ორსულობისას მეორედ დაფეხმძიმება შესაძლებელია — რამდენად ხშირია და რა იწვევს ზეგანაყოფიერებას?
ახალი უწყებების მიხედვით, ტეხასში ქალი ორსულობისას ხელახლა დაფეხმძიმდა და დაახლოებით ერთი კვირის შუალედით ჩასახული ორი ტყუპი გააჩინა. ამგვარი შემთხვევები უაღრესად იშვიათი, თუმცა მაინც შესაძლებელია.
Daily Mail-ის ცნობით, 30 წლის კარა ვინჰოლდმა ფეხმძიმობის შესახებ 2021 წლის მარტში შეიტყო. ხუთი კვირის შემდეგ მან ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარა, რომლის შედეგადაც დაასკვნეს, რომ საშვილოსნოში მხოლოდ ერთი ემბრიონი ვითარდებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ქალს მუცლის მოშლის ისტორია ჰქონდა, იგი ორი კვირის შემდეგ დამატებით გამოკვლევაზე დაიბარეს, რათა ფეხმძიმობის ნორმალურ მიმდინარეობაში დარწმუნებულიყვნენ. ექიმმა ამჯერად არა ერთი, არამედ ორი სხვადასხვა ემბრიონი დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ ერთი ნაყოფი შედარებით განვითარებული იყო, მეორე კი პაწაწინა წერტილს წააგავდა.
იშვიათ ფენომენს, რომლის დროსაც მეორე ნაყოფი პირველი ფეხმძიმობის მიმდინარეობისას ისახება, ზეგანაყოფიერება ეწოდება.
Healthline-ის მიხედვით, სამედიცინო ლიტერატურაში ზეგანაყოფიერების სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი, თუმცა მათი უმეტესობა სხვადასხვა რეპროდუქციული პროცედურისას, მათ შორის ინვიტრო განაყოფიერებისას(IVF), განვითარდა. ამგვარი მეთოდი საშვილოსნოში უკვე განაყოფიერებული ემბრიონების მოთავსებას მოიცავს, ზეგანაყოფიერება კი მაშინ ხდება, როცა პაციენტს ოვულაცია ეწყება და კვერცხუჯრედი ემბრიონების მოთავსების შემდგომ კვირებში ნაყოფიერდება.
როგორც გაირკვა, ვინჰოლდის ფეხმძიმობაში არანაირი რეპროდუქციული პროცედურა არ ყოფილა ჩართული. ამგვარი შემთხვევები განსაკუთრებით იშვიათია, რადგან ამისათვის ერთდროულად სამი ნაკლებსავარაუდო მოვლენა უნდა განვითარდეს:
- პირველ რიგში, საკვერცხიდან მეორე კვერცხუჯრედი უნდა გამოიყოს; ჩვეულებრივ, ეს არ ხდება, რადგან ორსულობის დაწყებისას ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც ოვულაციას აჩერებს.
- ამის შემდეგ, კვერცხუჯრედი სპერმის უჯრედმა, სპერმატოზოიდმა, უნდა გაანაყოფიეროს; ეს თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ორსულობის ადრეულ ეტაპზე საშვილოსნოს ყელში ლორწო გროვდება და ერთგვარ "საცობს" წარმოქმნის, რომელიც სპერმის შეღწევას აბრკოლებს.
- საბოლოოდ, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს უნდა მიემაგროს. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ერთი ემბრიონი უკვე არის და ვითარდება, მეორისათვის ნაკლები ადგილი რჩება. როგორც წესი, მიმაგრების პროცესის სასარგებლოდ სპეციალური ჰორმონები გამოიყოფა, თუმცა მაშინ, როცა ფეხმძიმობა უკვე მიმდინარეობს, ეს არ ხდება.
თუ ყოველი ეს ნაკლებსავარაუდო მოვლენა განვითარდა, ორი ფეხმძიმობა ერთდროულად წარიმართება, თუმცა თითოეული ნაყოფი სხვადასხვა გესტაციური ასაკისა იქნება — ისინი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იქნებიან. ამის საპირისპიროდ, არაიდენტურ ტყუპებს (იგივე დიზიგოტური ტყუპები), რომლებიც სხვადასხვა ზიგოტიდან ვითარდებიან, ერთი და იგივე გესტაციური ასაკი აქვთ.
ვინჰოლდის ექიმის ვარაუდით, ქალმა ოვულაცია ორჯერ განიცადა, ორი კვერცხუჯრედი წარმოქმნა. შემდეგ ისინი ორ სხვადასხვა დროს, ერთი კვირის შუალედით, განაყოფიერდა. ტყუპები 2021 წლის ოქტომბერში გაჩნდნენ. კოლსონი — ბავშვი, რომელიც პირველი ჩაისახა — მის ტყუპისცალზე, კაიდენზე, ოდნავ დიდი დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მისი მასა მეორედ ჩასახული ტყუპისას ექვსი თვის შემდეგაც აღემატებოდა.
კომენტარები