კომაროვის სტემ ბანაკი ინოვაციური პროექტია, რომელიც 2018 წლიდან, მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებისთვის ტარდება. ამ ზაფხულს კი, მასში მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები შეძლებენ. სტემ ბანაკი მთლიანად ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზეა აგებული და ქართველი მოსწავლეების ინტერესებზე და საჭიროებებზეა ადაპტირებული.

კომაროვის სტემ ბანაკში მოსწავლეები შეძლებენ, გაიცნონ საერთო ინტერესების მქონე ნიჭიერი თანატოლები, მიიღონ ახალი ცოდნა, მოუსმინონ ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ სპიკერებს და სახალისო და შემეცნებით ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ისინი შეძლებენ, ზაფხულის არდადეგების ერთი კვირა სასიამოვნო გარემოში საინტერესოდ გაატარონ. ბანაკი 2022 წლის 19-26 ივნისს, ბაკურიანში გაიმართება.

ფოტო: კომაროვის სკოლა

კომაროვის სტემ ბანაკი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც სრულად აფინანსებს აღნიშულ პროექტს. აქედან გამომდინარე, მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასო იქნება.

ბანაკში მონაწილეობისთვის მოსწავლეებმა კონკურსის სამი ეტაპი უნდა გაიარონ. აპლიკაციის შევსება ამ ვებგვერდზე 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი. შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეებს სტემ საგნებში მოკლე ონლაინ ტესტირება ჩაუტარდებათ, ფინალურ ეტაპზე კი ისინი ონლაინ გასაუბრებას გაივლიან, რომლის საფუძველზეც საბოლოოდ შეარჩევენ ბანაკის მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ კომაროვის სკოლის გარდა, თითოეული სკოლიდან მაქსიმუმ ოთხი მოსწავლე შეირჩევა.

სტემი ინგლისური აბრევიატურაა (STEM), რომელიც მეცნიერებას (Science), ტექნოლოგიებს (Technology), ინჟინერიას (Engineering) და მათემატიკას (Mathematics) ნიშნავს. სტემ განათლება ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კომაროვის სკოლაც ცდილობს, ამ მიმართულების განვითარებაში მოწინავე როლი შეასრულოს. ბანაკის მიზანი მომავალი სტემ ლიდერების აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნით მათი უნარების რეალიზებაა. კომაროვის სტემ ბანაკი საუკეთესო შესაძლებლობაა ამ მიმართულებებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და სტემში არსებული სიახლეების, ინოვაციებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.