ჩვენ პატარა, მაგრამ დიდი ოჯახი ვართ — ნატალი ჭინჭარაული
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
მე ვარ ნატალი ჭინჭარაული, 20 წლის ლესბოსელი ქალი და ყოფილი ქვიარ აქტივისტი.
ბავშვობა და აქტივიზმი
ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. საჭმელების მომზადება და ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარდა, მახსოვს, შოკოლადებს ვადნობდი და სხვადასხვა ფორმას ვაძლევდი. როლური მოდელიც მყავდა, ჩემი პაპიდას შვილი — ყოველთვის გამორჩეული იყო, ჰიპურად ეცვა ხოლმე. მახსოვს, ისეთ თემებზე საუბრობდა დედაჩემთან, რასაც სხვისგან ვერ მოისმენდი. ყოველთვის არღვევდა სტანდარტებს, უბრალო იყო და თან, ძალიან განსხვავებული. ძალაუნებურად, სულ მას ვბაძავდი, დღემდე ასეთია და ძალიან ვაფასებ.
არასდროს მქონდა აკრძალვები, ვიქცეოდი ისე, როგორც ვიქცეოდი. 15 წლის ვიყავი, როცა გოგო შემიყვარდა, მანამდე იმასაც ვფიქრობდი, პანსექსუალი ვარ-მეთქი, რადგან პატარაობაში ერთი გრძელთმიანი ბიჭი ძალიან მომწონდა. მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში, ურთიერთობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, თუნდაც იმითაც, რომ ნაკლებად მიზიდავდა ბიჭის სუნი და ყველაფერი, რაც მათ უკავშირდებოდა, მივხვდი, რომ ლესბოსელი ვიყავი.
16 წლის ვიყავი, როცა აქტივიზმში ჩავერთე. "ახალგაზრდა მწვანეების" ფესტივალზე ვიყავი, მომეწონა მათი იდეოლოგია, შევავსე ფორმა, დამირეკეს და მივედი. აქედან დავიწყე და მერე უკვე ქვიარ აქტივიზმშიც გადავედი. ყოველთვის მომწონდა არაფორმალური განათლების მიღება, ვესწრებოდი ტრენინგებს, გავიცანი ადამიანები და გავიგე, რა სერვისებს აწვდიან არასამთავრობო ორგანიზაციები. აქტივიზმის ამ ფორმაში, სადაც სერვისებს აწვდიან, დღემდე ვარ ჩართული. პროტესტი მთლად ჩემი თემა არ არის.
ქამინგაუთი
ჩემი ორიენტაციის შესახებ ოჯახში ყველამ იცის. თავიდან ბიცოლას და ბიძაჩემს ვუთხარი, რომლებიც ახალგაზრდები არიან და ძალიან დამიდგნენ გვერდში. დედამ ყოველთვის იცოდა, რომ ქვიარ აქტივიზმში ვიყავი ჩართული, სტატიებს ვუკითხავდი ხოლმე ამ თემაზე, რაღაცებს ვაცნობდი და როგორც აქტივისტს, მხარს მიჭერდა. მეც რომ ქვიარი ვიყავი, ეს არ იცოდა, მაგრამ სულ საფუძველს ვუყრიდი, რომ ცუდი განწყობა არ ჰქონოდა. რაც შეეხება ქამინგაუთს, ყველამ მაშინ გაიგო, როცა ერთ-ერთი არხისთვის ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც სოციალურ პრობლემებსა და იმ სერვისებზე უნდა გვესაუბრა, რომლებიც ქვიარებისთვისაა ხელმისაწვდომი, ვყვებოდი, როგორ დაეხმარა ეს სერვისები ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს ბევრჯერ ვთხოვე, მხოლოდ სერვისებზე ყოფილიყო აქცენტი, საბოლოოდ, ძალიან ცუდად დაამონტაჟეს და ისე გამოვიდა, რომ ლესბოსელი ვარ, რომელიც ხალხს ეცოდება. ამას ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა, პაპაჩემი რეკავდა, საშინელ სიტყვებს იძახდა, ეს ვინ ყოფილა, ქუჩაში თავი როგორ გამოვყო და მეზობლებს როგორ შევხედოო. სხვათაშორის, მერე გადაუარა, მოუშუშდა იარები.
