ოლიგარქები არიან პოლიტიკურად და სოციალურად გავლენიანი განსაკუთრებით მდიდარი ბიზნესმენები. ისინი ხშირად პირადად არიან დაკავშირებული ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ლიდერებთან, თუმცა არა ყოველთვის

— ასე განმარტავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი ელიზა ჯულიანო ოლიგარქობას.

სიტყვა ოლიგარქის გაგონებისას პირველი რაც გვახსენდება რუსეთია, რადგან თავდაპირველმა ოლიგარქებმა ქონება 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის ქაოტური შედეგების დროს გამოიმუშავეს.

რა ვიცით რუს ოლიგარქებზე? — ბაზრის ლიბერალიზაციის პერიოდში შეძლებულმა ბიზნესმენებმა, ყოფილმა თანამდებობის პირებმა და მეწარმეებმა რუსულ კომპანიებში ნავთობის, გაზის, ლითონების, რკინიგზის, სოფლის მეურნეობის და სხვა ძირითადი ინდუსტრიის სფეროში დიდი რაოდენობით წილი შეიძინეს.

დღეს რუსი ოლიგარქების ნაწილი ელცინის ეპოქაში გამდიდრებული ბიზნესმენები არიან. ნაწილმა კი გამდიდრება ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობისას შეძლო. მათი უმეტესობა რუსეთის პრეზიდენტის დიდი ხნის მეგობარია. მაგალითად, გენადი ტიმჩენკო, რომელიც მომავალ პრეზიდენტს ჯერ კიდევ მაშინ დაუმეგობრდა, როდესაც ის მერის მოადგილე გახდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის პროფესორი, ტიმოთი ფრაიმი ამბობს, რომ რუსეთში ძველი თაობის ოლიგარქებისგან განსხვავებით, ახალი კლასი უფრო მეტად არის ფესვგადგმული და ნაკლებად აინტერესებს დასავლეთის კეთილგანწყობა. ის ოლიგარქების სამ კატეგორიას გამოყოფს:

  1. ოლიგარქები, რომლებსაც დიდი ხნის კავშირები აქვთ პუტინთან — მაგალითად, 2018 წელს პუტინმა გახსნა 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ხიდი, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს. ის ააშენა მილიარდერმა ბიზნესმენმა და სამშენებლო მაგნატმა, არკადი როტენბერგმა, რომელიც ასევე არის პუტინის ბავშვობის მეგობარი.
  2. ბიზნესის აღმასრულებლები, რომლებიც პუტინმა მსხვილი სახელმწიფო კომპანიების მმართველებად დანიშნა — მაგალითად, იგორ სეჩინი, პუტინის ახლო მოკავშირე, რომელიც დასახელდა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის თავმჯდომარედ.
  3. ელიტარული უშიშროება და სამხედრო ხაზის წარმომადგენლები — მათი ურთიერთობა პუტინთან თარიღდება მისი KGB-ის აგენტობის წლებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრადიციული ოლიგარქები არ არიან, ზოგიერთმა მათგანმა გამოიყენა თავისი კავშირები უსაფრთხოების სამსახურებში.

"ყველა მდიდარ რუსს არ აქვს ღრმა კავშირი კრემლთან, მაგრამ, როდესაც ადამიანი რუსეთში სიმდიდრის გარკვეულ დონემდე მივა, სახელმწიფოს ყურადღებას იპყრობს", — ამბობს ტიმოთი ფრაიმი.

რა წერია უკრაინულ კანონში

ოლიგარქიაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია 2021 წელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით მიღებული ანტიოლიგარქიული კანონიდან. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, ოლიგარქი არის პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს რამდენიმე მახასიათებელს:

  1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  2. აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე;
  3. არის საბოლოო მესაკუთრე ეკონომიკური სუბიექტისა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღიდან არის ბუნებრივი მონოპოლი ან ფლობს მონოპოლიურ (დომინანტურ) პოზიციას ბაზარზე "ეკონომიკური კონკურენციის დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად და ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ პოზიციას;
  4. პირის და იმ ბიზნესსუბიექტების, რომელთა მოსარგებლეც ის არის, აქტივების ჯამური ღირებულება აჭარბებს შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის მილიონზე ნამრავლს.

მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მახასიათებლებს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ოპოზიციონერები აკმაყოფილებენ. ანუ, არწმუნებენ საზოგადოებას, თითქოს ივანიშვილს არც პოლიტიკაზე აქვს გავლენა, არც მედიასა და არც ბიზნესზე. არადა, წლების განმავლობაში ეს საკითხი სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფის აქტიური განხილვის და კრიტიკის საგანია. თან არამხოლოდ მათი.

