რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ 20 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსები თავიანთ მკვდრებს ფრონტის ხაზზე ტოვებენ და მათ გვამებს ქვეყანაში არ აბრუნებენ. რუსეთში ინფორმაციული ვაკუუმი იქმნება, მკვდარი სამხედროების ოჯახებს მათი დაღუპვის შესახებ ცნობები არ მიეწოდებათ.

როგორც Washington Post აღნიშნავს, იმისათვის, რომ რუსეთის მოსახლეობამ რეალობას გაუსწოროს თვალი და ამავდროულად საკუთარ გვამებს დაუწყონ ძებნა, უკრაინელი ჯარისკაცები, Clearview Ai-ს სახის ამომცნობი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მკვდარი რუსი ჯარისკაცების ფოტოებს მათ დედებს უგზავნიან.

Washington Post-ის თქმით, Clearview-ს ხელოვნური ინტელექტი იმდენად მძლავრია, რომ მან იმ მკვდარი ჯარისკაცის იდენტიფიცირებაც შეძლო, რომლის თავიც ძალიან მძიმედ იყო დაზიანებული.

Clearview AI სახეების ამოსაცნობად სოციალურ ქსელებსა და ზოგადად, ინტერნეტში განთავსებულ 20 მილიარდზე მეტ ფოტოს იყენებს.

"Clearview AI-ს ფაქტობრივად ყველანაირ ფოტოსთან მუშაობა შეუძლია. ის სიბნელეშიც კი მუშაობს და არც სათვალეები ან მსგავსი ატრიბუტები უშლის ხელს სახის ამოცნობაში. მეტიც, ხელოვნური ინტელექტი იმდენად დახვეწილია, რომ მას სახის სრული ვიზუალის აღსადგენად გარკვეული ფრაგმენტებიც ჰყოფნის და ამას იმ შემთხვევაშიც ახერხებს, თუ სახე საკმაოდ დაზიანებულია", — განაცხადა Clearview-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Hoan Ton-That-მა.

მოწყალება თუ ბარბაროსობა

ექსპერტების აზრით მსგავსი ქცევა კონტრავერსიულია და მორალური ზღვრების გავლება ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად რთულდება. ბრიტანელი მკვლევარი, Stephanie Hare ამბობს, რომ მსგავსი ქმედებისთვის ჯერ სახელი არ შეგვირჩევია და ეს ომის კრიმინალებსა და ჰაკტივისტებს შორის ზღვრებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი საკუთარ ხალხს პროპაგანდით ასაზრდოებს და მათ მკვდარი ჯარისკაცების შესახებ რეალურ ინფორმაციას არ აწვდის.

"თუ მსგავს რამეს უკრაინელი დედებისადმი რუსი ჯარისკაცები გააკეთებდნენ, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს ბარბაროსობაა. ასევე, ძნელი გასაგებია თუ როგორ მოქმედებს ეს რუს დედებზე. შესაძლოა მათ თქვან — შეხედეთ ამ ბოროტ უკრაინელებს, რას უშვებიან ჩვენს ბიჭებს", — ამბობს სტეფანი.

სტეფანი ჰარის ხედვა გასაგებია და მასში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცები ჩერნობილის რადიაციული ტყისთვისაც გაიმეტა და ისინი დაბინძურებულ გარემოში ისე შეუშვა, რომ არც კი გაუფრთხილებია.

ასევე: უკვე ოფიციალურად დასტურდება: ასობით რუსი ჯარისკაცი ჩერნობილში რადიაციით მოიწამლა

მსგავსი შემთხვევები უამრავია, რუსეთს საკუთარი ჯარის სიცოცხლე არ ადარდებს და ოკუპანტებმა ეს არაერთხელ დაადასტურეს, შესაბამისად შეგვიძლია დავსვათ კითხვა — ის, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები აკეთბენ მოწყალებაა თუ ბარბაროსობა?

რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 50 დღეში, უკრაინელებმა მკვდარი და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ამოსაცნობად, სახის ამომცნობი სისტემა 8 600-ჯერ გამოყენეს და რუსეთში მყოფ ასობით ოჯახს დაუკავშირდნენ.