როგორ გავგზავნოთ ჩვენი სახელები მთვარეზე? — ამაში NASA-ს ახალი წამოწყება დაგეხმარებათ
NASA-ს Artemis მისია, რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაუშვებენ, ადამიანების მთვარეზე დაბრუნების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მართალია, Artemis 1 მისია ეკიპირებული არ იქნება და მთვარეზე ჯერ ფიზიკურად ვერავინ დაადგამს ფეხს, თუმცა შეგვეძლება, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე საკუთარი სახელები მაინც გავგზავნოთ.
აღსანიშნავია, რომ Artemis 1-ის ფარგლებში მთვარეს 6 დღის განმავლობაში შემოუვლიან გარს, თავად მისია კი დაახლოებით 25 დღეს გასტანს. როგორც უკვე ვახსენეთ, იგი ეკიპირებული არ იქნება, თუმცა SLS-ისა (NASA-ს ახალი რაკეტა, რომელიც კოსმოსის შესწავლას ისახავს მიზნად) და Orion-ის მოდულისთვის, რომელშიც მომავალში ასტრონავტებს დააბინავებენ, უდიდესი ტესტირების როლს შეასრულებს.
ამ ბმულზე შეგიძლიათ, სამგზავრო ბარათის მისაღებად საკუთარი მონაცემები შეიყვანოთ, თქვენი სახელი კი ფლეშ-მეხსიერების მოწყობილობაში შეინახება. შემდეგ მას Orion-ის შიგნით მოათავსებენ — თქვენ თუ არა, კოსმოსში თქვენი მონაცემები მაინც წავა.
საგულისხმოა, რომ, თუ მთვარეზე გამგზავრება თავადაც გსურთ, პირველი რამდენიმე გაშვებისას ეკიპაჟი უკვე შერჩეულია. Artemis 2, მთვარის ახალი პროგრამის პირველი ეკიპირებული მისია, სავარაუდოდ, 2024 წელს შესრულდება.
ამჟამად Artemis 1-ის რაკეტას გამშვებზე ტესტავენ, სანამ საბოლოოდ გაგზავნიან კოსმოსში. მსგავსი მისიები საბოლოოდ Artemis 3-მდე მიგვიყვანს, რომელიც მთვარეზე ადამიანებს დასვამს. საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი 2025 წლამდე არ იგეგმება.
კომენტარები