Cardeal-ის გზა წარმატებისკენ — ინტერვიუ ზურა ბაკურიძესთან
მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერით, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის სააქსელერაციო პროგრამა მოაწყო. პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეულ 5 ფინალისტს შორის მოხვდა სტარტაპი Cardeal, რომლის აღმასრულებელ დირექტორს და თანადამფუძნებელს, ზურა ბაკურიძეს ამ სტატიიდან უკეთ გავიცნობთ.
Cardeal თვეში მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლის დაახლოებით 500 ათას ავტომობილს აერთიანებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ყველა საჭირო სერვისი — იქნება ეს ავტომობილის შერჩევა, შემოწმება, დაფინანსება/ლიზინგი თუ ტრანსპორტირება.
სტარტაპმა უკვე გაიარა აქსელერაციის პროგრამა 500 Startups-ში და დაიკავა საკუთარი ადგილი ტოპ აქსელერატორის ხუთ ფინალისტს შორის.
ზურა ბაკურიძე კომპანიის თანადამფუძნებელი და მისი აღმასრულებელი დირექტორია. იგი ამჟამად საოპერაციო საკითხებითა და კომპანიის სტრატეგიული განვითარებითაა დაკავებული.
ზურა კომპანიის წარმატებული მართვის ორ მნიშვნელოვან ფაქტორს უსვამს ხაზს, — "თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის რთული საკითხების გამარტივება; ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში სიმშვიდის და, ამის საშუალებით, გუნდის განწყობის შენარჩუნება — ვფიქრობ, ეს ორი ძირითადი თვისება მეხმარება გუნდის წარმატებულ მართვასა და მოტივაციის ამაღლებაში".
ზურას საავტომობილო ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა იგი ამ ბაზრის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპანიასთან, Shelf.Network-თანაც თანამშრომლობდა. ზუსტად ამ გამოცდილებამ ითამაშა დიდი როლი Cardeal-ის სამომავლო წარმატებაში.
იდეის ბიზნესად ქცევის გზაზე სირთულეები გარდაუვალია და არც Cardeal იყო გამონაკლისი. ზურა გამოწვევებზე საუბრისას იხსენებს, — "კომპანიის შექმნამდე მქონდა შიში, რომ მომხმარებელს, რომელიც შეჩვეული იყო ავტომობილის შეძენას ადგილობრივ ბაზარზე, გაუჭირდებოდა ონლაინ აუქციონების პლატფორმის სპეციფიკის გაგება". თუმცა, როგორც გაირკვა, მისი შიშები ამაო აღმოჩნდა, რადგან მომხმარებლებმა ახალი პლატფორმის გამოყენება აქტიურად დაიწყეს. მომხმარებლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. მომხმარებლები მალე მიხვდნენ, რომ აღნიშნული პლატფორმით ავტომობილის შეძენისას მათ საშუალოდ თანხის 30%-ის დაზოგვა შეეძლოთ.
როგორც ზურა ამბობს, სტარტაპში მნიშვნელოვანია სწრაფი კოორდინაცია და გადაწყვეტილებების მალევე აღსრულება. ის იხსენებს, — "ცოცხალი აუქციონის (მომხმარებლისთვის საკუთარი ბიჯების ავტომატური განთავსების ფუნქცია) იდეის გაჩენიდან, მის დანერგვამდე საკმაო დრო გავიდა. ცოცხალი აუქციონი სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გავუშვით მომხმარებლებისთვის, რაც საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ მისი ადრეული დანერგვა დღეს კიდევ უფრო წაწევდა კომპანიას წინ".
რჩევა დამწყებ სტარტაპებს
ზურას, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომავალი თუ დამწყები სტარტაპერებისთვის რჩევაც აქვს: "არ შეგეშინდეთ და აჩვენეთ პროდუქტი მომხმარებლებს ადრეულ ეტაპზე, რადგან მთავარი სწორედ მომხმარებლის ქცევის, მოლოდინებისა და გამოყენების გათვალისწინებაა. არ არის აუცილებელი [პროდუქტის] პერფექციონიზმამდე აყვანა, რადგან დასახულ იდეასა და რეალობას შორის სწრაფი ცვლილებები არის წარმატების საწინდარი".
500 Startups-ში მონაწილეობის გამოცდილება
ზურას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წარმატების ერთგვარი კომპასის ფუნქციას საბოლოოდ მომხმარებელი ასრულებს, 500 Startups-ის გამოცდილი მენტორების დახმარებით, სტარტაპმა შეძლო საკუთარი პლატფორმის კიდევ უფრო გამარტივება. აქსელერატორში მიღებული გამოცდილების შედეგად Cardeal-ში დაინერგა უამრავი ახალი პრაქტიკა, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარზე არსებული კომპანიები იყენებენ, — "ყველა სტარტაპს, რომელსაც შეუფასებელი ცოდნის მიღება სურს, მოვუწოდებ სცადონ ბედი — იქნებ მათაც მიიღონ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა".
500 Startups აქსელერატორის მეორე ნაკადის აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ეს პროცესი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
კომენტარები