დღეს ქართველი ხალხი საკუთარ ევროპულ არჩევანს პარლამენტთან დააფიქსირებს — გამზირთან, რომელიც ქვეყნის პროტესტისა და თავისუფლების სიმბოლო არაერთხელ ყოფილა. დღესაც, როცა საქართველო კიდევ ერთი ისტორიული პროცესების მონაწილეა, მოქალაქეები თავიანთ სათქმელს ერთად იტყვიან.

20 ივნისის აქციაზე, რომელსაც ორმაგი დატვირთვა ექნება, ნახავთ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებითა და ხედვებით. თუმცა მათ დანიშნულების ადგილი ერთია — შინ ევროპისკენ.

ვინ უერთდება აქციას

აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები — ნაციონალური მოძრაობა, ლელო, მოქალაქეები, გირჩი — მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, დროა, ტრიბუნა.

იქ იქნებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, მეცნიერი, იულონ გაგოშიძე, ხელოვნებათმცოდნე, ეკა კიკნაძე და სხვა.

9 აპრილი რომ გავიხსენოთ, ეს იყო მართლა, თან ტრაგიკული და თან წმინდათაწმინდა, როცა ყველა ერთად ვიყავით. უტოლდება [დღევანდელი მომენტი], როგორ არ უტოლდება. ჩემთვის უტოლდება.

ლანა ღოღობერიძე.

პარლამენტთან ნახავთ კლუბი BASSIANI წარმომადგენლებსაც — მათ აქციის მნიშვნელობის შესახებ Facebook-ზე დაწერეს და აღნიშნზე, რომ რუსთაველის გამზირზე გამოსვლა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

"20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ღია კულტურასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეა, რომლისთვისაც ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდით. მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით, გამხნევებით, ერთიანობითა და უპირობო სოლიდარობით შევძლებთ ერთმანეთის მომავლის გადარჩენას", — წერს BASSIANI.

კაფე ცისკარი დღეს 19:00 საათამდე იმუშავებს, შემდეგ კი თანამშრომლები აქციას შეუერთდებიან. ამის შესახებ მათ Facebook-ზე გაავრცელეს ინფორმაცია.

აქციაზე იქნება მსახიობი და ტელეწამყვანი, დუტა სხირტლაძე, ასევე, მომღერალი თამარ ჭოხონელიძე.

ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ.

დუტა სხირტლაძე

პარლამენტთან მოქალაქეებს შეუერთდება ბექას სკოლაც. მათი თქმით, დღეს საღამოს გაუქმდება ყველა გაკვეთილი, რათა ყველამ ერთად შეძლოს ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა.

ჩემთვის პრინციპულად უმნიშვნელოა ვინ იდგება დღეს ჩემ გვერდით აქციაზე.

დავით გორგილაძე

"თუ შენ არ გამოხვალ, ეს ქვეყანა არ გამოვა!" — წერს ბექას სკოლა Facebook-ზე.

20 ივნისს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას დააფიქსირებს საქართველოს პარასპორტსმენთა კლუბიც. Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადებით თანახმად, კლუბი აქციას სრული შემადგენლობით შეუერთდება. პარლამენტთან იქნებიან რესტორანი გუდას წარმომადგენლებიც.

დღეს გასვლის შესახებ დაწერეს ბაჩანა შენგელიამ, ლუკა ნაჭყებიამ, დავით გორგილაძემ და სხვებმა. იქ იქნებიან Open Air-სა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც.

"Europe Breaks Free — რადგან თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება ის იდეები და ღირებულებებია, რომელთა გარშემოც ათეულობით ათასი ადამიანი ყოველწლიურად ვიკრიბებით", — წერს Open Air Facebook-ზე.

20:00 საათზე პარლამენტთან იდგება დედაენის ბაღის მთელი გუნდით. მათი თქმით, ერთობას დიდი ძალა აქვს და დღეს ყველანი უნდა დავდგეთ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩაქრეს.

"გამოდით ყველა, დაე, დაგვთვალოს ევროპამ", — აღნიშნავენ ბარში.

სტუდენტები

აქციას უერთდებიან 9 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ისინი სხვადასხვა ტერიტორიიდან მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან.

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 19:00 საათი, უნივერსიტეტის ეზო;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
  • თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
  • GIPA — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
  • საქართველოს უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
  • კავკასიის უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — 20:00 საათი, საქართველოს პარალემენტის მიმდებარე ტერიტორია;
  • ალტე უნივესიტეტი — 20:00 საათი, საქართველოს პარალემენტის მიმდებარე ტერიტორია;
  • სამხატვრო აკადემია — 19:00 საათი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია;

ამასთან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ, მათ შორის, რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა.

24 ივნისს, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპარლამენტი საბოლოო განცხადებას გამოაქვეყნებს, აქცია უფრო მეტი ჯგუფის ჩართულობით დაორგანიზდება.

ასევე ნახეთ: