როგორ იმოქმედებს რაკეტების ხშირი გაშვება ოზონის შრესა და კლიმატზე? — მეცნიერთა საგანგაშო პროგნოზი
მომდევნო დეკადებში კოსმოსში სულ უფრო მეტი რაკეტის გაშვებაა მოსალოდნელი, მაგრამ რა გავლენა ექნება ასეთ მისიებს დედამიწის ოზონის შრეზე ან, ზოგადად, კლიმატზე? ამ კითხვაზე პასუხს აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო ადმინისტრაციაში მომუშავე მეცნიერები გვთავაზობენ, რომელთა პროგნოზიც კარგს არაფერს გვპირდება.
მათ ყურადღება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე აპარატებზე გაამახვილეს, რომელთა ემისიაც, ექსპერტთა გამოთვლებით, ამჟამად სხვა დამაბინძურებელი წყაროებისას ჩამოუვარდება. მაგალითად, ყოველწლიურად საავიაციო ინდუსტრია 100-ჯერ მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე რაკეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის მიუხედავად, მალე ეს თანაფარდობა შეიცვლება, რადგან კოსმოსური ინდუსტრია განვითარებას სწრაფი ტემპით განაგრძობს.
მოსალოდნელია, რომ რაკეტების გაშვებები გაათმაგდება, რაც გამონაბოლქვის რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის. დღესდღეობით რაკეტები წელიწადში დაახლოებით 1 000 ტონა ჭვარტლს გამოყოფს, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში გროვდება, სითბოს შთანთქავს და იმ არეალში დათბობას განაპირობებს.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ მისიების გაათმაგების შედეგად, სტრატოსფეროში ყოველწლიური ტემპერატურა 0.5-2 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს. ეს სუბტროპიკული ქარის ნაკადს შეანელებს, რაც სეზონურ მუსონებს, ანუ ხმელეთსა და ატმოსფერო შორის ჰაერის მასების მიმოცვლის პროცესს შეცვლის.
ეს, ასევე, უარყოფითად აისახება ოზონის შრეზეც, რომელიც მზისგან მომდინარე, ჩვენთვის საფრთხის შემცველი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს. ამ ყველაფერს განსაკუთრებულად ვიგრძნობთ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ეკვატორიდან სულ მცირე 30 გრადუსით ჩრდილოეთით მდებარე არეალებში.
იმის შესახებ, რომ ოზონის შრეზე კოსმოსური შატლის მსგავსი ძრავების მქონე რაკეტების გამონაბოლქვი, კერძოდ კი ქლორი, გამანადგურებლად მოქმედებს, აქამდეც ვიცოდით. თუმცა, ამასთან დაკავშირებული საფრთხეები უკეთ უნდა შევისწავლოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ შედარებით ეკომეგობრულ საწვავზე მომუშავე რაკეტებიც არსებობს, როგორიც ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის მიერ შექმნილი New Shepard-ია.
ავტორთა ახალი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Atmospheres გამოქვეყნდა.
კომენტარები