დედაჩემსაც ძალიან დასწყდა გული. მარტოხელა დედაა, ერთი შვილი ვყავარ, ყველაფერი ჩემში ჩადო და ალბათ, ეს იწვევს მის იმედგაცრუებას. ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდა, როცა ჩემი პარტნიორი გაიცნო — ძალიან ცუდად მიიღო და მე და ჩემს შეყვარებულს ცალკე გადასვლა მოგვიწია. იქაც მწვდებოდა და მსაყვედურობდა, როგორ დავტოვე. თუმცა ეს ყველაფერი უფრო დედის ეგოისტური განცდები იყო და არა ჰომოფობიური. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში მქონდა სამსახური, სადაც მუდმივად მიწევდა ჰეტეროს როლის მორგება, რამდენ ბიჭსაც გავიცნობდი და მხოლოდ მეგობრობას შევთავაზებდი, მეუბნებოდნენ, რომ კომპლექსები მქონდა. ყველასთან ვერ დადგები და ვერ იტყვი, რომ ლესბოსელი ხარ. თან, მეც ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს, ურთიერთობაში სხვებს შეუქმნას კომფორტი, რაც, საბოლოო ჯამში, ჩემზე მოქმედებდა ძალიან ცუდად — აი, ყველას რომ მოსწონხარ, მაგრამ რეალურად არც არავინ გიცნობს. დღეს კი მარტივად ვყვები ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ძალიან ცუდად მახსენდება.
ახლა დედაჩემთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთად ვცხოვრობთ და ამ ეტაპზე ყველაფერი უპრობლემოდაა. ვსაუბრობთ, ვუხსნი, უნდა, რომ გაიგოს ყველაფერი და ამას ვაფასებ. რაღაც იმედები დღემდე აქვს, მაგრამ ეს იმედი ახლა უფრო შვილიშვილს უკავშირდება, უნდა, რომ შვილიშვილი ჰყავდეს.
გამოცდილებები
ძალიან ცუდი გამოცდილებები, რომლებიც ჩემს ქვიარობას უკავშირდება, არ მახსენდება. მახსოვს, მე-10 კლასში რომ ვიყავი, ჩემი კლასელები ძალიან ჰომოფობიურ რაღაცებს იძახდნენ და როგორც კი ჩემზე გაიგეს, უბრალოდ სტანდარტული გამაღიზიანებელი კითხვებით შემოიფარგლნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ჩვეულებრივად მიიღეს ეს ამბავი. უფრო შემაწუხებელი კაცებთან ურთიერთობა იყო, როდესაც ვამბობდი, რომ ლესბოსელი ვარ, ეს ყოველთვის იწვევდა გაორმაგებულ და გაასმაგებულ სექსუალურ ინტერესს და ძალიან ცუდად, შევიწროებულად ვგრძნობდი თავს ამის გამო. უფრო მეტი მუღამი, უფრო მეტი შემოტევა… იმის ნაცვლად, რომ თავი დაენებებინათ.
მუდმივად იყო კითხვები იმაზე, "რა ტრავმა მაქვს ასეთი" და ეს კითხვები მოდიოდა ჩემი მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან. მეუბნებოდნენ, რომ შეყვარებულს უნდა დავშორებოდი, რადგან "ბიჭი უფრო მომიხდებოდა". ჩემი პარტნიორი ნაკლებად ფემინურია, რაც, ამ მხრივ, უფრო უმარტივებს საქმეს, თუმცა, ამავე დროს, მისთვის უფრო რთულია სხვა მხრივ. სხვათა შორის, არასდროს უთქვამთ, რომ "გადამივლის". ეს რომ პირდაპირ ეთქვათ, მეც პირდაპირ გავცემდი პასუხს, სულ მიწევდა, მიმეხვედრებინა, რომ ამას გულისხმოდნენ და მათ სიტყვებს ეს ფარული ქვეტექსტი გასდევდა.
ბავშვობის დაქალი დამიკარგავს ჩემი ქვიარობის გამო, არა, კი არ დავკარგე, არც არავინ დამიკარგავს, პრინციპში, უბრალოდ, ისე ხდებოდა, რომ მეუბნებოდნენ — "აუ, იცი რა, ნატა, მე ძალიან მიყვარხარ მაგრამ ჰომოფობი ვარ და ვეწინააღმდეგები ამ ყველაფერს". ვიცი, რომ ვიღაც-ვიღაცებს, ჩემი ბავშვობის მეგობრებს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ, იყო ზურგსუკან დაცინვები, მაგრამ ბოლომდე არც კი ვიცი ეს ისტორიები.
