"ანატომია: სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი" — როგორ დაგვეხმარა ლეონარდო და ვინჩი ადამიანის შესწავლაში
ლეონარდო და ვინჩის დღიური ადამიანის ანატომიაზე მეტწილად მივიწყებული იყო მეთვრამეტე საუკუნემდე, სანამ შოტლანდიელმა ანატომისტმა, უილიამ ჰანტერმა, სამეფო კოლექციაში მისი არსებობის შესახებ არ გაიგო.
შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმში მოწყობილმა ახალმა გამოფენამ — "ანატომია: სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი" — თავი მოუყარა დღიურში აღმოჩენილ ნახატებსა და შოტლანდიური განმანათლებლობის სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშს, რათა აჩვენოს ის სირთულე, დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ხშირად იყო ანატომიის ცოდნის გაღრმავების სურვილსა და ადრეული ანატომისტების მიერ გვამების მოპოვების საჭიროებას შორის.
ლეონარდოს გაუმართლა — მას საკმაოდ გავლენიანი მფარველები ჰყავდა და ამიტომ, ამ მხრივ, მას პრობლემები არ ჰქონდა. ამას გარდა, ის საკუთარი ანატომიის პროფესორის ასისტენტიც იყო და ხშირად უწევდა გვამებთან შეხება. იმ პერდიოში დანიელი და შოტლანდიელი ანატომისტები გვამებს პირდაპირ საფლავებიდან ან სახრჩობელიდან იპარავდნენ. თანამედროვე მედიცინა, სიკვდილის გადადების ხელოვნება, დგას ზუსტად საფლავებიდან გვამების მსგავს მოპარვებზე, თუმცა მისი ფესვები მაინც მეტად კონსესუალურ დამოკიდებულებაშია, რომელიც ლეონარდომ შემოიღო. ეს არის მიდგომა, რომელიც ახლა ისევ იკიდებს ფეხს: გამოფენა სრულდება ვიდეოთა სერიით, რომლებშიც ედინბურგის ანატომიის მოქმედი პროფესორი, სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი და რიგითი მოქალაქე ხსნიან სამედიცინო კვლევებისთვის ადამიანთა მიერ სიკვდილის შემდეგ საკუთარი სხეულის შეწირვის სასიცოცხლო მნიშვნელობას.
მსგავს ისტორიათაგან ზოგიერთი მართლაც საზარელია: გამოფენა აღადგენს ბერკისა და ჰერის ისტორიას — ორი ედინბურგელი ირლანდიელის, რომლებიც ანატომისტ რობერტ ნოქსისთვის გვამებს ადამიანთა მკვლელობებით მოიპოვებდნენ. ბურკს სასამართლომ სიკვდილით დასჯა და საჯაროდ მისთვის გვამის გაკვეთა მიუსაჯა. შემდეგ კი მისი ჩონჩხი ედინბურგის სამედიცინო უნივერსიტეტში გამოფინეს (დღეს ის ანატომიის მუზეუმში ინახება).
იმ პერდიოში გვამის გაკვეთაზე არაერთი ტილო შეიქმნა: იოჰან ზოფანის ნახატი, რომელზეც უილიამ ჰანტერი ლექციას კითხულობს; კორნელის ტრუსტის "დოქტორ ვილემ როელეს ანატომიის გაკვეთილი", რომელიც, სიმართლე რომ ვთქვათ, მეტად შეუბრალებელი და, ამავე დროს, ზუსტია ვიდრე რემბრანტის "დოქტორ ნიკოლას ტულფის ანატომიის გაკვეთილი", რომელიც 100 წლით ადრე შეიქმნა. კიდევ ერთი განსაცვიფრებელი გამოხატულებაა მეცხრამეტე საუკუნის პეტიცია, ხელმოწერილი სამედიცინო სასწავლებლის 248 სტუდენტის მიერ, რომლებიც ლეგალური გზით გვამების მოპოვებას მოითხოვდნენ.
