გადახდების მართვის პლატფორმა — როგორ იქმნება საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი
გადახდების მართვა თანამედროვე სამყაროში ბიზნესების უმეტესობას ციფრულად შეუძლია. ეს განსაკუთრებით აქტუალური პანდემიამ გახადა. თუმცა მიუხედავად უამრავი საბანკო თუ არასაბანკო სერვისის გაციფრულებისა, მაინც არსებობს გადახდებთან დაკავშირებული პროცესები, რომელთა გასავლელადაც ბანკის მენეჯერისა და ქოლ ცენტრის ჩართულობაა საჭირო. ასეთი ოპერაციაა, მაგალითად, რეგისტრაცია, იმისათვის, რომ კომპანია გადახდების მიმღები გახდეს.
თუმცა, მალე ეს მოცემულობა სრულიად შეიცვლება. საქართველოს ბანკის მიერ დაანონსებული პროდუქტის დახმარებით ბიზნესის გადახდებთან დაკავშირებული ფუნქციონირება ერთიორად გამარტივდება. პროდუქტს გადახდების მართვის პლატფორმა ჰქვია. ეს ერთიანი სივრცეა, სადაც მომხმარებელი შეძლებს მართოს, მოითხოვოს და გააანალიზოს მისი ბიზნესისთვის აუცილებელი გადახდის მეთოდები. პლატფორმის შესახებ მეტს ბაია ჭალელიშვილთან ინტერვიუში მოგიყვებით. ბაია საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
რა წინაპირობები არსებობდა გადახდების მართვის პლატფორმის შესაქმნელად და როგორია მასზე მუშაობის პროცესი?
გადახდების ბიზნესი ყოვეწლიურად ვითარდება — მუდმივად იქმნება ახალი სერვისები და მეთოდები, რომელიც ამარტივებს გადახდის პროცესს. შედეგად, მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას უნაღდო ანგარიშსწორებას. ბიზნესის წარმომადგენლები კი, ცდილობენ მომხმარებელი მისთვის ხელსაყრელი გადახდის მეთოდებით უზრუნველყონ.
პანდემიამ პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა — ნათლად გამოიკვეთა სწრაფი, უნაღდო გადახდების მნიშვნელობა. გადახდების სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავიაზრეთ როგორ შეგვეწყო ხელი ბიზნესებისთვის მარტივად, ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე ჰქონოდათ შესაძლებლობა მოეთხოვათ ჩვენი ყველა გადახდის მეთოდი. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მუშაობა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის პლატფორმაზე.
მუშაობის პროცესში მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე მიღებული მიგნებები გამოვიყენეთ და ახალი ფუნქციონალები მათ საჭიროებებსა და სურვილებს მოვარგეთ. სწრაფი რეგისტრაცია, ონლაინ ანგარიშსწორება, ვებგვერდზე გადახდების მარტივი ინტეგრაცია, ტრანზაქციების დეშბროდი, გადახდების ერთიანი სივრცე — ეს ახალი პლატფრომის ის კომპონენტებია, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებების საპასუხოდ და მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება.
რა სარგებელს მოიტანს პლატფორმის ამოქმედება ბიზნესისთვის და როდის უნდა ველოდოთ მის გაშვებას?
ახალი პლატფორმა ბიზნესებს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს და ონლაინ რეჟიმში მიაწვდის ბიზნესს ინფრომაციას ყველა გადახდის მეთოდით ჩატარებულ ოპერაციაზე.
უფრო კონკრეტულად, გადახდების მართვის ახალი პლატფორმა ბიზნესმომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად მართოს პროცესები — ფილიალში მიუსვლელად, სწრაფად და მარტივად გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია, რის შედეგადაც მომენტალურად გახდება გადახდების მიმღები.
