რამ გამოიწვია მაიას ცივილიზაციის კულტურული ცენტრის დაცემა? — გაფრთხილება წარსულიდან
მეცნიერთა გუნდმა 800-წლიანი ისტორიის გაანალიზების გზით დაადგინა, რომ მაიას ცივილიზაციის კულტურული და პოლიტიკური ცენტრის, მაიაპანის დაცემის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, გვალვა გახდა. მან სამოქალაქო კონფლიქტს დაუდო საფუძველი, ეს კი საბოლოო კოლაფსით დასრულდა, რის შემდეგაც იქ მცხოვრებმა ადამიანებმა უსაფრთხო დასახლებებში გადაინაცვლეს.
იმის გარდა, რომ ახალი კვლევა ამ გამორჩეული ცივილიზაციის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, ამავე დროს, ესაა გაფრთხილება წარსულიდან, რადგან კლიმატის ცვლილების გამო შესაძლოა, ჩვენც იგივე გვემუქრებოდეს.
"ჩვენ ვამბობთ, რომ ხანგრძლივმა გვალვამ გარკვეულ ჯგუფებში დაძაბულობა გააღრმავა, თუმცა მათი ადაპტაცია რეგიონული მასშტაბის გამძლეობას ავლენს, რომელმაც მაიას პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები XVI საუკუნეში ევროპელებთან კონტაქტამდე შემოინახა", — წერენ ავტორები.
სპეციალისტებმა ამ ყველაფრის დასადგენად პოპულაციის რაოდენობის ცვლილება, კლიმატური პირობები, კვების რაციონის მონაცემები და ნეშტებზე არსებული დაზიანებები შეისწავლეს, რომლებიც დაპირისპირებაზე მიუთითებდა. შედეგად, გაირკვა, რომ გახშირებული წვიმის პერიოდებსა და პოპულაციის რიცხვის ზრდას შორის გარკვეული კავშირი იყო, გვალვას კი კონფლიქტები ემთხვეოდა. მეცნიერთა აზრით, სწორედ ამან გამოიწვია 1400-1450 წლებში მაიაპანის დაცარიელება.
კერძოდ, წყლის ნაკლებობა მეურნეობასა და სავაჭრო ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებდა, რაც ქალაქის მოსახლეობაზე პირდაპირ აისახებოდა, საკვების დეფიციტი და სიტუაციის დაძაბვა ხალხს გაქცევისკენ უბიძგებდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი ელოდათ. საზოგადოებრივი განხეთქილებების კვალი გვიანდელ სასაფლაოზეც შეიმჩნევა, სადაც, სავარაუდოდ, ადგილობრივი "ხელისუფლების" წარმომადგენლების ჩონჩხები ჭარბობს, რაც სისხლიან დაპირისპირებაზე მიანიშნებს.
"არქეოლოგიური და ისტორიული ჩანაწერებით შესაძლებელია, ხანგრძლივი ციკლების განმავლობაში კლიმატის კრიზისის სოციო-ეთიკური გავლენა შევისწავლოთ", — აცხადებენ მეცნიერები
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები