რა როლი აქვთ აქსელერატორებს ქართული სტარტაპების განვითარებაში — რამდენიმე მაგალითი
დღევანდელ მსოფლიოში სტარტაპების განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აქსელერაციის პროგრამებს უჭირავს. ამის ნათელი მაგალითია ისეთი გლობალური მასშტაბის კომპანიები, როგორებიცაა Dropbox, Airbnb თუ Stripe. მათი წარმატება სწორედ რომ აქსელერააციის პროგრამის დამსახურებაა.
სტარტაპებსა და აქსელერატორებს შორის ეს მიმართება საქართველოშიც აქტუალურია. უკვე ბევრ ქვეყანაში ცნობილი ქართული სტარტაპების — Payze-სა და Theneo-ს წინსვლისთვის გადამწყვეტი სწორედ ასეთ პროგრამებში მონაწილეობა იყო.
Theneo-ს თანადამფუძნებელი, ანა რობაქიძე გვიყვება, რომ აქსელერატორის წევრობა გაძლევს ისეთი მასშტაბისა და ღირებულების ცოდნას, რომელსაც ვერცერთ კურსსა თუ საიტზე ვერ იპოვი.
"მხოლოდ ერთი სტარტაპ აქსელერატორი გვაქვს გამოვლილი, ჩვენს შემთხვევაში ეს იყო Y Combinator, ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი, რომლის პორტფოლიოშიც ისეთი უნიკორნი კომპანიებია, როგორებიცაა Stripe, Reddit, Airbnb, Dropbox და სხვები. ვფიქრობ, YC-ის ნაწილად ყოფნა ნებისმიერი სტარტაპისთვის გარდამტეხი მომენტია. სხვა ყველა YC სტარტაპის მსგავსად, ჩვენს შემთხვევაშიც პოტენციური ინვესტორებისა და მომხმარებლების თვალში ძლიერი ვალიდაციის გარდა ამ აქსელერატორმა მოგვცა ძალიან ფართო ნეთვორქინგ სისტემა. სამთვიანი ინტენსიური პროგრამის განმავლობაში ჩაგვიტარდა პროდუქტიული და საინტერესო შეხვედრები ამ დარგის ლიდერებთან და გიგანტური კომპანიების დამაარსებლებთან, ამ ტიპის დისკუსიებს და მათთან უშუალო ინტერაქციით მიღებულ ცოდნას ინტერნეტში მოძიებითა და სხვადასხვა კურსის გავლით ვერ მიიღებ, ამიტომ ეს გამოცდილება ჩვენთვის შეუფასებელია. მენტორებთან შეხვედრებმა კი მოგვამზადა სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სცენარისთვის. დავამატებ იმასაც, რომ Theneo-ში გაკეთებული ინვესტიციების მიხედვითაც ეს აქსელერატორი ლიდერობს ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიციით“, — ამბობს ანა რობაქიძე.
აღსანიშნავია, რომ Theneo ჯერ ერთი წლისაც არაა და უკვე მოასწრო საინტერესო და რაც მთავარია, ნაყოფიერი გზის გავლა. ამ გზაში იგულისხმება საქართველოს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო კონკურსა და TBC-ს აპლიკაციების კონკურსში გამარჯვებაც. თუმცა, მაინც გარდამტეხი, ანას თქმით, ყველაზე დიდ და პრესტიჟულ სტარტაპ აქსელერატორში, Y Combinator-ში მოხვედრა იყო.
"შეუძლებელია არ დავინახოთ YC-ს როლი Theneo-ს წარმატებაში. ამ პროგრამით მიღებული ცოდნა, გამოცდილება, ნეთვორქინგ სისტემა და მხარდაჭერა ნამდვილად შეუდარებელია", — ამბობს ანა რობაქიძე და დასძენს, რომ "Theneo-ს უმთავრესი მიზანია, ყველა კომპანიას შეეძლოს Stripe-ის დონის ხარისხიანი API დოკუმენტაციის შექმნა, რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს სწრაფად და მარტივად, ისე, რომ გუნდის არატექნიკურ წევრებსა და დეველოპერებს თანაბრად შეეძლოთ დოკუმენტაციის გენერირება და მასში ცვლილებების შეტანა. მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი პლატფორმა მილიონობით დეველოპერის საყვარელ და ყოველდღიურ ხელსაწყოდ იქცეს".
უნდა აღინიშნოს, რომ Theneo-ს პროდუქტი უკვე საერთაშორისო ბაზარზეა გატანილი და ანას თქმით, მომხმარებლების უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, განსაკუთრებით კი ფინტექ ინდუსტრიიდან.
გაიგეთ მეტი სტარტაპზე: გაიცანით ქართული სტარტაპი, რომლის პროდუქტსაც უკვე 2000-მდე კომპანია იყენებს — Theneo
ქართული დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემის Kvalifika-ს დამფუძნებელი, გაბრიელ მელივა კი ორ სტარტაპ აქსელერატორთან დაკავშირებულ გამოცდილებას გვიზიარებს; ესენია: 500 Startups (საქართველოში) და Berkeley skydeck (აშშ-ში).
"Berkeley skydeck-ის როლი, ახალი კონტაქტების მხრივ, ჩვენ შემთხვევაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მოგვცა წვდომა სხვადასხვა პლატფორმის უფასო ან შეღავათიანი პირობებით გამოყენებაზე. ხოლო 500 Georgia-ს საკმაოდ კარგი ეფექტი ქონდა კონკრეტულად პროდუქტის განვითარების მხრივ, ასევე დაგვეხმარა ზრდის სტრატეგიების შემუშავებაში", — ამბობს გაბრიელ მელივა.
"დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი პროდუქტი საერთაშორისო დონეზე ყოფილიყო აქტუალური. როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, მივხვდით, რომ აუცილებელი იყო საერთაშორისო აქსელერატორში მოხვედრა. შევავასეთ Berkeley-ის აქსელერაციის განაცხადი. ორი თვის შემდეგ მოგვივიდა დადებით პასუხი. ეს პროექტი არის ექვსთვიანი, რომელიც თავის თავში მოიცავს სხდასხვა პროცესებს. ბერკლის აქსელერაცია არის პროგრამა, რომელიც გვეხმარება ზრდაში და გლობალური პროდუქტის შექმნაში. ასევე, გვაძლევენ საკმაოდ კარგ რესურსებზე უფასო წვდომას. ამას გარდა, გვეხმარებიან ინვესტორებთან კომუნიკაციაში. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", — გვიყვებოდა გაბრიელი ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში.
Kvalifika ამ ეტაპზე საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან, იმატებს ახალ პარტნიორებს და აშშ-ის ბაზარზე თავის დამკვიდრებასა და ზრდაზე მუშაობს.
გაიგეთ მეტი სტარტაპზე: ქართული დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა — Kvalifika-ს ამბავი და პერსპექტივები
500 Startups Georgia-ს კიდევ ერთი მონაწილისთვის და გამარჯვებულისთვის Cardeal კი ყველაფერი სხვაგვარადაა. სტარტაპს, ჯერჯერობით, მოკლევადიან პერსპექტივაში, საერთაშორისო მიზნები ნაკლებად აქვს და რეგიონულ ჭრილში წამყვან ავტოპლატფორმად ქცევამდე, ცდილობს ქართულ ბაზარზე მყარად მოიკიდოს ფეხი. აქსელერაციის პროგრამის გავლის შემდეგ, მათ ამისთვის კარგი მაჩვენებლები აქვთ. როგორც Cardeal-ის თანადამფუძნებელი, ზურა ბაკურიძე გვიყვება, 500 Startups-მა მათი გაყიდვები, დაახლოებით, 300-400%-ით გაზარდა.
"ჩვენი კომპანიის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა 500 Startups-ს და ამას ძალიან მარტივად, რიცხვებიც ადასტურებს — სად ვიყავით 500 Startups-მდე და რა მიღწევები გვაქვს მისი გავლის შემდეგ. ანუ გადამწყვეტი როლი იმაში, სადაც დღეს Cardeal დგას ითამაშა 500 Startups-მა. ცვლილებები თითქმის ყველა მიმართულებას შეეხო, არ იყო ისე, რომ მხოლოდ ერთ რამეში დაგვეხმარნენ. შეეხო მარკეტინგს, გაყიდვებსაც, პროდუქტი შეიცვალა. მთავარი ცვლილებები პროდუქტის დეველოპმენტის კუთხით იყო, მთლიანად შევცვალეთ პროდუქტი. დღეს უკვე მესამე აფდეითი გვქონდა გაშვების დღიდან პლატფორმის. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ კონვერტირდა გაყიდვებში და 500 Startups-ის დასრულების დღიდან დღემდე, დაახლოებით, 300-400%-იანი ზრდა გვაქვს გაყიდვების მიმართულებით, რაც ჩვენთვის მთავარი მეტრიკაა“, — ამბობს ზურა ბაკურიძე Cardeal-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც ზურა ბაკურიძე გვიყვება, დღეისათთვის Cardeal-ის მთავარი მიღწევა გაყიდვების სწრაფი ზრდაა. "დღევანდელი მოცემულობით უკვე ვართ ქეშ პოზიტიურები და ყოველთვიური GMV (Gross Merchandise Value) გვაქვს 1 500 000 ლარი. გარდა ამისა, საიტზე ინტეგრირებული გვყავს ნახევარი მილიონი ავტომობილი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ხოლო პლატფორმას ყოველთვიურად სტუმრობს 150 000-ზე მეტი მომხმარებელი".
