ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, მსოფლიოში პირველი სინთეზური ემბრიონი შექმნეს
მეცნიერებმა თაგვების უჯრედებისგან "სინთეზური ემბრიონები" გაზარდეს და ეს სპერმის, კვერცხუჯრედისა და საშვილოსნოს გამოყენების გარეშე. ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა და ის აღწერილია რეცენზირებულ ჟურნალ Cell-ში.
"ეს ტექნოლოგია შეიძლება იყოს ამოსავალი წერტილი ორგანოების ნულიდან გასაზრდელად", — თქვა იაკობ ჰანამ ვაიზმანის მოლეკულური გენეტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევით ჯგუფს.
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მეტი კვლევა იქნება საჭირო, სანამ ადამიანის ემბრიონის ამ გზით გაზრდას განიხილავენ. მიუხედავად ამისა, ეს კვლევა ამ შესაძლებლობას ოდნავ უფრო რეალურს ხდის, რაც აქტუალურობას მატებს ეთიკურ კითხვებსაც.
სინთეზური ემბრიონის კოდის გატეხვა
"ემბრიონი არის საუკეთესო ორგანოს წარმომქმნელი მანქანა და საუკეთესო 3D ბიოპრინტერი – ჩვენ შევეცადეთ მიგვებაძა მისთვის", — თქვა ჰანამ.
ჰანამ და მისმა ჯგუფმა ადრე მოახერხა თაგვის ემბრიონის გაზრდა საშვილოსნოს გარეთ, შუშის კონტეინერებში. თუმცა, ეს ემბრიონები უშუალოდ ნამდვილი თაგვებისგან იყო აღებული და განაყოფიერებული. ბოლო კვლევაში, ემბრიონები გაზარდეს ღეროვანი უჯრედებიდან.
უჯრედები სწავლობენ რა უნდა გააკეთონ სხეულის მიერ მათთვის გაგზავნილი ქიმიური სიგნალების ხარჯზე. მეცნიერებს შეუძლიათ იმ სიგნალებისთვის მიბაძვა, რომ ღეროვანი უჯრედები გადააქციონ ორგანოებად. მაგალითად, შექმნან მინი ტვინი, რომელიც გამოიყენება წამლების შესამოწმებლად.
ჰანას სინთეზური ემბრიონების უმეტესობა ადრევე მოკვდა. თუმცა, რამდენიმემ მოახერხა ზრდა 8 დღის განმავლობაში. ეს თაგვის გესტაციური პერიოდისთვის დაახლოებით ნახევარია.
უკვე 8 დღის შემდეგ ისინი 95 პროცენტით ჰგავდნენ თაგვის ნორმალურ ემბრიონებს და ჰქონდათ გაზრდილი პლაცენტა. ამასთან, საწყის ეტაპზე იყო ხერხემლი, ტვინი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და გულის ცემა. თუმცა, ჰანას თქმით, ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც ნამდვილი სრულყოფილი ემბრიონები.
ორგანოების გაზრდა სინთეზური ემბრიონებიდან
იმის გამო, რომ ეს სინთეზური ემბრიონები იქმნება ღეროვანი უჯრედებისგან და არა განაყოფიერების გზით, უფრო ადვილია პროცესის მასშტაბირება და ერთდროულად ბევრის შექმნა.
ეს შეიძლება იყოს ფასდაუდებელი მეცნიერებისთვის, რადგან მას შეუძლია სინთეზური ემბრიონის უზარმაზარი რაოდენობის შექმნა კვლევებისთვის. შესაბამისად, ლაბორატორიულ ცხოველების საჭიროება აღარ იქნება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით თითქმის ნულიდან იქნება შესაძლებელი ორგანოების დამზადება. შესაბამისად, ორგანოების გადანერგვის პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება.
"ჩვენი შემდეგი გამოწვევა არის იმის გაგება, თუ როგორ ხვდებიან ღეროვანი უჯრედები რა გააკეთონ — როგორ იკვრებიან ისინი ორგანოებად და პოულობენ ამის გზას ემბრიონის შიგნით", — თქვა ჰანამ.
ადამიანის სინთეზური ემბრიონები
ჯეიმს ბრისკომ, ლონდონის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის ჯგუფის ლიდერმა, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, The Guardian-ს განუცხადა, რომ კვლევა ეთიკურ კითხვებს აჩენს.
"ახლა კარგი დროა რათა განვიხილოთ სამართლებრივი და ეთიკური ჩარჩო ადამიანის სინთეზური ემბრიონების კვლევისა და გამოყენების დასარეგულირებლად. ასევე არსებული რეგულაციების განახლებაც საჭიროა", — თქვა მან.
ღეროვანი უჯრედებიდან ამოზრდილ ადამიანის ემბრიონებს მალე კიდევ ვერ ვნახავთ, მიაჩნია ბრისკოს. თაგვის ამ სინთეზურ ემბრიონებს არ შეეძლოთ ცოცხალ თაგვად ჩამოყალიბება. ჩვენ ასევე ბევრი რამ არ ვიცით ადამიანის ემბრიონების შესახებ, რომლებსაც გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ ჩამოსაყალიბებლად.
თუმცა, ეს მაინც უმნიშვნელოვნესი სიახლეა და კვლევა ნამდვილად საყურადღებოა.
"ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენთვის, რომ შეგვეძლოს ადრეული განვითარების შესწავლა. ჩვენ გადავდივართ იმ სფეროში, სადაც ემბრიონის გენერირებას ნულიდან შევძლებთ და საბოლოოდ შეიძლება შევქმნათ ცოცხალი ორგანიზმები", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები