როგორი იყო ქალების ცხოვრება პრეისტორიულ სამყაროში
ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით პრეისტორიულ სამყაროზე. ეს ბუნებრივიცაა, თავად სიტყვა "პრეისტორიულიც" ამას გვეუბნება, საუბარია დროზე, რომელიც ისტორიამდელ პერიოდს აღნიშნავს. მიუხედავად ამისა, მკვლევრები და არქეოლოგები არ ნებდებიან და ამ უხსოვარ დროზე სულ უფრო მეტს ვიკვლევთ.
მაგალითად, ადრე ითვლებოდა, რომ უძველეს დროში, ჯერ კიდევ მიწათმოქმედებამდე, ქალები გამოქვაბულებში იმალებოდნენ და ბავშვებს უვლიდნენ, მაშინ როცა კაცები მამონტებზე ნადირობდნენ. თუმცა, ბოლო კვლევები ასეთ შეხედულებას ეჭვქვეშ აყენებს.
ისტორიკოსები და ექსპერტები "ლედი საპიენსის" მიღმა, სწორედ ამას ცდილობენ — მათ სურთ ძველი შეხედულებები გადააფასონ. საუბარია წიგნზე და დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც წელს დიდი ბრიტანეთში უნდა გამოვიდეს. აქ პრეისტორიული ქალების ცხოვრებაა შესწავლილი და აღწერილი. მკვლევრებმა შეისწავლეს ნაშთები, ძვლები და სხვა ფაქტორები რათა უკეთ გაიგონ პრეისტორიული ქალების ცხოვრება.
"დიდი ხნის განმავლობაში, პრეისტორია იწერებოდა მამრობითი სქესის პრიზმიდან, სადაც ქალებს ასახავნდნენ და მოიხსენიებდნენ, როგორც უმწეო, შეშინებულ არსებებს, რომლებიც სრულიად დაუცველები იყვნენ და მათ მხოლოდ მონადირე კაცები იცავდნენ. მას შემდეგ, რაც ქალებმა დაიწყეს პრეისტორიკოსთა რიგებში შესვლა, თანდათან განსხვავებული სურათი გამოჩნდა. მკითხველი ალბათ გაოცებული დარჩება, როცა აღმოაჩენს, რომ ქალისა და კაცის როლები არც ისე მკაფიო იყო და რომ ხშირი იყო ჯგუფის ყველა წევრს შორის თანამშრომლობა, განურჩევლად მათი სქესისა და ასაკისა", — ამბობს სოფი დე ბონი, ჟან-მულენ-ლიონის III უნივერსიტეტის პრეისტორიის პროფესორი, წიგნის წინასიტყვაობაში.
წიგნში საუბარია, რომ დღევანდელი კლიშეები პრეისტორიულ სამყაროზე მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა. თომას სიროტომ, ერთ-ერთმა დოკუმენტალისტმა, ჯენიფერ კერნერთან და ერიკ პინკასთან ერთად, თქვა, რომ მიზანი იყო არა პრეისტორიული ქალის "სუპერქალად“ წარმოჩენა, არამედ რეალობის გააზრება.
"პრეისტორიულ ქალებს შეეძლოთ ნადირობა, ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი, და დაკავებული იყვნენ ხელოვნებით", — თქვა მან.
10 000-დან 40 000 წლის წინანდელ ზედა პალეოლითის პერიოდზე ფოკუსირებული წიგნი ხაზს უსვამს გერმანიაში, გონერსდორფის პალეოლითურ ადგილას ნაპოვნ ქვის დაფაზე. აქ აღმოჩენილ ქანდაკებებზე ქალებს ბავშვები ზურგზე ისე ჰყავთ მიმაგრებული, რომ ხელები თავისუფალი ჰქონდეთ, რათა უკეთ ინადირონ.
დოკუმენტალისტები აღნიშნავენ ჩონჩხების კვლევებს, რომლებიც ავლენენ ქალების მკლავის ზედა კუნთების სიძლიერეს და უახლოეს აღმოჩენას, რაც ადასტურებს, რომ ქალებიც ნადირობდნენ. არქეოლოგებმა გათხარეს ხუთი სამარხი და ამოიღეს ექვსი ადამიანის ნაშთი. ორ მათგანს სანადირო იარაღები აღმოაჩნდა: საუბარია 30 წლამდე კაცზე და 20 წლამდე ახალგაზრდა ქალზე. ოცდაოთხი ქვის არტეფაქტი იყო მოთავსებული ახალგაზრდა ქალის სამარხში, რომელიც შეიცავდა იმ პერიოდისთვის თითქმის ყველანაირი ქვის შეიარაღების ტიპს.
აშშ-ში აღმოჩენილი სამარხები, რომლებიც გვიანი პლეისტოცენის ან ადრეული ჰოლოცენის (ძვ. წ. 12000-დან 8000 წლამდე) პერიოდით თარიღდება ასევე მნიშვნელოვანი მინიშნებები გვაძლევს. საუბარია 11 სამარხზე, სადაც ქალები იარაღთან ერთად არიან დამარხული.
წიგნის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ადრე მკვლევრები ისეთ ნადირობას თუ შემგროვებლობას არ ანიჭებდნენ დიდ მნიშვნელობას, როგორიცაა თევზაობა, მოლუსკის შეგროვება ან ზღვის პატარა ცხოველებზე ნადირობა. ეს ყველა ის აქტივობაა, რომელშიც ქალები ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ.
დედობა იმ პერიოდის ქალებისთვის ცხოვრების მხოლოდ ერთი ასპექტი იყო. ისინი არ იყვნენ მუდმივად ორსულად, გვთავაზობს იმ დროის დიეტისა და ცხოვრების წესის უახლესი კვლევები. ძვლებში ნახშირბადის, სტრონციუმისა და კალციუმის კვლევებით ვარაუდობენ, რომ ბავშვები 4 წლამდე რჩებოდნენ ძუძუთი კვებაზე, ეს კი ამცირებს ნაყოფიერებას.
"მიიჩნევა, რომ პალეოლითის ქალებს შვილების გაჩენა 30 წლამდე შეეძლოთ. თუ ვიტყვით, რომ ძუძუთი კვება გაგრძელდა ორი ან სამი წლის განმავლობაში და დავუშვათ, პირველი შვილი ჩნდებოდა დაახლოებით თოთხმეტი წლის ასაკში, ეს იძლევა მაქსიმუმ ხუთი ან ექვსი ორსულობის შესაძლებლობას", — ამბობს ვინსენტ ბალტერი, საფრანგეთის ეროვნული კვლევის ცენტრის დირექტორი.
წიგნში ასევე საუბარია იმაზე, რომ ქალები თავიანთ თემებში საკმაოდ მაღალი სტატუსით სარგებლობდნენ. მკვლევრების თქმით, იტალიაში ბალზი როსის გამოქვაბულების კომპლექსში დამარხული ქალის ნაშთები და დატანილი ნივთები ღირებული მინიშნებაა იმაზე, რომ ამ ქალის მიმართ ტომს უდიდესი პატივისცემა გააჩნდა.
კომენტარები