ადამიანთა გვამები და ვინჩის ანატომიური ესკიზების მიღმა
1507-8 წლების ზამთარში ლეონარდო ფლორენციაში იმყოფებოდა, სადაც მან მომაკვდავი მამაკაცის (რომელიც, როგორც ამტკიცებდა, 100 წელს იყო გადაცილებული) სხეული გაკვეთა, ამბობენ, რომ მან იცოდა, რომ სიკვდილის შემდეგ მის სხეულს გაკვეთდნენ. ლეონარდომ დაადგინა სიკვდილის მიზეზი — კორონალური არტერიის შევიწროვება; მან ასევე პირველმა აღწერა კლინიკურად ღვიძლის ცეროზი. 1510 წლის ბოლოსთვის ის პავიაში, მილანის სამხრეთით, იმყოფებოდა და ქალაქის ანატომიის პროფესორთან ერთად დიდ ანატომიურ ტრაქტატზე მუშაობდა. პავიაში ზამთარში ძალიან ცივა, ეს კი გვამების, ადამიანის ნარჩენების შენახვისთვის იდეალური გარემოა. ამიტომაა, რომ ლეონარდოს ანატომიური ესკიზების უმეტესობა ზუსტად 1510-11 წლების ზამთარში შეიქმნა.
და ვინჩი მალევე, 1511 წელს, წყვეტს საკუთარ მოღვაწეობას პავიაში. ერთი ვერსიით, ამის მიზეზი იყო მისი კოლეგას, მარკ ანტონიო ტორეს, დაღუპვა შავი ჭირით, რამაც აიძულა ლეონარდო, ქალაქი დაეტოვებინა. სხვა მიზეზები კი მასზე პირად და პროფესიულ ზეწოლაზე მეტყველებს. 1511 წლის მიწურულს და ვინჩი მილანის აღმოსავლეთით გადადის, სადაც აგრძელებს უკვე არა ადამიანების, არამედ ძაღლების, ფრინველების, ხბოს ანატომიის შესწავლას. 1513 წელს, როდესაც ის რომში გადადის, რათა სანტო სპირიტოს ჰოსპიტალში ანატომიის ცოდნა გაიღრმავოს, მას პაპთან გერმანელი მესარკე აბეზღებს და ისიც იძულებლი ხდება, საქმიანობაზე დროებით ხელი აიღოს.
1516 წელს ლეონარდომ მოწვევა საფრანგეთიდან მიიღო და ფრანსუა პირველის მფარველობით გადავიდა და დაფუძნდა ქალაქ ამბუაზეში. მან თან თავისი ანატომიური დღიურიც წაიღო, თუმცა 1519 წელს მოკვდა და ტრაქტატის დასრულება ვერ მოასწრო.
ისტორიას, თუ როგორ მოაღწია ამ დღიურმა ედინბურგამდე, ბევრი უცნობი დეტალი აქვს: პირველად დღიური მის კოლეგას, ფრანჩეზკო მელზის, ჩაუვარდა ხელთ (მას ლეონარდოს პირველი ბიოგრაფი აღწერს როგორც "სიმპათიური ბიჭი, რომელიც ლეონარდოს უყვარდა"); მელზის სიკვდილის შემდეგ, 1570 წელს, დღიური მიჰყიდეს პომპეო ლეონის, მოქანდაკეს, რომელმაც ესპანეთის მეფის დაკვეთით, ის მადრიდში ჩაიტანა. არავინ იცის, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერები (დღიური) 1630-იანების ინგლისში, თომას ჰოვარდის კოლექციაში. 1690 წელს ის, სავარაუდოდ, აჩუქეს მეფე უილიამისა და დედოფალი მერის სამეფო კოლექციას, სადაც ის დღემდე ინახება.
"ჰო, მაგრამ როგორ მუშაობს ეს?"