სიახლის ფარგლებში ბიზნესი შეძლებს მარტივად, მინიმალურ დროში, დეველოპერის ჩართულობის გარეშე ჩააინტეგრიროს საკუთარი ბიზნესის ვებგვერდზე სასურველი გადახდის მეთოდები; მოითხოვოს ან გააუქმოს მისთვის საჭირო სხვადასხვა ციფრული და ფიზიკური გადახდის ინსტრუმენტები; პლატფორმაზე მოწვიოს და დაამატოს ბიზნესში ჩართულ თანამშრომლები და მისცეს მათ დეშბორდის მეშვეობით გადახდების მართვის შესაძლებლობა.
შესაბამისად, გადახდების მართვის პლატფორმის ერთიანი სივრცე ბიზნესმომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, მოითხოვოს ან გააუქმოს მისთვის საჭირო სხვადასხვა ციფრული და ფიზიკური გადახდის ინსტრუმენტები; ბანკის ჩართულობის გარეშე, ეფექტიანად მართოს გადახდებთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციები (როგორიცაა გადახდის გაუქმება და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება); ონლაინ ადევნოს თვალი გადახდებს; პლატფორმაში ჩაშენებული ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით გააანალიზოს მომხმარებლის ქცევა, ინდუსტრიის პოტენციალი და პოპულარული გადახდები.
რა ინსტრუმენტებს გააერთიანებს პლატფორმა და რა განასხვავებს მას აქამდე არსებული ანალოგებისგან (ან იმ სერვისებისგან, რომელთა გავლითაც ბიზნესი გადახდების ორგანიზებას ახერხებდა)?
ახალი პლატფორმა შეიძლება ითქვას, უკონკურენტოა ადგილობრივ ბაზარზე. ის მრავალფეროვან გადახდების მეთოდებს ერთ სივრცეში აერთიანებს და სწრაფად და მარტივად იძლევა მათი აქტივაციის შესაძლებლობას.
ტრანზაქციული დეშბორდი, გადახდის მეთოდების აქტივაცია, ანალიტიკური რეპორტები, კამპანიების მართვის მოდული — ეს ის კომპონენტებია, რომლებიც მომხმარებელს გადახდების მართვას მნიშვნელოვნად გაუამარტივებს.
პროცესი რომ აღწეროთ, როგორი იქნება პლატფორმის გამოყენება ბიზნესისთვის? რა ნაბიჯების/ეტაპების გავლა იქნება საჭირო სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად?
ბიზნესის მფლობელი ბანკში არსებული მონაცემებით დეშბორდზე შესვლის შემდეგ აღმოჩნდება მისთვის განკუთვნილ გადახდების სივრცეში. სწორედ ამ სივცრიდან შეძლებს ახალი ბიზნესის გადახდებზე მარტივ რეგისტრაციას, გადახდების მეთოდების დამატებას და დეშრბოდის დათვალიერებას
იმისთვის, რომ ბიზნესებმა შეძლონ აღნიშნული პლატფორმით სარგებლობა, ისინი უნდა ეწვიონ აღნიშნულ ბმულს სისტემაში შესვლა (bog.ge) და გაიარონ რეგისტრაცია. საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნსესების დეშბორდზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება გადახდების ყველა პროდუქტის და ოპერაციის ნახვას, ხოლო ახალი ბიზნესები შეძლებენ ონლაინ დარგისტრირდნენ გადახდების მიმღებებად, რის შემდეგაც მოახერხებენ გადახდების მართვის პლატფორმის ყველა სერვისით სარგებლობას.
რა ხდებოდა აქამდე? როგორ მართავდნენ საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიები გადახდებს და რას შეცვლის პლატფორმის ამოქმედება?
პლატფორმის ამოქმედება პროცესებს დაასწრაფებს. თუ აქამდე გადახდებთან დაკავშირებული პროცესების სამართავად მენეჯერის და ქოლ ცენტრის ჩართულობა იყო საჭირო, ახლა უკვე ეს ყველაფერი მომხმარებლის დეშბორდიდან, ახალი პლატფორმის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი. დროში გაწელილი პროცესების სანაცვლოდ პლატფორმაზე გაერთიანებული გადახდის სერვისების მარვა სრულიად ციფრულად, ბანკის ჩართულობის გარეშე ხდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები