შორეული კოსმოსიდან იდუმალი რადიოსიგნალი მოდის — რასთან გვაქვს საქმე?
ავსტრალიელმა ასტრონომთა ჯგუფმა უცნობი წარმოშობის იდუმალი რადიოსიგნალი დააფიქსირა. მათი თქმით, აღმოჩენას დამატებითი კვლევა სჭირდება.
ნათელი რადიოსიგნალი, სახელწოდებით J054149.24–641813.7, აღმოაჩინა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯოელ ბალზანი ავსტრალიის დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტიდან, ნათქვამია განცხადებაში.
მსგავს სიგნალებს, როგორც წესი, ასხივებენ პულსარები, ნისლეულები, კვაზარები და რადიოგალაქტიკები, თუმცა ზოგიერთი რადიოსიგნალის წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. სწორედ აქედან ჩნდება თეორიები, რომ ისინი არამიწიერი ცივილიზაციებისგან მოდის.
მსგავსი შემთხვევების ერთ-ერთი მაგალითია Wow! სიგნალი, რომელსაც ახლახან ასტრონომი ალბერტო კაბალიერო სწავლობდა. მას მიაჩნია, რომ სიგნალის წყარო დაადგინა და ეს მზის მსგავსი ვარსკვლავია, რომელიც ჩვენგან 1800 სინათლის წლითაა დაშორებული.
ამ უკნანასკნელი რადიოსიგნალის შემსწავლელი მეცნიერები არ ამბობენ, რომ მათი აღმოჩენის უკან არამიწიერი ცივლიზაციაა. თუმცა, მათ გამორიცხეს ისეთი წყაროები, როგორებიცაა ზემასიური ვარსკვლავი და პულსარი. მათი თქმით, მეტი დროა საჭირო რათა იდუმალი სიგნალის წყაროზე მეტი თქვან.
დაშორება დედამიწიდან 60 მილიონი სინათლის წელია
ჯგუფმა აღმოჩენა მაშინ გააკეთა, როდესაც გალაქტიკა NGC 2082-ზე დაკვირვებებს ახდენდა. სიგნალი NGC 2082 გალაქტიკის ცენტრიდან მოდის, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 60 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა. ნაშრომში მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ J054149.24–641813.7-ის რადიო სიკაშკაშე 888 MHz-ზეა და აქვს ბრტყელი რადიო სპექტრული ინდექსი (დაახლოებით 0.02). მათი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ წყარო არ არის სუპერნოვას ნარჩენი (SNR) ან პულსარი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება იყოს თერმული წარმოშობის.
მკვლევრების თქმით, სიგნალის წყარო შეიძლება იყოს ექსტრაგალაქტიკური ფონი, როგორიცაა კვაზივარსკვლავური ობიექტი (QSO, კვაზარი), რადიო გალაქტიკა ან აქტიური გალაქტიკური ბირთვი (AGN).
კომენტარები