თანამგზავრმა მარსის "გახელილი თვალი" დააფიქსირა — კრატერი, რომელიც წარსულში გვახედებს
სადღაც შორს, მარსის ორბიტაზე მყოფმა თანამგზავრმა საინტერესო ფოტო გადაიღო — "მარს ექსპრესის" ფოტოობიექტივმა მოზრდილი ქალაქის ზომის, უზარმაზარი თვალის ფორმის კრატერი დააფიქსირა, რომელიც პლანეტის ზედაპირიდან კოსმოსს გასცქერის. ამ ფოტოს თვითმიზანი მკითხველის შეშინება ნამდვილად არაა — მსგავსი ფოტოებით შეგვიძლია უკეთ შევიმეცნოთ მარსის გეოლოგიური ისტორია და არამხოლოდ წითელი პლანეტის.
კრატერი, რომლის დიამეტრიც 30 კილომეტრია, განთავსებულია მარსის სამხრეთ ნახევარსფეროში, ეონია ტერად ცნობილ რეგიონში. "თვალი" მარსზე აღმოჩენილ კრატერთა შორის სიდიდით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მასთან საკმაოდ ახლოსაა ლოუელის კრატერი, რომელის დიამეტრიც 200 კილომეტრია, "თვალის" დიამეტრზე 6.6-ჯერ მეტი.
ლოუელი და რეგიონის სხვა კრატერები, სავარაუდოდ 4 მილიარდი წლის წინანდელმა ასტერიოდულმა შეჯახებებმა შექმნა. ესაა მზის სისტემის ისტორიაში პერიოდი, რომელსაც "გვიანდელ მძიმე დაბომბვას" (Late Heavy Bombardment) ეძახიან.
დედამიწაც მსგავსად "დაიბომბა", ვარაუდობენ, რომ ამ პროცესის შედეგად დედამიწაზე წყალი და ორგანული მასალაც მოხვდებოდა, თუმცა ატმოსფერულმა და სეისმურმა პროცესებმა ნიმუშშებისა და სამხილების უმეტესობა უკვალოდ გააქრო.
მარსზე, რომელიც უსიცოცხლო და გეოლოგიურად გაცილებით მშვიდია, ეს სამხილები შემოინახა, რაც გვაძლევს საშალებს, ჩავიხედოთ წარსულში და მზის სისტემის ისტორიის უფრო ტურბულენტურ ხანაზე ვიმსჯელოთ.
ეონია ტერას მსგავსი რეგიონები მარსის შემადგენლობაზეც გვამცნობს. ასტეროიდის შეჯახება გამოამჟღავნებს ქანებს, რომელიც მანამდე მიწაში ღრმად იყო დამალული, იქმნება სრულიად ახლებური ზედაპირული შედგენილობა. ახალ ფოტოში ასახული რეგიონის ზედაპირი მრავალფეროვანი და კომპლექსურია.
"თვალის" კრატერი განთავსებულია ლანდშაფტზე, რომელიც მილიარდობით წლის წინ გამოკვეთა მარსზე არსებულმა მდინარეებმა. ამ შემორჩენილ არხებში მოჩანს უფრო მუქად შეფერილი ქანების კვალი, ზოგი შემაღლებულიც კია — სავარაუდოდ, ამომშრალ კალაპოტებში ეროზიისადმი მედეგი ქანები ჩაგროვდა.
კრატერის სამხრეთ ნაწილი მოჭედილია ჰორსტებითა და გრაბენებით, ხოლო მისი ჩრდილოეთ ნაწილი გაცილებით გლუვია და უფრო ღია შეფერილობითაც გამოირჩევა.
კრატერის ცენტრში ვხედავთ მუქი ფერის ქანების მასივს. მასივის გარშემო შეგროვილი ფორმირებები საფუძელს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ კრატერის ცენტრის გარშემო ქანები აკუმულირდება.
კრატერზე და მის შემოგარენზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უფრო ახლო დაკვირვებით მივიღებდით, მაგრამ საოცარია, რამდენი ინფორმაციის გაგება შეგვიძლია ამ შორეული ფოტოთიც კი. მაღალი რეზოლუციის კამერა აფიქსირებს არა მხოლოდ ქანების ფერს, არამედ სხვადასხვა გეოლოგიურ ელემენტთა სიმაღლეს, რაც, სიშორის გათალისწინებით, საკმაოდ სრულ ინფორმაციას გვაძლევს.
ჩვენ რამდენადაც ვიცით, მარსს თვალები არ აქვს, თუმცა ამ ყველაფრის შემხედვარე რთულია არ დაფიქრდე — როდესაც ღამე ფართოდ გახელილი თვალებით ცას ვუცქერთ, არის თუ არა ჩვენი მზერა ცალმხრივი? იქნებ საიდანღაც შორს, კოსმოსსაც ჩვენკენ აქვს მომართული უზარმაზარი გახელილი თვალი?
კომენტარები