ახალი კვლევა: ლიბერალებისა და კონსერვატორების ტვინი ბიოლოგიურად განსხვავდება
კვლევამ გამოავლინა, რომ პოლიტიკურ ხედვებს შესაძლოა სოციალურის გარდა ბიოლოგიური საფუძვლებიც ჰქონდეს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევის მიხედვით, სხვადასხვა აქტივობების შესრულებისას ან უბრალოდ უმოქმედობისას ინდივიდების ტვინის სკანირებით მიღებული გამოსახულებები ზუსტად აჩვენებს, ისინი პოლიტიკურად კონსერვატორები არიან თუ ლიბერალები.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სკანირებით ტვინში დაფიქსირებული ნიშნები ისეთივე კარგი ინდიკატორია ადამიანის პოლიტიკური იდეოლოგიის პროგნოზირებისას, როგორც პოლიტიკური მეცნიერების კლვევებში ფართოდ გამოყენებული მეთოდი — მშობლების პოლიტიკური მიკუთვნებულობები.
"შეგვიძლია, მარტო ტვინზე დაკვირვებით ადამიანის პოლიტიკური იდეოლოგია გავიგოთ? პასუხი მტკიცე კია", — თქვა კვლევის თანაავტორმა სკილერ კრანმერმა, ოჰაიოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორმა.
"შედეგებმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური ქცევის ბიოლოგიური და ნეიროლოგიური ფესვები უფრო ღრმაა, ვიდრე აქამდე გვეგონა."
ეს კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ PNAS Nexus-ში გამოქვეყნდა, დღემდე ჩატარებული ყველაზე დიდი სამეცნიერო გამოკვლევაა, რომელმაც პოლიტიკური იდეოლოგიის გამოსავლენად ტვინის ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (fMRI) სკანირება გამოიყენა.
ეს ასევე ერთ-ერთია იმ მცირე კვლევათაგნ, რომელიც ტვინის ფუნქციონალურ კავშირებს იკვლევს. მეცნიერები ცდილობდნენ, დაედგინათ, კონკრეტული დავალების შესრულებისას ტვინის რომელი უბნები აქტიურდება ერთდროულად, რაც მათ ურთიერთკავშირზე მეტყველებს.
მეცნიერებმა მიღებული გამოსახულებების გასაანალიზებლად ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მეთოდები და ოჰაიოს სუპერკომპიუტერების ცენტრის რესურსები გამოიყენეს. მათ აღმოაჩინეს კორელაცია გამოსახულებების შედეგებსა და ინდივიდების მიერ წინასწარგაცხადებულ იდეოლოგიებს შორის. შედეგები 6-დანაყოფიან სკალაზე დაიტანეს — "ყველაზე ლიბერალიდან ყველაზე კონსერვატორამდე".
კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები
კვლევისთვის მეცნიერებმა 174 ჯანმრთელი ინდივიდი მოამზადეს, რომლებიც მკვლევართა მეთვალყურეობის ქვეშ საერთო დავალებებს ასრულებდნენ. ამის პარალელურად ხდებოდა მათი ტვინის სკანირება და მონაცემების შეგროვება.
"რვა დავალებიდან არც ერთი არ იყო ისე შედგენილი, რომ ცდისპირებს პარტიზანული, მიკერძოებული პასუხები გამოევლინათ ან დაეფიქსირებინათ", — თქვა კვლევის თანაავტორმა სეო იანგმა. "მაგრამ სკანირების შედეგები რვავე დავალებიდან მათ პოლიტიკურ იდეოლოგიას ეხმიანებოდა".
"მაშინაც კი, როდესაც მონაწილეებს სთხოვეს, უბრალოდ დამსხდარიყვნენ და არაფერზე ეფიქრათ, სკანირების შედეგები პოლიტიკურ იდეოლოგიასთან კავშირს აჩვენებდა. ყოველგვარი სტიმულის გარეშეც კი ტვინში არსებული ფუნქციონალური კავშირებით შესაძლებელია პირის პოლიტიკური ორიენტაციის დადგენა", — თქვა კვლევის თანაავტორმმა ჯეიმზ ვილსონმა.
მაშინ, როდესაც რვა დავალების სკანირების შედეგებით შეიძლებოდა პირის პოლიტიკური იდეოლოგიის გაგება, მათ შორის სამს განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა პოლიტიკურ ორიენტაციასთან.
ერთი იყო ემპათიის დავალება — მონაწილეებს აჩვენეს ემოციური ადამიანების ნეიტრალური, ბედნიერი, შიშნარევი და მოწყენილი სახეები. მეორე დავალება ეპიზოდურ მეხსიერებას ცდიდა, ხოლო მესამე იყო მოგების დავალება — მონაწილეები იგებდნენ ან აგებდნენ ფულს იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად დააჭერდნენ ღილაკს.
მხოლოდ მესამე დავალებით (მოგება-წაგების) შეიძლებოდა პილიტიკური ექსტრემიზმის წინასწარ განჭვრეტა — ანუ პირი იყო ძალიან კონსერვატორი თუ ძალიან ლიბერალი. და მხოლოდ ემპათიის დავალება იყო მნიშვნელოვნად დაკავშირებული ზომიერ იდეოლოგიასთან.
"უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, რათა გავიგოთ მოგება-წაგების დავალების ასეთი ძლიერი კავშირი პოლიტიკურ ექსტრემიზმთან. ხოლო ემპათიის დავალების შედეგებმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური აზრი შეიძლება, მჭიდრო კავშირში იყოს ემოციასთან და ემოციურ პასუხთან", — თქვა ვილსონმა.
"მართალია, ამ კვლევამ გამოავლინა კავშირი პოლიტიკურ აზრსა და ტვინის აქტივობებს შორის, თუმცა ის ვერ ხსნის, რომელი რომელს იწვევს. ჩვენ არ ვიცით, ტვინში არსებული აქტივობები (ჩვენ მიერ აღმოჩენილი მახასიათებლები) იქ იმიტომაა, რომ ადამიანმა ესა თუ ის იდეოლოგია აირჩია თუ ეს უკანასკნელია განპირობებული ტვინში თავიდანვე არსებული ამ მახასიათებლებით. ეს შეიძლება ორივეს კომბინაციაც იყოს, თუმცა ჩვენს კვლევას არ აქვს შესაბამისი მონაცემები, რომ ამ კითხვას გადაჭრით უპასუხოს", — აცხადებს კრანმერი.
როგორც მკვლევრები ამბობენ, მხოლოდ ის ფაქტიც, რომ ტვინის სკანირებით ისეთივე სიზუსტით შეიძლება პოლიტიკური იდეოლოგიის პროგნოზირება, როგორც ეს სტანდარტული მშობელთა იდეოლოგიის მეთოდით ხდება, უკვე გასაოცარია. და როდესაც ტვინის სკანირების შედეგები შეჯერდა დემოგრაფიულ და სოციო-ეკონომიკურ ინდიკატორებთან, როგორებიცაა: ასაკი, სქესი, შემოსავალი და განათლება, მიღებული მოდელით უფრო ზუსტად გახდა შესაძლებელი იდეოლოგიის ამოცნობა, ვიდრე მშობლების პოლიტიკური მიკუთვნებულობით.
"ფუნქციონალური დაკავშირებულობა და გამოკითვებზე დაფუძნებული ყველა პასუხი ერთად გვთავაზობს არსებულთაგან პროგნოზირების ყველზე ზუსტ მოდელს", — თქვა იანგმა.
კრანმერმა ასევე აღნიშნა, თუ რითი განსხვავდებოდა ეს კვლევა აქამდე ჩატარებული მსგავსი გამოკვლევებისგან.
"ჩვენ ვუყურებდით ტვინს, როგორც რეგიონების კომპლექსურ სისტემას, რომლის შემადგენელი ერთეულები ერთმანეთთან ურთიერთქმედებდნენ, რათა ესა თუ ის ქცევა წარმოეშვათ. სხვა კვლევების დროს კი ტვინის ერთ კონკრეტულ რეგიონს სხვა ნაწილებისგან იზოლირებულად აკვირდებოდნენ, რათა ენახათ, პოლიტიკური სტიმულის დროს აქტიურდებოდა ის თუ არა", — ამბობს ის.
ამ კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის სპეციფიკური რეგიონები — ამიგდალა, შუბლის ქვედა ხვეული და ჰიპოკამპუსი — ყველაზე მეტად იყვნენ ასოცირებულნი პოლიტიკურ აფილირებასთან.
კომენტარები