კატებს თავიანთი მეგობრების სახელების დამახსოვრება შეუძლიათ — კვლევა
შესაძლოა, თქვენი კატა ყურადღებას არ გაქცევთ, როცა სახელს ეძახით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი არ ესმის. სინამდვილეში, უბრალოდ გაიგნორებთ.
ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, შინაურ კატებს, შესაძლოა, ენის აღქმის ისეთივე უნარები ჰქონდეთ, როგორიც ძაღლებში ხშირადაა შემჩნეული. 2019 წელს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, იაპონელმა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ კატებს სიტყვების ჩამონათვალიდან საკუთარი სახელის შემჩნევა შეეძლოთ. ახლა, იგივე მეცნიერები გვთავაზობენ, რომ კატები არამხოლოდ საკუთარ, მეგობრების სახელებსაც ცნობენ.
კვლევაში, რომელიც 13 აპრილს ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, 48 შინაური კატა მონაწილეობდა. მათგან 29 იაპონური კატების კაფეს — ყავის მაღაზიების ბინადარია, სადაც მომხმარებლებს ყავის სმა და იქაურ კატებთან ურთიერთობა შეუძლიათ. დანარჩენები კი კერძო სახლების ბინადრები არიან, სადაც მათთან ერთად კიდევ ორი ან მეტი კატა ცხოვრობს.
თითოეულ კატა მონაწილეს მკვლევრებმა პატრონის ჩანაწერი ჩაურთეს, სადაც ეს უკანასკნელი თავის სხვა კატას ეძახის და რამდენჯერმე იმეორებს მის სახელს. მეოთხე დაძახების შემდეგ მკვლევრებმა მონაწილე კატას ეკრანზე ფოტო აჩვენეს. ოთხიდან ორ შემთხვევაში ეკრანზე იმ კატის ფოტო იყო გამოსახული, რომლის სახელსაც პატრონი იმეორებდა (შესაბამისი მდგომარეობა), დანარჩენ ორ ცდაში კი ფოტოზე სხვა თანამცხოვრები კატა იყო გამოსახული და არა ის, რომლის სახელსაც პატრონი იძახდა (შეუსაბამო მდგომარეობა).
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეკრანზე შეუსაბამო სურათის დანახვისას სახლის კატები მონიტორს უფრო დიდხანს აკვირდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათი მოლოდინები არ გამართლდა და ცდილობდნენ, შეჰგუებოდნენ იმ ფაქტს, რომ მონიტორზე გამოსახული ფოტო მათი კატა მეგობრის სახელს არ ემთხვეოდა.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გარკვეული სახელების გაგონებისას კატები ეკრანზე თავიანთი მეგობრის სახის გამოჩენას ელოდნენ", — წერენ მკვლევრები მოხსენებაში. "ეს კვლევა გვაწვდის იმის მტკიცებულებას, რომ კატები მეგობრების სახელს მათ სახეს რაიმე წვრთნების გარეშე უკავშირებენ".
აღსანიშნავია ისიც, რომ, მკვლევრების თქმით, კაფეს კატებს შეუსაბამო მდგომარეობის დროს ეკრანისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ და ზოგადად ცდებსაც არ ეკიდებოდნენ დიდი ენთუზიაზმით. ეს გვთავაზობს, რომ კაფეს კატები ნაკლებად ფამილიარულები არიან თავიანთ კატა მეგობრებთან, ვიდრე სახლის კატები. ავტორების თქმით, შესაძლოა, მათ ცალკეული კატების სახელები შედარებით იშვიათად ესმით.
მეორე მხრივ, მკვლევრების თქმით, სახლის კატებს თავიანთი მეგობრების სახელები, სავარაუდოდ, უფრო ხშირად ესმით, განსაკუთრებით კი კვების დროს, როდესაც კატის სახელის დაძახება განსაზღვრავს, რომელი ცხოველი მიიღებს საკვებს და რომელი არა. ამან, შესაძლოა, სახლის კატებს მისცეს მეტი შესაძლებლობა, კატის სახე მათ სახელს დაუკავშირონ.
რა თქმა უნდა, სახლის კატების ქცევაზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა სკეპტიკურად უნდა მივიღოთ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც კატის ყურადღებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ კატები შეუსაბამო სურათს უფრო დიდხანს აკვირდებოდნენ, საშუალოდ, შესაბამის სურათთან შედარებით, დროითი სხვაობა ძალიან მცირე იყო — 1-2 წამი. ისიც მაშინ, როდესაც კატებმა საერთოდ ყურადღების მიქცევა გადაწყვიტეს. რამდენიმე ცდა ანალიზიდან გამორიცხეს, რადგან კატამ საერთოდ არ შეხედა ეკრანს. კვლევიდან ერთი კატის მოცილებაც მოუწიათ მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ ეს მეცნიერული ამბები მისთვის საერთოდ არ იყო განკუთვნილი.
როგორც გუნდი წერს, კატამ "მხოლოდ პირველი ცდა დაასრულა, შემდეგ კი ოთახიდან გაუჩინარდა".
კომენტარები