500 Georgia-ში გამარჯვების შემდეგ Cardeal, სხვა გამარჯვებულ სამ სატარტაპთან ერთად, კალიფორნიაში, სილიკონ ველიზე გაემგზავრა. აქ გუნდს ინვესტორებთან შეხვედრისა და მათთვის პროდუქტის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა, სტარტაპი მიმდინარე მომენტისთვის ინვესტიციების მოზიდვის ფაზაზე არ იყო, ამიტომ აშშ-დან საქართველოში კონტაქტებით დაბრუნდა. ზურას თქმით, ამ კონტაქტებს განვითარების შემდეგ ეტაპზე, ინვესტიციების რაუნდის გახსნისას დაუკავშირდებიან.
ამ ეტაპზე პლატფორმაზე განთავსებულია ავტომობილების დიდი რაოდენობა, რაც ნახევარ მილიონ ავტომობილს მოიცავს, გარდა ამისა ინტეგრირებულია თანმხლები სერვისები, როგორიცაა მაგალითად, დაფინანსება, ლიზინგი, ადგილზე ინსპექტირება და ტრანსპორტირება. "ჩვენ ერთი ფანჯრის პრინციპით ვახდენთ ამ სერვისების მიწოდებას მომხმარებლისთვის და საბოლოო ჯამში, ვუმარტივებთ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის პროცესს. ესაა ჩვენი ძირითადი პროდუქტი", — ამბობს ზურა.
გაიგე მეტი სტარტაპზე: Cardeal-ის გზა წარმატებისკენ — ინტერვიუ ზურა ბაკურიძესთან
საქართველოში გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნაში აქსელერატორებს დიდი წვლილი მიუძღვით. როგორც ზურა ბაკურიძე ამბობს: "როდესაც ერთვები აქსელერაციის პროგრამაში, ისინი იწყებენ შენთან მუშაობას და მალევე ხედავენ, ზუსტად რა მიმართულებებში გჭირდება დახმარება. ყველა პროფესიის მენტორები არიან და გეხმარებიან იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ყველაზე მეტად გჭირდება დახმარება".
შესაბამისად, რთულია რომელიმე დამწყებ კომპანიას, უფრო დიდი ამბიციების შესაბამისი პროდუქტებისა თუ სერვისების განსავითარებლად, გაყიდვების ზრდის, გაფართოებისა თუ ახალი, ეფექტიანი მიდგომების დასანერგად აქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობა არ ურჩიო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ყველა აქსელერატორს სტარტაპებთან განსხვავებული მოთხოვნები და პორობები აქვს. შესაბამისად, სანამ რომელიმე აქსელერატორის წევრობას გადაწყვეტდნენ, გონივრულია კომპანიებმა ეს მოთხოვნები ზედმიწევნით შეისწავლონ.
"დამწყებ კომპანიებს ნამდვილად ვურჩევდი აქსელერაციის პროგრამის გავლას, გამოვარჩევდი Y Combinator-სა და Andreessen Horowitz-ის აქსელერატორებს. სტარტაპების დამაარსებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აქსელერატორი მხოლოდ ცოდნისა მიღებისა და სტარტაპის პოპულარიზაციის საშუალება არაა, აქსელერაციის პროგრამას თავისი პირობები და მოთხოვნები აქვს სტარტაპისგან, შესაბამისად, აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე დამაარსებლები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზეც, თუ რამდენად მიზანშეწონილი, გონივრული და სასურველია მათთვის აღნიშნული აქსელერატორის მოთხოვნები", — ანა რობაქიძე.
ზურა ბაკურიძე კი აღნიშნავს: "ზოგადად, აქსელერაცია გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, ყველას ვურჩევ აბსოლუტურად, რაც არ უნდა ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი იციან, მაინც მიხვდებიან, რომ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია აქსელერაციას, ნებისმიერი სახის სტარტაპისთვის".
საქართველოში კიდევ ბევრი სტარტაპი მოიძებნება, რომლის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვთ აქსელერატორებს. პროდუქტის დახვეწა, სტრატეგია, მარკეტინგი და ა.შ. ის მიმართულებებია, რომლებში დახმარებაც აქსელერაციის პროგრამებს შეუძლიათ.
მასალა მომზადებულია Founder Institute Georgia-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. Founder Institute-ის აქსელერაციის პროგრამები მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სტარტაპებს 2009 წლიდან ეხმარება ინვესტიციების მოძიებასა თუ გლობალური ამბიციების ხორცშესხმაში. 2022 წლის გაზაფხულიდან კი ის საქართველოში, ქართული სტარტაპებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.
კომენტარები