ბლოკჩეინს ბიტკოინთან ერთად ჩვენი გენეტიკური მასალის დაცვა და შენახვაც შეუძლია
ალბათ, ბლოკჩეინზე, კრიპტოვალუტისა და NFT-ის კონტექსტში, ბევრი გსმენიათ. თუმცა ამ ციფრულ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია დეცენტრალიზებული მონაცემების, მასალის უსაფრთხოდ ტრანზაქცია, გაცილებით ფართო გამოყენება აქვს. იელის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გამოიყენონ ეს ტექნოლოგია, რათა ინდივიდებს საკუთარი გენომის კონტროლის საშუალება მიეცეთ.
"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებს საკუთარი გენომის მონაცემების კონტროლი დავუბრუნოთ", — ამბობს მთავარი ავტორი მარკ გერშტეინი, ბიომედიცინის ინფორმატიკის, მეოლეკულური ბიოფიზიკის, ბიოქიმიის, კომპიუტერული მეცნიერების, სტატისტიკისა და მონაცემთა მეცნიერების პროფესორი.
ადამიანთა ნაწილს წინაპართა შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება სურდა, სხვებს კი პოტენციური დაავადებების რისკების მართვა. ამ თუ სხვა მიზნებით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა საკუთარი გენეტიკური მასალა კერძო კომერციულ კომპანიებს გადასცა. შესაძლოა, მათ არც კი იციან, მაგრამ საკუთარი გენომის გადაცემით მათ ამ კომპანიებს ასევე ამ გენეტიკურ მასალაზე კონტორლიც გადასცეს. როგორ და რა მიზნით გამოიყენებენ ამ გენომს, ეს უკვე კომპანიის გადასაწყვეტია.
ახალი ტექნოლოგია SAMchain უზრუნველყოფს, რომ ინდივიდის გენომი უსაფრთხოდ იყოს შენახული და მასზე კონტროლი მხოლოდ გენომის მფლობელს ჰქონდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბლოქჩეინზე ინფორმაციის შენახვის შემდეგ მისი შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ გამორიცხულია რაიმე ტიპის მაქინაციები დნმ-ის მონაცემების შეცვლის ან დამახინჯების მხრივ.
"გენომური მონაცემები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანის ჯანმრთელობის გასაგებად და დაავადებების სამკურნალოდ, ამიტომ პრიორიტეტული უნდა იყოს გენეტიკური მასალის უსაფრთხოდ შენახვაც", — ამბობს გერშტეინი. "კორუფციამ, ცვლილებამ ან გენეტიკური მასალის დაკარგვამ შეიძლება, სერიოზული პრობლემები შექმნას პაციენტის სამომავლო მკურნალობასა და კვლევებში".
SAMchain ტექნოლოგიას შეუძლია, დააჩქაროს ასევე პერსონალური მედიცინა, ამბობენ კვლევის ავტორები. მაგალითად, პაციენტს ექნება საშუალება საკუთარ გენეტიკურ მონაცემებზე მისცეს წვდომა მხოლოდ მის მკურნალ ექიმს. გარდა ამისა, ბლოკჩეინზე გენების შემნახველ ადამიანებს ასევე შეუძლიათ თავად მიჰყიდონ საკუთარი გენეტიკური მასალა ფარმაკოლოგიურ კომპანიებს თუ მეცნიერებს, რათა მათ კვლევები ატარონ.
მკვლევრები ამბობენ, რომ სამედიცინო მიზნებით ბლოკჩეინის გამოყენება შეაფერხმა ერთმა ფაქტორმა — ჩვენს დნმ-ში არსებულმა კოლოსალურად დიდმა ინფორმაციამ. ფინანსური ტრანზაქციისგან განსხვავებით, რომელსაც მონაცემთა განსაზღვრული, შეზღუდული რაოდენობა სჭირდება, მონაცემი, რომელსაც ადამიანის ერთი ქრომოსომის სექვენირებიდან მიიღება შეიძლება, შეიცავდეს დნმ-ის მილიონობით მოკლე ფრაგმენტს.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად იელის გუნდმა აიღო მოხალისის გენომი და შეადარა დნმ-ის სტანდარტულ ყალიბს (ეს არის დნმ-ის უკვე გაციფრული ვარიანტი). არსებული განსხვავებებით შეივსო ბლოკჩეინის სხვა შემაერთებელი ბლოკები და ამგვარად მოხდა გენომის სრული გაციფრულება.
გენომის სტანდარტული ყალიბი არის მრავალი ადამიანის გენეტიკური მასალის ანალიზის შედეგად შექმნილი ადამიანის სახეობის "უნივერსალური" გენომის პროტოტიპი. ის არც ერთი ადამიანის გენომს არ წარმოადგენს. მისთვის ნამდვილი ადამიანის გენომის შედარებით აღმოჩენილი განსხვავებებით იმ სარისკო მუტაციების აღმოჩენა შეიძლება, რომლებმაც შეიძლება, დაავადება გამოიწვიონ.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია იქნება ღია და ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერისთვის.
კომენტარები