მკვლევრებმა ატლანტის ოკეანის ფსკერზე უცნაური ღრმულები შენიშნეს — მათი წარმომავლობა უცნობია
მკვლევრებმა ოკეანის ფსკერზე, ზედაპირიდან 2.6 კილომეტრის სიღრმეზე, "იდეალურად განლაგებული", იდუმალი ღრმულების წყება აღმოაჩინეს. მათი წარმოშობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
უცნაური ხვრელები ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ეკიპაჟმა შენიშნა შუა ატლანტიკური ქედის კვლევისას. ეს უკანასკნელი მთათა სისტემაა ატლანტის ოკეანის ფსკერზე. რეგიონი უმეტესად შეუსწავლელია.
ხვრელები ერთგვარ სწორ ხაზს ქმნის და რეგულარულად განმეორებად მანძილზე ჩნდება. მათ გარს დანალექის პატარა გროვები აკრავს. საგულისხმოა, რომ ღრმულები ამ არეალში პირველად არ შეუნიშნავთ — NMFS-ის ორმა მეცნიერმა უცნობი წარმომავლობის ხვრელები 2004 წელსაც შენიშნა ოკეანის ფსკერზე.
"რეგიონში ამ ღრმულების შესახებ ადრეც შეგვატყობინეს, თუმცა მათი წარმოშობის საკითხი ჯერაც გაურკვეველია", — წერენ NOAA-ს მკვლევრები Facebook-ზე — "მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის ადამიანის ნამოქმედარს წააგავს, ხვრელების გარშემო არსებული დანალექის პატარა გროვები მაინც ისე აჩენს, თითქოს ისინი... რაღაცამ ამოთხარა".
2004 წელს მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ღრმულები ოკეანის ფსკერის დანალექში მცხოვრებმა ორგანიზმმა გააჩინა. მიუხედავად ამისა, არავის უნახავს, ისინი ამგვარ ქმნილებებს ამოეთხაროს, ამიტომაც ხვრელების ზუსტი წარმომავლობა ჯერაც უცნობია.
NOAA-ს Facebook პოსტს საზოგადოების მხრიდან საკმაოდ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: ზოგმა ოკეანის ფსკერზე ღრმულების გაჩენა აირის გამოშვებას დაუკავშირა, ზოგმა — განძის მაძიებლებს, ჭიანჭველებს, ზღვის ვარსკვლავებსა თუ სულაც უცხოპლანეტელებს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა მაისში გაურკვეველი წარმომავლობის გზის მაგვარი სტრუქტურაც აღმოაჩინეს ჰავაისთან ახლომდებარე წყალქვეშა მთაზე. მოგვიანებით დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, უცნაური გზა ვულკანური ამოფრქვევების შედეგად ოკეანის ფსკერის გაციებამ და გაცხელებამ წარმოშვა.
ასევე იხილეთ: ოკეანის სიღრმეებში მეცნიერებმა გზის მაგვარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
შესაძლოა, ხვრელების წარმომავლობის გარკვევას შედარებით მეტი დრო დასჭირდეს. მკვლევრები რეგიონის შესწავლას სექტემბრამდე განაგრძობენ Voyage to the Ridge 2022 ექსპედიციის ფარგლებში. იგი მიზნად ისახავს როგორც რეგიონის მარჯნის რიფებისა ღრუბელათა ჰაბიტატის, ასევე მისი ჰიდროთერმული ხვრელების შესწავლას.
კომენტარები