აშშ-ში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს: ჯონი დეპი ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივის და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონს ითხოვს. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.

ჯონი დეპმა და ამბერ ჰერდმა ურთიერთობა 2012 წელს დაიწყეს, 2015 წელს იქორწინეს, 2016-ში კი ჰერდმა განქორწინება მოითხოვა. სწორედ მაშინ დაადანაშაულა მან დეპი, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ის ცოლზე ფიზიკურად და ვერბალურად ძალადობდა. დეპი მაშინაც და ახლაც უარყოფს ბრალდებებს: ის ამტკიცებდა, რომ ამას ჰერდი ფინანსური სარგებლის მისაღებად აკეთებდა. ამბერ ჰერდის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ განქორწინებიდან მიღებული 7 მილიონი დოლარი საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.

გასულ კვირაში სასამართლოზე ჯონი დეპმა ჩვენება მისცა და ამბერ ჰერდთან ქაოსური, ხანდახან კი ძალადობრივი ურთიერთობის სხვადასხვა ეპიზოდი გაიხსენა. ამ სტატიაში სწორედ მისი ჩვენებებიდან, რომელიც 4 დღეს გაგრძელდა, რამდენიმე მნიშვნელოვან თემას წარმოგიდგენთ:

პარალელები თავის მშობლებთან

ჯონი დეპმა სასამართლოზე ბავშვობის მძიმე გამოცდილებაზე ისაუბრა და ერთგვარად პარალელები გაავლო თავისი მშობლების ურთიერთობასა და ამბერ ჰერდთან ქორწინებასთან. დეპმა თავის დედას, ბეტი პალმერს, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა, "მოძალადე" და "სასტიკი" უწოდა: მისი თქმით, დედას მისთვის საფერფლე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ტელეფონიც უსვრია.

"სიტყვიერი, ფსიქოლოგიური ძალადობა უარესი იყო, ვიდრე ცემა. ცემა ფიზიკურ ტკივილს გაყენებს, რომელთან გამკლავებასაც სწავლობ, იცი, როგორ უნდა მიიღო", — განაცხადა დეპმა სასამართლოზე.

სანაცვლოდ მან თავისი მამა "კეთილ" და "მშვიდ" კაცად დაახასიათა.

ძალადობრივი შეტყობინებები

ჯონი დეპი ამტკიცებს, რომ ქორწინებაში კონფლიქტების ინიციატორი ყოველთვის ამბერ ჰერდი იყო, თავად კი სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა: ხშირად განერიდებოდა თავის იმდროინდელ ცოლს და ოთახში იკეტებოდა.

სასამართლოზე მტკიცებულებების სახით წარმოადგინეს მისი პირადი მიმოწერა მეგობრებთან, სადაც ამბერ ჰერდს ხშირად "ძუკნას" და "გარყვნილ ბოზს" უწოდებს. მაგალითად, მსახიობ პოლ ბეთანის ის წერდა: "მოდი, დავწვათ ამბერი... სანამ დავწვავთ, ჯერ დავახრჩოთ!!! მერე მის დამწვარ გვამს მოვტყნავ, რომ დავრწმუნდე, ნამდვილად მკვდარია".

ჯონი დეპმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ამ წერილების "რცხვენია" და ის შავი იუმორით ახსნა: "ხანდახან ტკივილთან გასამკლავებლად იუმორი გვეხმარება, ზოგჯერ შავი იუმორიც".

ერთ-ერთ სხვა ასეთ პირად წერილში წერს, რომ "ჩხუბისას შორს შევტოპე", მაგრამ სასამართლოზე განაცხადა, რომ ამ სიტყვებში ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობდა.