"ქვიარ უფლებები ყოველთვის ყველაზე ბოლოშია მოტოვებული"
ქვიარ ქალების პრობლემების, ზოგადად, ქალების პრობლემებისგან განყენებულად განხილვა და გამორჩევა ძალიან მიჭირს. მთელი ჩემი გააზრება ამ პრობლემის დაკავშირებულია იმასთან, რომ განსხვავება არ არის, მაგრამ, რეალურად, არის, როდესაც მესმის და ვიცი ისტორიები, რომ ბავშვები გაუგდიათ სახლიდან და არ მიუღია ოჯახს ქვიარობის გამო. მაგალითად, ჩემი მეგობარი სახლშიც ჩაუკეტავთ და უთქვამთ, რომ გადაეფიქრებინა, რასაც ამბობდა. ასევე, ძალიან დიდი დაბრკოლებაა თანასწორი ქორწინების საკითხი, თუმცა ამაზე დღეს ვერც ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ გარდა ძალიან ბევრ ქვეყანაში არაა თანასწორი ქორწინების შესაძლებლობა. როგორმე გაუმკლავდები ადამიანების არასწორ აზროვნებას, მაგრამ ვერ უმკლავდები კანონს, რომელიც გეუბნება, რომ შენ არ გაქვს იმის უფლება, გყავდეს ოჯახი, არ გაქვს იმის უფლება, რომ დაქორწინდე.
ახლა უკვე იმის შესაძლებლობასაც გართმევენ, რომ ბავშვი იშვილო, თუ კაცთან არ ხარ ქორწინებაში. ესეც სახეში შეფურთხებაა, როგორც ზოგადად ქალებისთვის, ასევე, ხაზს უსვამს ქვიარ ქალების ცხოვრებასაც — მეც მეყოლებოდა ბავშვი და გავზრდიდი ჩემს შეყვარებულთან ერთად, ვიქნებოდით "მეგობრები", რომლებიც ბავშვს გაზრდიდნენ, მაგრამ ახლა ეგეც არ შეგვიძლია, არც ქორწინება, არც აღიარება, საერთოდ არაფერი. საშინელებაა, მაგრამ უსამართლობის გრძნობაც ვერ მიჩნდება ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით, რადგან ქვიარ უფლებების მიმართულებით, სანამ თანასწორი ქორწინების უფლებას მივიღებთ, კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.
როცა ვფიქრობ, რა უნდა ქნას სახელმწიფომ ქვიარების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მგონია, რომ პირდაპირ შეტევაზე და ჩვენი უფლებების აღიარებაზე უნდა გადავიდეს. უნდა გამკაცრდეს კანონი თუნდაც იმაზე, რომ მე ლესბოსელი და ვარ და ვიღაცა ამის გამო ჩემზე სიძულვილის ენით საუბრობს — ამას უნდა მოჰყვებოდეს სათანადო რეაგირება. თუმცა სახელმწიფო ნება არ არსებობს და ქვიარ უფლებები ყოველთვის ყველაზე ბოლოშია მოტოვებული.
მომავალი
მე და ჩემი შეყვარებული საქართველოდან წასვლას ვაპირებთ. გვინდა, რომ ერთად ვიცხოვროთ, ოჯახი გვქონდეს. არ გვინდა, ისე იყოს, რომ უბრალოდ "გოგოები ერთად ცხოვრობენ და ლესბოსელები არიან", მერე ვიღაც რომ ამოვა და რომელიღაცას ლესბოსელობას დაკითხავს. გვინდა, რომ ვიყოთ ოჯახი, აღიარებული, ვმუშაობდეთ ერთად, გვქონდეს იმის უფლება, რომ ვიფიქროთ მომავალზე, სახლზე, თუნდაც რამე საერთოზე — რად მინდა ჩემი ქონება, თუ ჩემი ცოლისთვის ეს ვერ იქნება? ან, მე ვერ ვისარგებლებ მისი ქონებით. გვინდა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე და არ ვიყოთ უბრალოდ ლესბოსელები, რომლებიც არავის აღიზიანებენ და მაქსიმალურად ჩრდილში არიან.
ქამინგაუთი შენი ძალაა!
ქვიარებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ეცადონ, ქვიარობის გამო უკან არ დაიხიონ და ერთ ადგილზე არ გაჩერდნენ. ჩვენ ხომ ვეუბნებით სხვებს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და მხოლოდ ჩვენი ორიენტაციაა, ასე მაქსიმალურად მსუბუქად მიუდექი ამ ამბავს თავად შენც. არ შეგეშინდეს, იცოდე, რომ ქამინგაუთი შენი ძალაა. იცოდე, რომ სერვისები გაქვს, იცოდე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გიდგას გვერდში და იცოდე, რომ დიდი ოჯახი გყავს — ჩვენ პატარა, მაგრამ დიდი ოჯახი ვართ.
კომენტარები