ევროკავშირი დებულებას მიიღებს, რომელიც ტექ გიგანტებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს
ევროკავშირი, ონლაინ სამყაროს გასაკონტროლებლად, კიდევ ერთი ამბიციურ კანონზე შეთანხმდა.
22 აპრილს, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საბჭო ციფრული სერვისების დადგენილებაზე (DSA) შეთანხმდა, რომელიც ტექ კომპანიებს აიძულებს, მათ პლატფორმაზე განთავსებულ შინაარსზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. დადგენილება კომპანიებს ავალდებულებს, უფრო სწრაფად წაშალონ არალეგალური კონტენტი, ასევე, მომხმარებლებსა და მკვლევრებს განუმარტონ, თუ როგორ მუშაობს მათი ალგორითმი და უფრო მკაცრი ზომები მიიღონ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კომპანიებს, ჯარიმის სახით, მათი წლიური საქონელბრუნვის 6%-ის გადახდა მოუწევთ.
"DSA პრაქტიკულ ეფექტს აძლევს იმ პრინციპს, რომ ის, რაც არალეგალურია არავირტუალურ სივრცეში, ონლაინაც არალეგალური უნდა იყოს. რაც უფრო დიდია ონლაინ პლატფორმის ზომა, მით უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მფლობელ კომპანიას", — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ევროკომისიის კიდევ ერთმა წევრმა, მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, რომ დადგენილების საფუძველზე პლატფორმებს პასუხი მოეთხოვებათ იმ რისკებზე, რომელიც მათ სერვისს საზოგადოებისთვისა და მოქალაქეებითვის შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ DSA არ უნდა აგვერიოს DMA-ში, ციფრული ბაზრების დადგენილებაში, რომელიც ამ წლის მარტში შედგა. ტექ სამყაროზე გავლენას ორივე მათგანი ახდენს, თუმცა DSA უფრო მეტად იმაზეა ორიენტირებული, თუ როგორ აკონტროლებენ კომპანიები კონტენტს თავიანთ პლატფორმებზე. შესაბამისად, DSA, სავარაუდოდ, უფრო სწრაფ გავლენას იქონიებს ინტერნეტის მომხმარებლებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს ეხება, მისი ეფექტი მსოფლიოს სხვა ადგილებშიც იქნება შესამჩნევი. გლობალურმა ტექ კომპანიებმა, შესაძლოა, გადაწყვიტონ, რომ მათი ბიუჯეტისთვის პოლიტიკის შემუშავების ერთი სტრატეგია უფრო ეკონომიური იქნება და ეტალონად ევროკავშირის შედარებით მკაცრი რეგულაციები აიღონ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კანონმდებლებს დიდ ტექნოლოგიების მართვა საკუთარი რეგულაციებით ურჩევნიათ, შთაგონებისთვის უკვე ევროკავშირის წესებს მიმართავენ.
DSA-ის საბოლოო ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ მისი რამდენიმე პუნქტი გაასაჯაროვეს:
- აკრძალულია მიზნობრივი რეკლამა, რომელიც ეფუძნება ადამიანის რელიგიას, სექსუალურ ორიენტაციას, ან ეთნიკურობას. რეკლამის სამიზნე ჯგუფს არ უნდა წარმოადგენდეს არასრულწლოვნები.
- აკრძალულია "ბნელი ნიმუშები" — დამაბნეველი, ან თაღლითური ანგარიშები, რომელთა მიზანია, მომხმარებლებს გარკვეული არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგონ. გარდა ამისა, ახალი კანონი კომპანიებს ავალდებულებს, გამოწერის გაუქმება ისეთივე მარტივი გახადონ, როგორიც თვითონ გამოწერაა.
- Facebook-ის მსგავს მსხვილ ონლაინ პლატფორმებს მოუწევთ, მომხმარებლებისთვის საკუთარი რეკომენდაციის ალგორითმების გამჭვირვალობა უზრუნველყონ (მაგალითად, ნიუს ფიდზე სხვადასხვა შინაარსის, თუ Netflix-ზე სატელევიზიო გადაცემების შეთავაზების ალგორითმები). მომხმარებლებს ასევე უნდა შესთავაზონ სარეკომენდაციო სისტემა, რომელიც "არ იქნება პროფილზე დაფუძნებული. მაგალითად, Instagram-ის შემთხვევაში ეს ქრონოლოგიურად დალაგებულ ფიდს ნიშნავს.
- ჰოსტინგის სერვისებსა და ონლაინ პლატფორმებს მოუწევთ, ნათლად განმარტონ, თუ რატომ მოაცილეს პლატფორმებიდან არალეგალური შინაარსი. ასევე, მათ მომხმარებლებს ასეთი შემთხვევების გასაჩივრების უფლებაც უნდა მისცენ. აღსანიშნავია, რომ თვითონ DSA არ განსაზღვრავს, თუ რა ტიპის შინაარსია არალეგალური და ამის გაკეთებას იგი ევროკავშირის ქვეყნებს ავალებს.
- უმსხვილეს ონლაინ პლატფორმებს მოუწევთ, მკვლევრებს საკვანძო მონაცემები მიაწოდონ. ამ პუნქტის მიზანი ინტერნეტ რისკების განვითარების საკითხში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
- ონლაინ ბაზრებმა თავიანთ პლატფორმებზე მოვაჭრეების შესახებ ძირითადი ინფორმაცია უნდა შეინახონ, რათა თვალყური ადევნონ იმ პირებს, რომლებიც არალეგალურ პროდუქტსა და მომსახურებას ჰყიდიან.
- ასევე, კრიზისის დროს დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის მსხვილ კომპანიებს ახალი სტრატეგიის დაგეგმვა მოუწევთ. (ამ პუნქტის შთაგონება ორი თვის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა).
DMS-ის მსგავსად, სავარაუდოდ, DSA განსხვავებულად იმოქმედებს სხვადასხვა ზომის კომპანიების შემთხვევაში და შედარებით მსხვილ კომპანიებს უფრო დიდ ვალდებულებებს დააკისრებს. ყველაზე ინტენსიურ შემოწმებებს ისეთი ტექ კომპანიები გაივლიან, რომლებსაც ევროკავშირში მინიმუმ 45 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ასეთები არიან Google და Meta. ეს კომპანიები აქტიურად ლობირებენ DSA-ის მოთხოვნების შესამსუბუქებლად, რაც, განსაკუთრებით, გარე მკვლევრებისთვის მონაცემების მიწოდებისა და მიზნობრივი რეკლამების ვალდებულებებს ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები DSA-ის ძირითად პირობებზე უკვე შეთანხმდნენ, ჯერჯერობით, დებულება ძალაში შესული არაა. კანონი შეეხება ევროკავშირში მოქმედ ყველა კომპანიას მისი მიღებიდან 15 თვის შემდეგ, ან 2024 წლის პირველი იანვრიდან, რომელიც უფრო გვიან იქნება.
კომენტარები