ტვინში "ენის უნივერსალური ქსელის" არსებობა 45 ენაზე მოსაუბრეთა შემთხვევაშიც დადასტურდა — კვლევა
45 განსხვავებულ ენაზე მოსაუბრეთა ტვინებში ერთი და იგივე ზონა აქტიურდება.
იაპონური, იტალიური, უკრაინული, სუაჰილი და ათობით სხვა სალაპარაკო ენაზე მოსაუბრე ადამიანების ტვინში ამ ენების მოსმენა თუ ლაპარაკი იწვევს ერთი და იგივე ზონის — "ენის უნივერსალური ქსელის" გააქტიურებას. ლაპარაკისას ტვინის ამ ზონას ინგლისური ენაზე მოსაუბრე ადამიანებში სწავლობდნენ, ახლა კი ნეირომეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზუსტად იგივე კავშირი აქტიურდება სხვა 45 განსხვავებული ენის შემთხევაშიც, რომლებიც ენათა 12 ოჯახს მიეკუთვნებიან.
"ეს არის ფუნდამენტური კვლევა, რომელმაც მიგნებები ინგლისურ ენაში სხვა ენებზეც გაავრცელა", — ამბობს MIT-ის ნეირომეცნიერების ასოცირებული პროფესორი ეველინა ფედორენკო.
"ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტური პრინციპები საერთოა ყველა ენისთვის, შეგვიძლია, ვიკვლიოთ ის პოტენციური განსხვავებები, რაც ენებს ან მათ ოჯახებს შორის არსებობს, როგორ ხდება ტვინში მათი იმპლემენტაცია და შევისწავლოთ ის ფენომენები, რომლებიც ინგლისურში არაა", — თქვა ფედორენკომ. მაგალითად, ტონალურ ენაზე, პირობითად, მანდარინზე (ჩინური), მოსაუბრე ადამიანები სიტყვებს მნიშნელობებს გამოთქმის ტონალობით უცვლიან; ინგლისური არაა ტონალური ენა, ამიტომ ის სხვანაირად გადამუშავდება ტვინში.
კვლევა, რომელიც 18 ივლისს ჟურნალ Nature Neuroscience-ში გამოქვეყნდა, თითოეულ ენაზე მოსაუბრე ორ-ორ ადამიანზე ჩატარდა, რომელთა ტვინსაც სხვადასხვა კოგნიტური დავალების შესრულებისას იღებდნენ. კერძოდ, მათ ტვინს ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (fMRI) დააკვირდნენ, რომელიც აჩევენებს ტვინში ჟანგბადით მდიდარი სისხლის ნაკადის მიმართულებას. ტვინის აქტიური უჯრედები მეტ ჟანგბადს მოიხმარენ, შესაბამისად, fMRI ირიბად ზამოვს და გვაჩვენებს ნეირონების აქტივობას.
fMRI სკანირების დროს მონაწილეები უსმენდნენ ამონარიდებს ლუის კეროლის ნაწარმოებიდან "ალისას მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში", რომელსაც მათ მშობლიურ ენაზე კითხულობდნენ. თეორიულად, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მონაწილეებს ტვინის ერთი და იგივე კავშირები უნდა გამოეყენებითან, რათა გაეანალიზებინათ მოსმენილი ამონარიდები.
მონაწილეებმა ასევე სხვა რამდენიმე ჩანაწერს მოუსმინეს, რომელთაც, თეორიულად, ენის ეს კავშირები არ უნდა გაეაქტიურებინათ. მაგალითად, ისინი უსმენდნენ მონაკვეთებს, რომლებიც ან მათთვის უცნობ ენაზე იყო, ან იმდენად იყო დამახინჯებული, რომ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ამას გარდა, მათ მათემატიკური ამოცანებიც უნდა გადაეჭრათ და მეხსიერება უნდა გაევარჯიშებინათ; მათთვის გაუგებარ ენაზე ჩაწერილი მოსასმენების მსგავსად, თეორიულად, არც ამ მათემატიკურ ამოცანებს უნდა გამოეწვიათ მათ ტვინში ენის კავშირების გააქტიურება.
"ტვინის ენის ზონები არის შერჩევითი", — ამბობს ჰარვარდის მეტყველებისა და სმენის ბიომეცნიერებისა და ტექნოლოგიის დოქტორანტი საიმა მალიკ-მორალენდა. "ეს ზონები არ უნდა გააქტიურდნენ სხვა დავალებების, მაგალითად, მეხსიერების ვარჯიშის, დროს და ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ 45 ენაზე მოსუბრე ადამიანებში."
ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანების ტვინში ენის გადამუშავებისას განსაკუთრებით აქტიურდებოდა მარცხენა ჰემისფერო, მეტწილად, შუბლისა და საფეთქლის წილი. კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზუსტად ეს მონაკვეთები აქტიურდება განურჩევლად იმისა, რომელ ენის მატარებელი უსმენდა საკუთარ მშობლიურ ენას.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა ენის მატარებლების ტვინის აქტიურობას შორის იყო მცირედი სხვაობა, თუმცა ეს სხვაობა თავად ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა შორისაც იყო.
"მართალია, ჩვენ მოველოდით ამ შედეგს, თუმცა ეს დემონსტრაცია აუცილებელი საფუძველია სამომავლო მეტად ღრმა კვლევებისა და კროს-ლინგვისტური შედარებებისთვის", — აღნიშნავს მეცნიერთა გუნდი.
ასევე იხილეთ: რას გვეუბნება ენა ადამიანის ბუნებაზე — შესავალი გენერაციულ გრამატიკაში
კომენტარები