ათწლეულებია რაც არსებობს საკამათო თეორია, რის მიხედვითაც ცნობიერების ფენომენის ახსნა კვანტური ეფექტებით შეიძლება. ახლა კი ახალი კვლევის მიხედვით ეს კიდევ უფრო რეალურია.

ადამიანებს ცნობიერების ბუნება დიდი ხანია გვაინტერესებს. არსებობს იდეა, რომ კვანტური ფიზიკის უჩვეულო კანონები, რომლებიც სამყაროს მართავენ, ჩვენი ცნობიერის უკანაც დგას და სწორედ ამიტომ ვართ ცნობიერი არსებები. ინფორმაციას New Scientist ავრცელებს.

1990-იან წლებში ფიზიკოსმა როჯერ პენროუზმა და ანესთეზიოლოგმა სტიუარტ ჰამეროფმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ პაწაწინა მიკროტუბულებს, ღრუ მილებს, რომლებიც ქმნიან მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების "ჩონჩხებს", შეუძლიათ დრო-სივრცის სტრუქტურის დარღვევა, რაც აისახება კვანტური სუპერპოზიციის სახით. ეს კვანტური მექანიკის ფუნდამენტური პრინციპია, რის მიხედვითაც ფიზიკურ სისტემას, შეუძლია არსებობდეს ორ მდგომარეობაში ერთდროულად.

სუპერპოზიციების ეს ფენომენი ცნობიერებას არსებობის საშუალებას აძლევს, ვარაუდობს თეორია, რომელიც ცნობილია როგორც ორკესტრირებული ობიექტური რედუქცია (Orch OR). ბევრმა მეცნიერმა უარყო ეს იდეა. თუმცა, ახლა New Scientist-ის თანახმად, ეს თეორია ბოლო დროს კვლავ ძალებს იკრებს.

ერთ-ერთ ბოლო ექსპერიმენტში ჯეკ ტუზინსკის ხელმძღვანელობით კანადის ალბერტას უნივერსიტეტის ჯგუფმა დაადგინა, რომ საანესთეზიო საშუალებები მიკროტუბულებს საშუალებას აძლევს ხელახლა გამოასხივონ ჩარჩენილი შუქი ბევრად უფრო მოკლე დროში, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.

მათ აღმოაჩინეს, რომ ენერგეტიკულ ხაფანგში მოხვედრილი სინათლე ხელახლა ასხივებდა უცნაური შეფერხების შემდეგ. ეს პროცესი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შეიძლება იყოს კვანტური წარმოშობის, განმარტავს New Scientist.

საანესთეზიო საშუალების გამოყენებით, ეს შეფერხება მნიშვნელოვნად შემცირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ აზროვნება შეიძლება იყოს შეფერხების უკან. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, შეუძლია თუ არა ექსპერიმენტს რეალურად ახსნას, თუ რა გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ცნობიერი.

"ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ცნობიერებასთან ამ კავშირის შესწავლას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს ფენომენი უშვებს ცნობიერების არსებობას. იმის მტკიცებულება, რომ უჯრედების გაყოფა გარკვეულწილად ემყარება კვანტურ ეფექტებს, ბიოლოგიისთვის უზარმაზარი მიღწევა იქნება", — ამის შესახებ New Scientist-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ვლატკო ვედრალმა განუცხადა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.