არის თუ არა საზიანო ნივთიერებები ბუნებრივ აირში, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ?
როგორც ნახშირისა და ნავთობის უფრო სუფთა ალტერნატივას, ბუნებრივ აირს ყოველდღიურობაში ძალიან აქტიურად ვიყენებთ. მისი მთავარი კომპონენტის, მეთანის, წვა სხვა თხევად და მყარ ნახშირწყალბადებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ნახშირორჟანგს წარმოქმნის, თუმცა იგი გარემოს მაინც მნიშვნელოვნად აბინძურებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა, ბუნებრივი აირი არა სუფთა სახით, არამედ არაერთ უსიამოვნო მინარევთან ერთად მოგვეწოდებოდეს. სწორედ ამიტომ, მასაჩუსეტსის მკვლევრებმა მისი შედგენილობის შესწავლა გადაწყვიტეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Environmental Science & Technology გამოქვეყნდა.
2019-2021 წლებში მეცნიერებმა დიდი ბოსტონის ტერიტორიაზე 69 გაზქურიდან ბუნებრივი აირის 234 ნიმუში ააგროვეს. დეტალური ანალიზით დადგინდა, რომ სინჯები ტერიტორიის მიხედვით და დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა.
მიუხედავად ამისა, მათ შორის მეტად გავრცელებული ასობით უნიკალური ნაერთი იყო, აქედან 21 მათგანი კი — დაახლოებით 7% — საკმარისად დიდი რაოდენობის შემთხვევაში ფედერალური სტანდარტებით სახიფათოდაა მიჩნეული.
"კვლევა აჩვენებს, რომ გაზზე მომუშავე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები, თუნდაც გაზქურა და ღუმელი, შესაძლოა, სახლში საშიში ქიმიკატების წყარო იყოს მაშინაც კი, როცა მათ არ ვიყენებთ", — აცხადებს კვლევის თანაავტორი ჯონათან ბუონოკორი.
ამასთან ერთად, მკვლევრებმა ოდორანტების რაოდენობაც გაზომეს. ისინი არომატული ნივთიერებებია, რომლებიც ჩვეულებრივ უსუნო აირისათვის სუნის მისანიჭებლად გამოიყენება, რათა გარემოში მისი მაღალი კონცენტრაცია შეუმჩნეველი არ დარჩეს.
საგულისხმოა, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებს ბუნებრივი აირის გაჟონვა ჯანმრთელობის პრობლემებთან არ დაუკავშირებიათ და არც გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედება დაუანგარიშებიათ.
რისგან შედგება ბუნებრივი აირი?
ბუნებრივი აირი ძირითადად მეთანისგან შედგება, თუმცა მასში სხვა შედარებით რთული ნახშირწყალბადები და არაორგანული ნივთიერებებიც გვხვდება.
მეთანი ნახშირბადის ატომთან დაკავშირებული ოთხი წყალბადის ატომისგან შედგება. მცირე ზომიდან გამომდინარე, იგი სწრაფად და ეფექტურად იწვის, შედეგად კი ნახშირორჟანგსა და წყალს წარმოქმნის.
ამის გამო ბუნებრივი აირი ყოველდღიური მოხმარებისათვის საკმაოდ მოსახერხებელი საწვავია, თუმცა, რეალურად, თავად მეთანი მძლავრი სათბურის აირია, რომელმაც შესაძლოა, ტრანსპორტირების პროცესისას ნებისმიერ დროს გამოჟონოს.
აირი, რომელიც წიაღისეული საწვავის საბადოებსა და მეთანის სხვა წყაროებთან გროვდება, ბოლომდე სუფთა არ არის — აქ, მარტივებთან ერთად, შედარებით რთული აგებულების მქონე ნახშირწყალბადებიც იყრის თავს, მათ შორის ციკლოალკანები და არომატული ნახშირწყალბადები.
გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს ნაერთი ჩვენთვის საზიანო სულაც არ არის, თუმცა, მაგალითად, დიდი დოზებით არომატულ ნახშირწყალბადებს კიბოს რისკის გაზრდა და ისეთი რეაქციების ხელშეწყობა შეუძლია, რომლებიც ატმოსფეროს დამაბინძურებელ ნივთიერებებს (მაგ: ოზონი) წარმოქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ბუნებრივი აირის მიმწოდებლები თავიანთ პროდუქტებს ყურადღებით ადევნებენ თვალს, ამ მეთოდებით ნახშირბადის შემცველი დიდი მოლეკულების შემჩნევა ნაკლებადაა შესაძლებელი. შესაბამისად, მოხმარებული ბუნებრივი აირის ზუსტ შედგენილობაზე მსჯელობა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი ჩვენთან, საქართველოში, სადაც აშშ-სგან განსხვავებით ბუნებრივი აირის შემადგენლობის შესასწავლი კვლევები ნაკლებად ტარდება.
კომენტარები