ლეონარდოს ნახატებს სხვადასხვა პერსპექტივიდან ანატომიური სტრუქტურების ვიზუალიზაცია არქიტექტურის წესებიდან აქვთ ნასესხები. მისი დიდებული ტრაქტატის მცირე გამოძახილად შეიძლება, მივიჩნიოთ ფლამანდრიელი ანატომისტის ვეზალიუსის წიგნი "ადამიანის სხეულის ტკანზე" (1543), რომელიც პირველი მრავლისმომცველი ანატომიური ნაშრომი იყო და რომელმაც კლასიკური მეცნიერება სრულად შეცვალა. ვეზალიუსი იყო უმაღლესი პროზექტორი, მაგრამ ლეონარდოსგან განსხვავებით მას ჩანახატების გაკეთება არ უყვარდა და მეტად კონცენტრირდებოდა ფორმაზე, ვიდრე ფუნქციაზე. და ვინჩის მიდგომა კი სრულად განსხვავებული იყო: ის არასდროს კმაყოფილდებოდა სიკვდილის გარეგანი რეპრეზენტაციით და მას ყოველთვის სიცოცხლის დინამიზმით აბალანსებდა — გაურკვეველი ხელწერით გაკეთებული ჩანაწერები, რომელსაც ის ხშირად სარკისებური წერისას აკეთებდა (ანუ ჩვეულებრივი წერის მიმართულების საწინააღმდეგოდ წერდა), სულ ერთსა და იმავე კითხვას სვამენ: "ხო, მაგრამ როგორ მუშაობს ეს?" მანაც იცოდა, რომ სიცოცხლის მექანიზმები მისი ხედვის, გონებრივი წვდომის მიღმა იყო: "ბუნება სავსეა მიზეზებით, რომლებიც არ მოგვეცემა გამოცდილებაში", — წერდა ის. ეს დაკვირვება დღესაც კი უტყუარია, როდესაც შეიძლება სიცოცხლის მექანიზმების თვით მოლეკულების დონეზე ვიზუალიზაცია.
ეს გამოფენა გვაჩვენებს, რომ ლეონარდო საგონებელში ჩააგდო იმ შეუსაბამობამ, რასაც ის რეალობაში ხედავდა და რისი დანახვის მოლოდინსაც მას ადრეული ანატომისტები უქმნიდნენ. თანმხლები ჩანაწერების მიხედვით, შეგვიძლია, გავიგოთ, რომ მისთვის გული უბრალოდ სისხლის მტუბავი კუნთი კი არ იყო, არამედ ორგანო, რომელსაც სისხლი "კეთილშობილი" სულებით უნდა გაემდიდრებინა. მეზენტერიუმი მუცლის აპკის ნაოჭია, რომელზედაც ჩამოკიდებულია, მიმაგრებულია შინაგანი ორგანოები. ანატომიის წიგნებსაც კი უჭირთ ამის ახსნა, მაგრამ ლეონარდოს ეს შესანიშნავად გამოუვიდა. ტრაქეას მისეული ჩანახატები აჩვენებს, თუ როგორ იცვლება მისი ფორმა სუნთქვის პროცესში, ტერფის ესკიზები კი მასზე წონის, ზეწოლის განაწილების პერსპექტივებს ილუსტრირებს.
უმეტესობა ჩვენგანი აღქმების გვირაბებში ვმოძრაობთ და ვხედავთ იმას, რის დანახვასაც მოველით. ლეონარდო კი ზარმაცი მოლოდინების წინააღმდეგ წავიდა და შექმნა დღიური, რომელშიც ბუნების იქამდე არნახული გაგებაა გადმოცემული და ეს ყველაფერი პირველწყაროებზე დაყრდნობით გააკეთა. დასანანია, რომ მისი ჩანახატები 1700-იან წლებამდე არ გამოქვეყნებულა, მაგრამ გამოფენა აჩევენებს, თუ როგორ რაციონალურად გამოიყენეს განმანათლებლობის ანატომისტებმა დღიური და დაკარგული დრო აანაზღაურეს.
მართლაც შთამბეჭდავია იმოგზაურო კაცთა მოდგმის მიერ ადამიანის სხეულის გაგების 500-წლიან ისტორიაში, რომელიც რენესანსის ფლორენციაში იწყება და ედინბურგში თანამედროვე ანატომიური მეცნიერებით სრულდება. ფლორენციელი ტიტანი ისე აღესრულა, რომ ვერც მოასწრო საკუთარი ტრაქტატის გადააზრება, მაგრამ მისი სკეტჩები დღემდე ცოცხალია და მასში გაკეთებული თითოეული შენიშვნა არის აზრისა და ყურადღების ხაზი, სილამაზის რიტორიკული შეკითხვა. ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება და მოღვაწეობა გამდიდრებული იყო ხედვის სიფართოვით, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობით, ალტერნატიული ხედვების მიღებითა და გატაცებით, რომ სიკვდილის ნანგრევებში სიცოცხლის ელეგანტურობა აჩვენოს — იმავეს თქმა ამავე გამოფენაზეც შეიძლება...
კომენტარები