პარლამენტის სპიკერის მოადგილის, რუბენ რუბინიანის განმარტებით, ამის ნაცვლად, მათ სურთ ოპოზიციონერი დეპუტატები დაარწმუნონ, რომ პარლამენტში დაბრუნდნენ.

"ისინი ეროვნულ ასამბლეაში სირცხვილისგან თავჩაქინდრულები უნდა მოვიდნენ", — თქვა რუბინიანმა.

საპარლამენტო სესიამ, სადაც ოპოზიციის დასწრების საკითხი უნდა განეხილათ, შემდეგი კვირისთვის გადაიწია, რადგან მას ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაესწრნენ.

სომხეთის ალიანსისა და მე მაქვს პატივის ბლოკების დეპუტატები, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტს ბოიკოტს მაისის შემდეგ უცხადებენ. ისინი არც ხუთშაბათს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მისულან.

კითხვაზე, რას გააკეთებს მთავრობა, თუ ოპოზიცია პარლამენტში არდასწრებას გააგრძელებს, რუბინიანმა აღნიშნა, რომ ისინი დეპუტატებისთვის თანამდებობების ჩამორთმევის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას ხელახლა განიხილავენ.

მმართველი პარტია მანდატების შეწყვეტას 36-დან 33 დეპუტატისთვის აპირებდა. გამონაკლისები იყვნენ მე მაქვს პატივის ბლოკის წევრი, ტაღუში ტოვმასიანი, რომელიც დასწრებას აგრძელებდა, ასევე, 2021 წლის დეკემბერში ბლოკიდან წასული და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი, იშხან ზაკარიანი და მარტუნ გრიგორიანი, რომელმაც ივლისის დასაწყისში დეპუტატი, არტურ ვანეციანი ჩაანაცვლა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა დეპუტატებისთვის ადგილების ჩამორთმევაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კანონპროექტის გაგზავნა "ძალიან სასიამოვნო გამოცდილებად" შეაფასა.

ოპოზიციის შეჩერებული საპროტესტო აქციები

პირველ ივლისს მმართველმა პარტიამ სომხეთის ალიანსის წარმომადგენელი, იშხან საღათელიანი პარლამენტის სპიკერის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნა — ახლა სპიკერის მოადგილის დარჩენილ ორ პოსტს მმართველი პარტიის დეპუტატები იკავებენ.

სომხეთის რევოლუციური ფედერაციის უფროსი წევრი, საღათელიანი 2021 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა — მანამდე მმართველმა პარტიამ მისი დანიშვნას ათჯერ მაინც შეუშალა ხელი.

საღათელიანი ბოლო თვეებში მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზატორია. ოპოზიცია ფაშინიანის მთავრობას მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლაში ადანაშაულებს, ასევე, აქტიურად ეწინააღმდეგება თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას.

თითქმის 2-თვიანი საპროტესტო აქციების, მათ შორის საფრანგეთის მოედნის ოკუპაციის შემდეგ, მოძრაობამ ივნისის შუა რიცხვებში ქუჩის პროტესტი შეწყვიტა, რადგან საზოგადოების კრიტიკული მასის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ეს მოხდა არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ არ შეწყვეტდნენ ქუჩის პროტესტს მანამ, სანამ ფაშინიანი ხელისუფლებაში რჩებოდა. მართალია, ოპოზიციის დეპუტატები ბოიკოტს აგრძელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი მანდატი, შესაძლოა, "ნებისმიერ დროს" გამოიყენონ.

თუმცა სომხეთის ალიანსის რამდენიმე დეპუტატმა, ასევე, პარტია სამშობლოს ლიდერმა და მე მაქვს პატივის ალიანსის წევრმა, არტურ ვანეციანმა პროტესტის დასრულებიდან მალევე თანამდებობები დატოვეს.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.