან ერთგულმა მსმენელმა კარგად იცის, რომ თბილისის ჯაზ-ფესტივალისგან განსხვავებით, აქ გამართული ღონისძიებები სცდება ჯაზის ფარგლებს და სხვადასხვა მიმდინარეობისა და ჟანრის მუსიკას გვთავაზობს.
2022 წლის ფესტივალი გუშინ, 12 აგვისტოს დაიწყო. კორტებთან ხალხმრავლობა უკვე 8 საათიდან შეინიშნებოდა, ღამით კი სტუმრების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლებში ამ სცენას უფრო მეტი მსმენელი უნახავს.
ფესტივალის პირველი დღე ბათუმის უნივერსიტეტის ბენდმა გახსნა. სცენაზე მათი გამოჩენისას ხალხი ჯერ კიდევ ბარებთან და ფოტოსივრცეებთან იყო მიმოფანტული, თუმცა ბენდმა შეძლო ისინი სცენასთან მიეყვანა და ენერგიული მელოდიებით კარგ ხასიათზე ეზრუნა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
შემდეგ მსმენელის წინაშე ცნობილი ჩეხური ბენდი BORIS BAND COMBINATION წარსდგა. ისინი საქართველოში ჩეხეთის კულტურის სახლის და ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩამოვიდნენ, რისთვისაც ორგანიზატორებმა და შემსრულებლებმა არაერთი მადლობა გადაიხადეს.
ღონისძიება შვეიცარიულმა ტრიომ, The Next Movement-მა დახურა. როგორც ბენდის ვოკალისტმა, ჯერ კიდევ კონცერტის დაწყებამდე დააანონსა, ბათუმში გასაოცარი საღამო შედგა და მსმენელმა მათთან ერთად "ფანკისა და სოულის მუსიკალურ ტალღებში იმოგზაურა".
კონცერტი რამდენიმე საათი გაგრძელდა — ფესტივალს მონატრებული მსმენელი ამბობდა, რომ პირველი დღე მოგონებებს დაუთმეს. ტერიტორიაზე ხშირად მოისმენდით ფრაზებს: "ყოველ წელს აქ ვჯდებოდი და აქედან ვუსმენდი", "აქ სხვა სტენდი იდგა და აქ ვხვდებოდით ერთმანეთს", "იმედია წელსაც ისეთივე იქნება, როგორც ადრე".
მომდევნო ორი დღეც გვიჩვენებს, იქნება თუ არა ფესტივალი ისეთივე, როგორიც ადრე, მანამდე კი სტუმრებს ბევრი საშუალება აქვთ იმისთვის, რომ მე-15 ფესტივალზე ახალი მოგონებები დააგროვონ.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
13 და 14 აგვისტოს მსმენელის წინაშე Al McKay's Earth, Wind & Fire Experience, Cindy Dulfer&Band და სხვა არაერთი შემსრულებელი წარსდგება.
კომენტარები