ამბერ ჰერდის აღიარება

ჯონი დეპმა სასამართლოზე ჩვენების მიცემის მეორე დღეს განაცხადა, რომ თავის ყოფილ ცოლს "ძალადობის მოთხოვნილება ჰქონდა. ეს არსაიდან ჩნდებოდა. ასეთ დროს ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, ის იყო, რასაც ასევე ბავშვობაში მივმართავდი — თავის არიდება". მისი თქმით, წყვილი ხშირად კამათობდა: შეიძლება თავიდან მსუბუქი კონფლიქტით დაწყებულიყო და ძალადობრივ ჩხუბში გადაზრდილიყო. "შეიძლება გარტყმით, ხელის კვრით ან ჩემი მისამართით ნასროლი ტელევიზორის პულტით დაწყებულიყო. შეიძლება სახეში ღვინის ჭიქა ესროლა. ყოველთვის ასე იყო".

სასამართლოზე წარმოადგინეს აუდიოჩანაწერი, სადაც ჰერდი აღიარებს, რომ ჩხუბის დროს დეპზე ფიზიკურად იძალადა:

"საყვარელო, მე შენთვის მუშტი არ დამირტყამს. უბრალოდ გაგარტყი. არ ვიცი, რა ფორმაში იყო ჩემი ხელები, მაგრამ მშვენივრად ხარ. არ მომიყენებია ტკივილი, მუშტები არ დამირტყამს, მხოლოდ გაგარტყი", — ამბობს ამბერი ჩანაწერში.

დასვრილი ზეწრები

დეპმა სასამართლოზე განაცხადა, რომ 2016 წლის აპრილში, ერთ-ერთი ჩხუბიდან რამდენიმე დღეში, თავის ლოგინში "ადამიანის ფეკალიები" იპოვა. ამის ამსახველი ფოტო მას დაცვამ, შონ ბეტმა გაუგზავნა.

"ფოტოზე ჩანდა, რომ ჩვენი [დეპის და ამბერის] ლოგინის ჩემს მხარეს ადამიანის ფეკალიები იყო. ეს იმდენად უცნაური და გროტესკული იყო, რომ ამაზე მხოლოდ თუ გავიცინებდი".

მისი თქმით, ამბერ ჰერდმა "სცადა, რომ ეს ძაღლებისთვის გადაებრალებინა. ძაღლები ციცქნა იორკები არიან და 2 კილოსაც არ იწონიან. ამ ძაღლებთან ერთად ბევრი წელი მიცხოვრია და ვიცი, რომ ეს ძაღლების არ იყო... არ მგონია, რომ ასეთი მოპყრობა დავიმსახურე".

მოჭრილი თითი

ჯონი დეპმა გაიხსენა შემთხვევა, როცა მარჯვენა ხელის შუათითის ნაწილი დაკარგა. ეს 2015 წლის მარტში მოხდა, როცა დეპი კარიბის ზღვის მეკობრეების მეხუთე ნაწილის გადაღებებზე ავსტრალიაში იყო. მისი თქმით, დაზიანება ერთ-ერთი ჩხუბის დროს ჰერდმა მიაყენა.

"[ჩხუბის შემდეგ] სახლის ბარში არაყს ვსვამდი. დიდი ხნის შემდგე ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ალკოჰოლს გავეკარე. როცა ბარში დამინახა [ჰერდმა], ყვირილი დაიწყო: "ისევ სვამ! ურჩხული ხარ!"

დეპის თქმით, ყოფილმა ცოლმა მას ამ დროს არყის ბოთლი ესროლა, თუმცა დეპმა თავი გაწია, აცილება შეძლო და უფრო მოზრდილი არყის ბოთლიდან ჭიქაში ისევ ჩამოისხა სასმელი. როგორც მსახიობი იხსენებს, ამის შემდეგ ჰერდმა სწორედ ეს უფრო მოზრდილი ბოთლი ესროლა, რომელიც ბარის იმ ნაწილზე დაეცა, სადაც დეპს ხელი ედო.

"თავიდან ტკივილი არ მიგრძნია, მხოლოდ სიმხურვალე და ის, რომ ჩემს თითს რაღაც მოწყდა. ქვემოთ დავიხედე და გავიაზრე, რომ თითი გადამეჭრა — ჩემი თითიდან გამოჩრილ ძვალს ვხედავდი. არ ვიცი, ნერვული აშლილობა როგორია, მაგრამ ამ დროს მასთან ყველაზე ახლოს ვიყავი. ვაცნობიერებდი, რომ ეს არ არის ცხოვრება. არავინ იმსახურებს ამის გამოვლას".

