მანძილი სახლიდან ომის დროს
ტეტიანა როვნა ბუჩადან მაშინ გამოიქცა, როცა რუსული ძალები კიევის გარეუბნისკენ მიიწევდნენ. ის OC Media-ს მოუყვა უკრაინიდან მისი გამგზავრებისა და იმის შესახებ, როგორი იყო ომით დანგრეული სახლის შორიდან ხილვა.
საჰაერო განგაშის გაფრთხილება ტეტიანასთან ჩემს მშვიდ საუბარს მაწყვეტინებს, რადგან ტელეფონზე ქალაქ კროპივინცკზე რუსული საჰაერო თავდასხმის შესახებ შეტყობინებას იღებს. უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილი აპლიკაცია მას მოუწოდებს, რომ უახლოეს თავშესაფარში სწრაფად წავიდეს. ინსტრუქციების გათვალისწინება არ სჭირდება — ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით, საქართველოში, თბილისში ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უსაფრთხოდ ცხოვრობს, ტატიანას ურჩევნია შეტყობინებები კვლავ მიიღოს, რადგან მისი ასაკოვანი მშობლები ისევ საფრთხეში არიან.
"[საჰაერო] განგაშის სიგნალი დღეში რამდენჯერმე ირთვება, ეს ნიშნავს, რომ მათ, შესაძლოა, თავდასხმა განახორციელონ. როცა ეს დღის განმავლობაში ხდება, ვცდილობ, დედას და მამას დავურეკო. როცა ღამით ხდება — უბრალოდ არ მძინავს, არცერთ ჩვენგანს, არც მე და არც ჩემს დას არ გვძინავს", — მეუბნება ის.
ტეტიანა კროპივინცკის მახლობლად დაიბადა, თუმცა ბოლო წლებში ბუჩაში, ოდესღაც აყვავებული კიევის გარეუბანში ცხოვრობდა. მან ბუჩა 24 თებერვალს დატოვა, როცა ბელარუსში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის დედაქალაქ კიევისკენ ბლიცკრიგი წამოიწყეს.
მასთან ერთად ტეტიანამ წაიყვანა თავისი 16 წლის შვილი სონია, თავისი და ირინა და მისი 4 წლის შვილი კატია. ბუჩა რუსების ხელში 12 მარტს ჩავარდა და ოკუპირებული იყო მანამდე, სანამ 3 აპრილს უკრაინულმა ძალებმა კონტროლი არ დაიბრუნეს.
რუსული ჯარების მიერ დატოვებულმა აოხრებულმა სცენებმა მსოფლიოს შოკირება გამოიწვია: კვირების განმავლობაში გზისპირზე დატოვებული ცხედრები, სიკვდილით დასჯის სტილში დახვრეტილი ხელებშერკული მშვიდობიანი მოქალაქეები, უთვალავი ისტორია გაუპატიურებისა და წამებისას გადარჩენილებისგან.
კროპივინცკი კიროვოჰრადის ოლქში, ქვეყნის ცენტრში, ფრონტის ხაზისგან შედარებით შორს მდებარეობს. თუმცა ეს მანძილი საკმარისი არ არის, რომ ქალაქი საჰაერო განგაშის სიგნალებისა და იმ სარაკეტო თავდასხმებისგან იხსნას, რომელსაც ჭრილობების გარეშე ქვეყნის არცერთი ნაწილი არ დაუტოვებია. საჰაერო თავდასხმის შესახებ მიღებული ყველა შეტყობინება მას უსაფრთხოების შეგრძნების იმ ცრუ გრძნობას ახსენებს, რომელიც მაშინ განიცადა, როცა პირველად დატოვა ბუჩა, რომ მშობლებთან წასულიყო — მაშინ არ იცოდა იმ გრძელი მოგზაურობის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ელოდა.
ტეტიანა ამბობს, რომ აბსოლუტურ უძლურებას განიცდიდა, როცა კროპივინცკში განგაშის სიგნალი გრძელდებოდა,
"ყველაზე შემზარავი ის გრძნობაა, როცა ცოცხალი ხარ, თუმცა, თუ რამე მოხდება, მაინც არ შეგიძლია შვილი გადაარჩინო. შემდეგ შენს მშობლებს უყურებ თვალებში, შემდეგ შენს შვილს და თავს კარგავ, რადგან არაფრის გაკეთება არ შეგიძლია".
შვილებზე მისმა შიშმა პიკს მაშინ მიაღწია, როცა 4 მარტს, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს — უდიდესი ატომური ელექტროსადგური ევროპაში. ტეტიანამ თავისი და ბავშვების საზღვარგარეთ წაყვანაში მას შემდეგ დაარწმუნა, რაც სონიამ დედას უთხრა, რომ ბომბებისა და რაკეტების არ ეშინია, რადგან "რაც იქნება, მოხდება სწრაფად", მაგრამ ეშინია იმის, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ჯარისკაცები "ჩვენს სახლში მოვლენ".
"მისი ცხოვრება ჩემს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, მივხვდი, რომ თავს ვერ ვაპატიებდი, თუ მას რამე მოუვიდოდა", — იხსენებს ტეტიანა.