"ოლიგარქი ივანიშვილი" მსოფლიო მედიაში

ქართული ოცნება ხშირად უსვამს ხაზს, თითქოს პარტიის დამფუძნებელს ოლიგარქობას მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია და მათი ლობისტები აბრალებენ, ამის ფონზე კი ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს არაერთი საერთაშორისო მედია. თანაც 2012 წლიდან.

Bloomberg-ის მონაცემებით, ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდელთა სიაში 417-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება ამ დროისთვის 5,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მცირედით განსხვავდება Forbes-ის მონაცმები — აქ ის 586-ე ადგილასაა და 4,8 მილიარდ დოლარს ფლობს. თუმცა, ორივე მედია წერს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში, 1990-იან წლებში დააგროვა.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა, Politico-მ ბიძინა ივანიშვილზე გამოაქვეყნა სტატია — იდუმალი ოლიგარქი. სტატიაში წერია, რომ ივანიშვილის არანაირი პოლიტიკური ან ფინანსური კავშირი პუტინთან არ გამოვლენილა, თუმცა, მისი ბმა რუსეთთან მაინც სახიფათოა, რაგან რუსული აქციების გაყიდვა და საქართველოს პოლიტიკაში მოსვლა ეჭვებს აჩენს.

უკვე 2016 წელს იგივე გამოცემა ივანიშვილს გაუმჭვირვალე ფინანსების მქონე აპოლიტიკურ ოლიგარქად ახასიათებს, რომელიც 2012 წელს არსაიდან მოვიდა ოპოზიციის სათავეში.

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ვლადიმერ პუტინის კრიტიკაზე, რაც შესამჩნევი იყო იმ ქვეყანაში, სადაც პუტინი მხოლოდ ოთხი წლის წინ შეიჭრა

Politico

2017 წელს The Economist, ისევე როგორც სხვა არაერთი საერთაშორისო მედია ივანიშვილის უჩვეულო გატაცებით დაინტერესდა, რაც ასწლოვანი ხეების "მოგზაურობაში" გამოიხატებოდა. მედია წერდა, რომ მილიარდერი, რომელსაც არავითარი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, კულისებიდან ცვლის არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ პოლიტიკურ ლანდშაფტსაც.

განმარტოებული ოლიგარქი, რომელსაც დედაქალაქის თავზე მინისა და ფოლადის ციხესიმაგრე აქვს, ყიდულობს ქვეყანაში უძველეს ხეებს, თხრის მათ, გადაჰყავს გზაზე და შავ ზღვაში გემით თავის რეზიდენციაში მიაქვს

The Economist

ივანიშვილის მსგავს დახასიათებას ვკითხულობთ France 24-ის 2021 წლის სტატიაშიც — "ძლევამოსილი ქართველი ოლიგარქი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას".

"განმარტოებული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც წელს ოფიციალურად დატოვა პოლიტიკა, ცხოვრობს მდიდრულ მინისა და ფოლადის სასახლეში, რომელიც გადაჰყურებს დედაქალაქ თბილისს, სადაც ინახავს თანამედროვე ნახატების ფასდაუდებელ კოლექციას და გიგანტურ აკვარიუმს ზვიგენებით", — წერს France 24.

"ოლიგარქი ივანიშვილი" პარტნიორების განცხადებებში

სხვადასხვა დროს ივანიშვილს ღიად უწოდებდნენ ოლიგარქს ევროპარლამენტარები. ასევე, 2020 წელს 6-მა ამერიკელმა კონგრესმენმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ღია წერილი მისწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას შემდეგ, რაც "რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნების პარტია" ძალაუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა. წერდნენ იმასაც, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა სწორედ ოლიგარქის გავლენის ქვეშაა.

იმავე წელს კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ივანიშვილს "პუტინის მოკავშირე" უწოდა. ის წერდა, რომ საქართველოს აკონტროლებს რუსეთში განათლებამიღებული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილიარდიანი ქონება დააგროვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიტოვებულ, კორუფციულ რუსულ ინდუსტრიაში. მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენს უპასუხა, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აკონტროლებდა.

გარდა ამისა, 13-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც ითხოვდნენ, რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩართული ლიდერებისთვის სანქციები დაეწესებინათ. სწორედ ასეთ ლიდერებს შორის მოხვდა ბიძინა ივანიშვილიც.

"ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ", — ეწერა დოკუმენტში.

მოგვიანებით ანგარიში გამოაქვეყნა აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმაც, სადაც ახსნილი იყო ის კონკრეტული პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 15 პროცენტი არ გამოეყოთ. ერთ-ერთ პუნქტად სწორედ მთავრობის მიერ ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა იყო დასახელებული.

