კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა თაგვებზე გენური თერაპია გამოცადეს, რომლის მეშვეობითაც მღრღნელებში ნეიროპათიული ტკივილი შეამცირეს. ეს მიღწევა იმედისმომცემია პაციენტთა იმ მრავალრიცხოვანი ჯგუფისთვის, რომელიც ქრონიკული ტკივილით ან სხვა მსგავსი პრობლემით იტანჯება.

აღსანიშნავია, რომ ნეიროპათიის, ანუ ნერვის დაზიანების ან დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტებს ხშირად მწვავე გვერდითი მოვლენები ახლავს თან და მუდმივად მიიღება, ზოგი მათგანი კი დამოკიდებულებასაც კი იწვევს.

ალტერნატიული საშუალების გამოსაცდელად, სპეციალისტებმა საჯდომის ნერვის პრობლემების მქონე თაგვებს სხეულში ვირუსი შეიყვანეს, რომელიც ბუნებრივად არსებულ 2 გენს აერთიანებდა — GAD65-სა და VGAT-ს. მათ ნეირომედიატორ GABA-ს წარმოქმნა შეუძლია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ტკივილის იმპულსებთან დაკავშირებული ნეირონების ფუნქციონირებას აფერხებს.

შედეგად, ცხოველებში ტკივილი სულ მცირე 2.5 თვით შესუსტდა, 13 თვის განმავლობაში კი გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა, მაგალითად, მოტორული ფუნქციების დარღვევა ან თერმული/შეხებითი შეგრძნებების დაქვეითება. იგივე მოხდა ღორებისა და პრიმატების შემთხვევაშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა, ადამიანებზეც იმავენაირად იმოქმედოს.

იქამდე ახალ ტექნოლოგიას უფრო მეტი კვლევის გავლა და მარეგულირებელი ორგანოების მიერ ადამიანებზე გამოყენების ნებართვის მოპოვება დასჭირდება. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Molecular Therapy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.