შეიმუშავეს ორგანოების გადანერგვის ტექნიკა, რომელიც იმუნოსუპრესიას აღარ საჭიროებს
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შემუშავებული ორგანოს გადანერგვის ახალი მიდგომა მასპინძლის სხეულის მიერ მიღებული ორგანოს უარყოფის შანსებს მაქსიმალურად ამცირებს. ინფორმაციას ScienceAlert ავრცელებს. მეტიც, ეს მეთოდი ორგანოს მიმღების იმუნიტეტის დათრგუნვასაც აღარ საჭიროებს.
პირველად ორგანოს (თირკმლის) სრულად გადანერგვა 1954 წელს მოხდა. მას შემდეგ დიდი პროგრესი გვაქვს. თანამედროვე მედიცინას შეუძლია გადანერგოს თვალები, ღვიძლი, თირკმელა და გული. ეს ის პროცედურებია, რომლებიც მილიონობით სიცოცხლის გადარჩენას ახდენს. გადანერგვისთვის ხელმისაწვდომი ორგანოების დეფიციტის გადასაჭრელად, კომპანიები გენმოდიფიცირებულ ღორებსაც კი ზრდიან, რათა მომავალში ორგანოების დეფიციტი არ გაჩნდეს.
თუმცა, ტრანსპლანტაციის შემდგომ ორგანოთა უარყოფა არის მთავარი საკითხი, რომელიც მეცნიერებას ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაუძლევია. ორგანიზმი გადანერგილ ორგანოს ხშირად უცხოდ აღიქვამს და მას არ იღებს. ამის თავიდან ასაცილებლად ორგანოს მიმღებებს ეძლევათ იმუნოსუპრესიული პრეპარატები, რომლებიც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ. ეს ზოგჯერ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის როგორიცაა დიაბეტი და კიბო.
აშშ-ს, კანადისა და ნიდერლანდების მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობამ ახლა მიაგნო თირკმელების გადანერგვის გზას, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმუნოსუპრესიულ მკურნალობას აღარ საჭიროებს.
დონორის იმუნური სისტემის გადანერგვა
მკვლევრებმა გამოიყენეს ტექნიკა, რომელსაც ეწოდება ორმაგი იმუნური/მყარი ორგანოს ტრანსპლანტაცია (DISOT), რათა გადანერგილიყო დონორის იმუნური სისტემა მასპინძლის სისტემაში, ორგანოს გადანერგვამდე. ეს დონორის ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების მასპინძელში გადანერგვით მიიღწევა. ამ პროცედურაში, იმუნური უჯრედები, როგორიცაა ალფა-ბეტა T და CD19 B-უჯრედები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტრანსპლანტაციის წინააღმდეგ და სწორედ მათი ამოღება მოხდა.
ტექნიკა გამოიყენეს სამ ბავშვზე, რომლებსაც სჭირდებოდათ თირკმელების გადანერგვა შიმკეს იმუნო-კუნთოვანი დისპლაზიის (SIOD) დაავადებით. გენეტიკური დაავადება, SIOD ძალიან იშვიათია და ის შეერთებულ შტატებში მხოლოდ 300 ადამიანში გვხვდება. SIOD-ით დაავადებულ პაციენტებს აქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა, შესაბამისად უჭირთ დაავადებებთან ბრძოლა და უჩნდებათ თირკმლის უკმარისობა.
ახალი მიდგომა მუშაობს
რადგან მასპინძლის იმუნური უჯრედები ამოღებულია ტრანსპლანტაციამდე, ორგანოს უარყოფის შანსები საგრძნობლად მცირდება. პროცედურა შედარებით ადვილად შეიძლება ჩატარდეს ბავშვებში. ასეთ დროს უჯრედების რაოდენობა ბუნებრივად უფრო მარტივად და სწრაფად აღდგება.
თუმცა, არსებობს სხვა ფაქტორებიც. მასპინძლის იმუნური სისტემის "მოხსნის" პროცესი და შემდგომში მისი ორგანოს გადანერგვისთვის მომზადება საკმაოდ რთულია, იტყობინება Science Alert. მიუხედავად ამისა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პროცედურა 34 თვის განმავლობაში გაგრძელდა და ახლა ბავშვები ვისაც ის ჩაუტარდათ ჩვეულებირივი ცხოვრებით ცხოვრობენ. რაც მთავარია, მათ არ სჭირდებათ იმუნოსუპრესიული წამლებით მკურნალობა.
ახლა მკვლევრებს სურთ გააფართოონ პაციენტების ტიპები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ეს მკურნალობის პროცედურა. პროცედურის დეტალები და მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში.
კომენტარები