ჰერდის მხარემ სასამართლოზე წარმოადგინა სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ჩანაწერი, სადაც დეპი ამბობს, რომ თითი თავად გაიჭრა. დეპის თქმით, თავის დროზე სიმართლე იმიტომ არ გაუმხილა სხვებს, რომ არ უნდოდა, მათი კონფლიქტის შესახებ ყველას გაეგო.

ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება

სასამართლოზე გამოსვლის მესამე დღეს ჯონი დეპმა თავისი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილებაზე ილაპარაკა. მაგალითად, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მერილინ მენსონთან მეგობრობაზე: "კი, ერთად ვსვამდით ხოლმე და ხანდახან კოკაინსაც ვიღებდით ერთად".

2014 წლის მაისში დეპი და ჰერდი კერძო თვითმფრინავით ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში გაფრინდნენ. ჰერდი ამტკიცებს, რომ მაშინ დეპმა წიხლი ჩაარტყა და სახეში გაარტყა, რასაც დეპი უარყოფს. დეპმა აღიარა, რომ ფრენამდე ორი აბი ოპიატი ჰქონდა მიღებული, რომელზეც ის დამოკიდებული იყო. მისი თქმით, ჰერდი ჩხუბის წამოწყებას ცდილობდა, რის გამოც ტუალეტში ჩაიკეტა და გონება დაკარგა.

სასამართლოზე წარმოადგინეს მისი პირადი შეტყობინებები, სადაც თვითონვე წერს, რომ აღნიშნული შემთხვევისას გაცილებით მეტი ნივთიერება ჰქონდა მიღებული, ვიდრე თავად თქვა: "ფხვნილები... ნახევარი ბოთლი ვისკი, ათასი რედბულ-არაყი, აბები, ორი ბოთლი შამპანური", რის შედეგადაც "გაბრაზებული და აგრესიული გავხდი, გონება დამებინდა, ვილანძღებოდი და ყველას შეურაცხყოფას ვაყენებდი, ვინც კი გამეკარებოდა".

ეჭვიანობა

სასამართლოზე ამბერ ჰერდის ადვოკატმა ჯონი დეპს გაახსენა, რომ ის თავის ყოფილ ცოლზე ეჭვიანობდა: ჰერდი ჯეიმს ფრანკოსთან ერთად ფილმში თამაშობდა, ჯონი დეპი კი ეჭვობდა, რომ მათ რომანი ჰქონდათ. მაგალითად, ადვოკატმა დეპს უთხრა, რომ ერთხელ "დაძაბული კამათიც" კი ჰქონდათ იმ სცენის შესახებ, რომელიც ჰერდს ფრანკოსთან ერთად უნდა გადაეღო, რაც დეპმა დაადასტურა და დაამატა, რომ როცა თავისი ყოფილი ცოლი დროს სხვებთან ერთად ატარებდა, თავს მშვიდად არ გრძნობდა. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ჯონი დეპი ამბერ ჰერდს ეუბნება: "ირაციონალური ვხვდები, როცა ფილმებში გიღებენ. ვეჭვიანობ, უცნაურად ვიქცევი და უფრო ხშირად ვჩხუბობთ".

არასტაბილური ეპიზოდები

ამბერ ჰერდის მხარემ სასამართლოზე მრავალი აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა წარმოადგინა, რომლებშიც დეპისა და ჰერდის ურთიერთობის ძალადობრივი, ქაოსური და ემოციურად არასტაბილური მომენტებია ასახული. მათ შორის ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ჰერდმა გადაიღო, ჩანს, როგორ აჯახუნებს კარადის კარებს ჯონი დეპი სამზარეულოში ღვინის დასხმისას.

"კი, მე თავს დავესხი სამზარეულოს კარადას, მაგრამ არა ქალბატონ ჰერდს", — აღნიშნა მან სასამართლოზე და დაამატა, რომ ამ დროს "შესაძლოა" გარკვეული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

"ვფიქრობ [ამ ჩანაწერში] ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის [ჰერდი] ცდილობდა, [კამერა] ჩემგან დაემალა და ბოლოს გამიღიმა და გაიცინა", — თქვა დეპმა.