ამ ამბებს გამოეხმაურა მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი, მაიკლ კარპენტერიც და განაცხადა, რომ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა განვითარდა.

"ოლიგარქი ივანიშვილი" ევროპარლამენტის რეზოლუციაში

დავუბრუნდეთ ისევ უახლეს მოვლენებს — მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის დასკვნაში ივანიშვილი ნახსენები არ იყო, მანამდე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ის ოლიგარქად მოიხსენიეს და საბჭოსა და პარტნიორებს მისთვის სანქციების დაწესების განხილვა მოუწოდეს. ევროპარლამენტარების განცხადებით, ივანიშვილს პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან და დესტრუქციულ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში.

"გამოვხატავთ შეშფოთებას ერთპიროვნული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე, კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე", — წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

მოგეხსენებათ, რომ რეზოლუციას მმართველმა პარტიამ კრიტიკით უპასუხა, ხოლო პარტიის დამფუძნებელს ქება და დიდება არც დააკლო.

"დეოლიგარქიზაცია" ევროკომისიის დასკვნაში

ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის გასცა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია. სამივე ქვეყანას მოუწოდა, აღმოფხვრან ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

მოლდოვისა და საქართველოს რეკომენდაციები ამ მიმართულებით იდენტურია, ხოლო უკრაინას დაევალა, უკვე მიღებული კანონმდებობის შესაბამისად, სამართლებრივად გამართულად იმუშაოს ამ საკითხზე.

საქართველოს შესახებ ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციასთან საბრძოლველად, თუმცა ჯერ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი ანტიკორუფციული პროცესებისა და მათი ეფექტურობის გასაძლიერებლად. კერძოდ, ევროკომისია აცხადებს, რომ მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და საკუთარი ინტერესების, მათ შორის ოლიგარქების ინტერესების აღმოფხვრა, მოითხოვს გადამწყვეტ მოქმედებებს.

"ოლიგარქები" ქართული ოცნების განცხადებებში

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ ქართული ოცნებაში ცდილობდნენ სიტყვა ოლიგარქი ქველმოქმედით ჩაენაცვლებინათ. პარლალელურად, "ოლიგარქების" საკუთარი სიაც კი შექმნეს.

პარტიის თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ევროკომისია მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილს გულისხმობდა და ივანიშვილი ოლიგარქი კი არა, ფილანთროპია.

ფოტო: ქართული ოცნება

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ დარწმუნებით გვითხრა, რომ "ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება", შემდეგ კი ამტკიცებდა, რომ ოლიგარქები არიან: მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე, გიული და თემურ ალასანიები.

ივანიშვილის ქება-დიდების და "ნამდვილი ოლიგარქების" დასახელების შემდეგ მან პარტიის დამფუძნებელი აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამასაც შეადარა.

ეს იგივეა დაახლოებით, რომ დაბრალოთ ბატონ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა.

ირაკლი ღარიბაშვილი

რა თქმა უნდა, ქართული ოცნების სხვა წევრებიც ღარიბაშვილისა და კობახიძის ნარატივს ავრცელებენ. მაგალითად, დეპუტატმა, ირმა ბერიძემ პარლამენტში თქვა, რომ "ოლიგარქები ოპოზიციამ თავიანთ რიგებში უნდა მოიძიონ".

ირაკლი ზარქუამ საზოგადოებას აცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფული საქართველოში არ უშოვია, პირიქით, უცხო ქვეყანაში ბიზნესები გაყიდა, ჩამოვიდა და ახლა ქვეყანას ახარჯავს ამ ფულს. მსგავსი ინფორმაცია მოგვაწოდა ღარიბაშვილმაც.

ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში, სხვა ქვეყნებში, თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში

ირაკლი ღარიბაშვილი

თანაგუნდელებისგან განსხვავებით მიხეილ ყაველაშვილმა უბრალოდ განაცხადა, რომ "არანაირი ოლიგარქია საქართველოში არ არსებობს" და გაკვირვებით ისიც თქვა, რომ არ იცის ევროპარლამენტარები ვისგან იღებენ ასეთ ინფორმაციას.

ამის პარალელურად, საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარები კვლავ იმეორებენ, რომ ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. რასა იუკნევიჩიენემ პირდაპირ გვითხრა, რომ "ყველამ კარგად იცის რომელ ოლიგარქზეა საუბარი". მარკეტა გრეგოროვამ კი განმარტა, რომ "დეოლიგარქიზაცია საერთოდ არ არის მიმართული სააკაშვილისკენ".