იდუმალებით მოცული "WOW!" სიგნალი შესაძლოა, მზის მსგავსი ვარსკვლავის სისტემიდან მიგვეღო
1997 წლის 15 აგვისტოს ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის რადიოტელესკოპმა Big Ear მშვილდოსნის თანავარსკვლავედიდან მომავალი უჩვეულო სიგნალი დააფიქსირა, რომლის ხანგრძლივობაც 72 წამი იყო. მას შემდეგ ის აღარ გამეორებულა.
მეორე დილით სიგნალი ასტრონომმა ჯერი ეიმანმა გააანალიზა და გაოცებისგან მონაცემთა ფურცელზე "Wow!" მიაწერა. სწორედ ამ სახელით ვიცნობთ შორეული კოსმოსიდან მიღებულ უცნაურ, იდუმალებით მოცულ "შეტყობინებას". აქედან მრავალი წელი გავიდა, თუმცა მეცნიერებმა მისი წყარო დღემდე ვერ დაადგინეს.
ამ თავსატეხის ამოხსნას, სხვებთან ერთად, მკვლევარი ალბერტო კაბალეროც ცდილობს, რომელმაც ახლახან გამოცემაში International Journal of Astrobiology თავისი ნაშრომი გამოაქვეყნა. მან გადაწყვიტა, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის რეგიონში მდებარე ვარსკვლავებზე კონცენტრირებულიყო და მათ შორის ყურადღება ჩვენი მზის მსგავს ობიექტებზე გაამახვილა, რომელთა გარშემოც შესაძლოა, დედამიწის მაგვარი, სიცოცხლესთან თავსებადი ეგზოპლანეტა არსებობდეს.
მან ამისთვის ევროპის კოსმოსური სააგენტოს გაიას მისიის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენა და ტემპერატურის, ზომისა თუ სიკაშკაშის მიხედვით მზესთან ყველაზე მეტად მიახლოებული მნათობი გამოავლინა. ეს გახლავთ ჩვენგან 1800 სინათლის წლით დაშორებული 2MASS 19281982-2640123.
"ესაა მზის ანალოგი რეგიონში, საიდანაც ყველაზე უცხოპლანეტური სიგნალი მივიღეთ", — ამბობს ალბერტო კაბალერო.
უნდა აღინიშნოს, რომ მან სხვა ისეთ ობიექტებსაც მიაგნო, რომლებიც ზემოხსენებულ კრიტერიუმებს, ასე თუ ისე, აკმაყოფილებს, მაგრამ 2MASS 19281982-2640123-ის მსგავსად — არცერთი.
ამ უკანასკნელსა და ჩვენ შორის არსებული დისტანციის გამო, დედამიწიდან გაგზავნილი შეტყობინების იქამდე მიღწევას საუკუნეები დასჭირდება, თუმცა მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს სისტემა, სხვა კანდიდატებთან ერთად, გამოკვლევას ნამდვილად იმსახურებს.
კომენტარები