კარიბის ზღვის მეკობრეები

ჯონი დეპმა თავისი დავის ფარგლებში სასამართლოზე უნდა დაამტკიცოს, რომ ამბერ ჰერდმა არა მხოლოდ ცილი დასწამა მას, არამედ დააზარალა კიდეც. ამის კონკრეტულ მიზეზად კი 2018 წელს The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ოპ-ედს ასახელებს. თუმცა ჰერდის ადვოკატები ამბობენ, რომ დეპის კარიერა იქამდეც უკვე არ იყო კარგ დღეში და ამის მაგალითად 2018 წელს, ჰერდის ოპ-ედამდე ორი თვით ადრე, გამოცემა Daily Mail-ში გამოქვეყნებული სტატია მოიყვანეს, რომელშიც ეწერა, რომ ჯონი დეპს კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ფილმში ჯეკ ბეღურას როლზე აღარ აიყვანდნენ.

"ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ არ მიკვირს. იქამდე უკვე 2 წელი მსოფლიო ცოლზე მოძალადეს მეძახდა. დარწმუნებული ვარ, დისნეის თავის დაზღვევის მიზნით სურდა, ჩემთან ურთიერთობა გაეწყვიტა", — განაცხადა დეპმა.

ჯონი დეპის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ამ პროექტიდან მოხსნის შესახებ მსახიობს დისნეიმ სწორედ ჰერდის მიერ გამოქვეყნებული ოპ-ედიდან რამდენიმე დღეში აცნობა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ პროექტში დისნეის ჯონი დეპის მონაწილეობა არ დაუანონსებია, მსახიობის თქმით, კომპანია ჯეკ ბეღურას პერსონაჟს გასართობ პარკებსა და სხვა კამპანიებში ხშირად იყენებს. ჯონი დეპმა ისიც აღნიშნა, რომ საკულტო როლს შეთავაზების შემთხვევაშიც კი აღარ დათანხმდება.

"ფაქტია, მისტერ დეპ, რომ დისნეიმ $300 მილიონი და მილიონი ალპაკაც რომ შემოგთავაზოთ, ამქვეყნად ვერაფერი დაგარწმუნებთ, რომ დისნეისთან თანამშრომლობით კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმში დაბრუნდეთ, ხომ ასეა?" — ჰკითხა ამბერ ჰერდის ადვოკატმა ჯონი დეპს, რაზეც მსახიობმა უპასუხა: "სწორია".

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი

ჯონი დეპმა სასამართლოზე თავისი ჩვენება იმ განცხადებით დაასრულა, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

დეპის დაცვის მხარემ წარმოადგინა აუდიომასალა, სადაც ჰერდი დეპს ეუბნება, რომ თუ საჯაროდ იტყვის, რომ მას ცოლი სცემდა, არავინ დაუჯერებს.

"მიდი, მოუყევი მსოფლიოს. უთხარი მათ, ჯონ — 'მე, ჯონი დეპი, კაცი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვარ' და ვნახოთ, რამდენი დაგიჯერებს ან შენს მხარეს დადგება", — ამბობს ამბერი ჩანაწერში.

სასამართლოზე დეპს ადვოკატმა ჰკითხა, არის თუ არა ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რაზეც მსახიობმა მიუგო: "კი, ვარ".

ჯონი დეპი თავის სარჩელში ამბერ ჰერდს ცილისწამებასა და კარიერის დანგრევაში ადანაშაულებს, ამიტომ ნაფიც მსაჯულებისთვის მთავარი საკითხი ის კი არაა, იყო თუ არა ჯონი დეპი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, არამედ შეძლებს თუ არა ის იმის დამტკიცებას, რომ ამბერ ჰერდი არ იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

ჯონი დეპის ოთხდღიანი ჩვენების მიცემა დასრულდა, თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება სხვა მოწმეების დაკითხვით.