როგორ უთვალთვალებდა ასიათასობით ადამიანი ნენსი პელოსის თვითმფრინავს ტაივანში დაშვებისას?
2 აგვისტოს, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. ის ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი მაღალი რანგის ამერიკელი სახელმწიფო მოხელეა, რომელიც კუნძულს ესტუმრა. იმ დღეს ნენსი პელოსის სამხედრო თვითმფრინავის მარშრუტს მთელს მსოფლიოში ლაივში 700 000 ადამიანი ადევნებდა თვალს. ის 2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 22:50 საათზე ტავიანში დაეშვა.
ადამიანები თვითმფრინავის კურსს FlightRadar24-ზე უყურებდნენ. ეს არის გვერდი, რომელიც ღია წყაროებზე დაყრდნობით ადევნებს თვალს თვითმფრინავებს. FlightRadar24 და სხვა მსგავსი აპლიკაციები, როგორიცაა ADS-B Exchange, განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წლებში გახდა, როდესაც ადამიანებმა მათი გამოყენება დაიწყეს, რათა ცნობილი ადამიანების — ტეილორ სვიფტის, კეილი ჯენერის, ილონ მასკის, რუსი ოლიგარქების და ახლა უკვე პელოსის — კერძო თვითმფრინავებს ადევნონ თვალი.
FlightRadar24-ს 2 აგვისტოს დილით იმდენი მომხმარებელი ჰყავდა, რომ ვებგვერდი გაიჭედა და მთავარ გვერდზე იწერებოდა შემდეგი: "ძალიან ბევრ ადამიანს სურს ჩვენს მომსახურებაზე ჰქონდეს წვდომა. საიტი მწყობრიდან რომ არ გამოვიდეს, დროებით ლოდინის ოთახი გვაქვს შექმნილი. ჩვენი გვერდის გამომწერებს რიგის გარეშე შუძლიათ გვერდზე შესვლა".
FlightRadar24 მონაცემებს რამდენიმე წყაროდან აგროვებს, მათ შორის ADS-B-დან, MLAT-დან და radar data-დან. ამას ემატება ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მიერ ფრენის სტატუსსა და განრიგზე არსებული საჯარო ინფორმაციაც.
ADS-B არის ავტომატიური დამოუკიდებელი დაზვერვის ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ თვითმფრინავის მარშრუტს თვალი ადევნონ სატელიტური ნავიგაციითა და სხვა სენსორებით. ავიალაინერზე ABD-S-ს ტრანსპონდერი (გადამცემ-მოპასუხე მოწყობილობა, რომელიც სიგნალის მიღების შემთხვევაში საპასუხო სიგნალს აგზავნის) უშვებს სიგნალს, რომელსაც FlightRadar24-ს მიმღები იჭერს. ეს სიგნალი შეიცავს თვითმფრინავის ლოკაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ამერიკასა და ევროპაში კანონითაა მოთხოვნილი, რომ თვითმფრინავებს ADS-B მოწყობილობა ჰქონდეთ.
FlightRadar24 ფილტრავს მონაცემებს და ყველაფერს თავის გვერდზე არ აჩენს, რაც რთულს ან თითქმის შეუძლებელს ხდის ზოგი თვითმფრინავის კვალისთვის თვალის დევნებას, მაგრამ არის კიდევ ერთი პლატფორმა — ADS-B Exchange, რომლითაც მომხმარებლებს ცნობილი ადამიანებისა და ოლიგარქების კერძო თვითმფრინავების დაზვერვა შეუძლიათ: "ADS-B Exchange სხვა ვებგვერდების მსგავსად არ ფილტრავს შემოსულ ინფორმაციას, რაც გარკვეული კერძო და სამხედრო თვითმფრინავის მარშრუტის გაგებას შესაძლებელს ხდის", — ნათქვამია საიტზე.
FlightRadar24
FlightRadar24-ის გვერდზე თქვენ ნახავთ მსოფლიო რუკას დაფარულს უამრავი თვითმფრინავით. თითოეული მათგანზე დაკლიკებით ჩნდება ფანჯარა, რომელიც გაწვდით ინფორმაციას ფრენის, განრიგის, აფრენისა და დაშვების დროების, ამჟამინდელი ლოკაციის, სიჩქარის და ავიალაინერთან დაკავშირებული სხვა მახასიათებლების შესახებ. თვითმფრინავთა უმეტესობა ყვითელია, რაც ნიშნავს, რომ მათი დაზვერვა განხორციელდა დადემაწიზე არსებული რადარებით, ხოლო ლურჯით მონიშნულ თვითმფრინავებს სატელიტეებით უთვალთვალებდნენ.
იან პეტჩენიკმა, FlightRadar24-ის სპიკერმა, აღნიშნა, რომ პელოსის ფრენის შემდეგ გვერდისადმი გაზრდილი ინტერესის გათვალიწინებით, ისინი სხვა წყაროებისა და მონაცემების დამატებასაც გეგმავენ.
"პელოსის ფრენის თვალთვალი ლაივში იყო ყველაზე ყურებადი, რაც კი ოდესმე გვქონია. 700 000-ზე მეტი ადამიანი უყურებდა პირდაპირ ეთერში ტაიპეიში სამხედრო თვითმფრინავის დაშვებას. მეორე ყველაზე ყურებადი ფრენა იყო ალექსეი ნავალნის მარშრუტი გერმანიიდან რუსეთში, მას 550 000 ადამიანი უყურებდა", — თქვა პეტჩენიკმა.
ასევე იხილეთ: ტაივანში ნენსი პელოსის ხანმოკლე და სადავო ვიზიტი დასრულდა — რა მოხდა
ბოლო პერიოდში თვითმფრინავები აქტიურად ხვდებიან ახალ ამბებში. პირველად კეილი ჯენერი გააკრიტიკა საზოგადოებამ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მას ჰქონდა 17-წუთიანი ფრენა, რამაც 1 ტონა ნახშირბადით დააბინძურა გარემო.
ამის შემდეგ მდგრადი განვითარების კომპანია Yard-მა შექმნა რეიტინგის სია, რომელშიც იმ სელებრითების კერძო თვითმფრინავები მოხვდნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ფრენა განახორციელეს და შესაბამისად ყველაზე მეტი ნახშირის დიოქსიდი გამოყვეს. სიის სათავეში იყო ტეილორ სვიფტი, რომელმაც წელს 170-ჯერ იფრინა და მისმა თვითმფრინავმა გამოყო 829 354 ტონა ნახშირბადი, რაც საშუალო ადამიანის მიერ გამოყოფილ წლიურ ემისიაზე 1185-ჯერ მეტია.
Twitter-ზე დღეს შექმნილია გვერდები, რომლებიც საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ზვერავენ სელებრითების თვითმფრინავებს: @ElonJet, @CelebJets, @SportJets, @Corporate_Jets და @RUOligarchJets — ყველა ეს გვერდი შექმნა ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ჯეკ სვინიმ.
როგორც ჩანს, სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული ცნობილი ადამიანების კერძო თვითმფრინავების დაზვერვით. საზოგადოების აზრით, ზოგი ფრენა აღმაშფოთებელია — მაგალითად, ფლოიდ მეივეზერის 10-წუთიანი ფრენა ლას ვეგასში. ძირითადი აქცენტი ამ შემთხვევაში კლიმატის ცვლილებაზე კეთდება.
კომენტარები