სწორედ ასე გახდნენ ტეტიანა, ბავშვები და თავისი და ლტოლვილები, იმ 4,2 მილიონ უკრაინელს შორის, რომლებმაც გაეროს თანახმად, სამშობლო დატოვეს.
"არ იტირო"
ტეტიანას მომდევნო დღესაც შევხვდი. ამჯერად ის თავის უმცროს დასთან, ირინა რახნისთან და კატიასთან ერთად იყო. ორი დედა უკრაინის გარეთ მათი მოგზაურობის ბოლო ეტაპის შესახებ მიყვება.
დებმა და მათმა შვილებმა კროპივინცკი მატარებლით 4 მარტს დატოვეს. მატარებელი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვისკენ მიემართებოდა. ჩასვილსთანავე ისინი ავტობუსში ჩასხდნენ, რომელმაც პოლონეთის საზღვარზე გადაიყვანა.
"წარმოიდგინეთ მინდორი, სადაც მარტო ხართ. იქ დგახართ და არაფერი გაქვთ, მხოლოდ ერთი ჩანთა რაღაც ნივთებით და მორჩა", — ირინა რახნი, ტეტიანას და იხსენებს, რას გრძნობდა, როცა პოლონეთის მიწაზე პირველად დადგა ფეხი.
როგორც ბევრი სხვა, ირინაც ამბობს, რომ იმ მომენტამდე არ სჯეროდა ომის დაწყების, სანამ არ დაიწყო. მეტიც, მისი თქმით, სანამ წასვლას გადაწყვეტდა, ამ ხოცვა-ჟლეტის საკუთარი თვალებით ხილვასაც კი ელოდა. ირინა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი 4 წლის შვილი, კატია სახლთან ახლოს საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის ხმამ გააღვიძა, მას ძილის პრობლემები აქვს.
"იმ დროს, როცა ახალ ამბებს ვადევნებდი თვალს და ვხედავდი ლტოლვილებს, ხალხს, რომლებიც სახლებს ტოვებდნენ ჩემოდნებით, ბავშვებით ან საერთოდ არაფრით, ვერ წარმომედგინა, რომ ეს მეც დამემართებოდა. შემდეგ, ჩემი თავი იმავე პოზიციაში აღმოვაჩინე", — ამბობს ირინა.
"საზღვართან, როცა ფოტოგრაფი დავინახე, რომელიც კატიას ფოტოს უღებდა, უბრალოდ მინდოდა, რომ მთელი მსოფლიოსგან დავმალულიყავი", — დაამატა მან ემოციებით აკანკალებული ხმითა და ცრემლიანი თვალებით. ამ მომენტში კატიამ, რომელიც დედის გვერდით ჩუმად იჯდა, დაილაპარაკა:
"არ იტირო", — უთხრა დედას. ირინამ სახიდან ცრემლები მოიწმინდა.
"ვწუხვარ, როცა ტირის", — მეუბნება 4 წლის კატია.
"დედა, აქ მოგწვდებიან რაკეტები?"
კატიას დედასთან ბევრი კითხვა ჰქონდა.
როდესაც პოლონეთში საზღვარი გადაკვეთეს და ზრდასრულებმა შვება იგრძნეს, გოგომ დედას ჰკითხა, მისწვდებოდა თუ არა მათ რაკეტები ახალ ქვეყანაში. კატია დედას, ასევე, ეკითხებოდა, როდის შეძლებენ სახლში დაბრუნებას, როდის "დაუბრუნდებიან მამას". ამ კითხვაზე ირინას პასუხი არ აქვს.
ირინას და ტატიანას უკრაინაში კიდევ ბევრი ნათესავი ჰყავთ, მათ შორის, მშობლები და ირინას ქმარი — სამხედრო კანონი კაცებს, რომლებსაც სამხედრო ასაკი აქვთ, ქვეყნის დატოვებას უკრძალავს.
დებმა პოლონეთი 8 მარტს დატოვეს, კატოვიციდან დასავლეთ საქართველოს ქალაქ ქუთაისში გამოფრინდნენ, სადაც ისინი ტეტიანას უკრაინელ ყოფილ ქმარს, სონიას მამას შეხვდნენ, რომელმაც ისინი თბილისში წაიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ 10 წელია დაშორებულები არიან, ტეტიანამ და მისმა ყოფილმა ქმარმა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს. ის დებს საცხოვრებლის მოძებნაში და ახალ სახლში დაბინავებაში დაეხმარა.
ქართველები, ამატებს ის, ძალიან კარგად დაგვხვდნენ.
"პირველ დღეს, როცა ჩემი შვილი საქართველოში ახალ სკოლაში მივიდა, თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები უკრაინის ჰიმნით დახვდნენ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო", — ამბობს ტეტიანა და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოხატული სტუმართმოყვარეობითა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერით ძალიან აღფრთოვანებულია.
უკრაინაში ტეტიანა საშუალო ზომის საწარმოში შესყიდვების მენეჯერად მუშაობდა, მაგრამ სამსახური მას შემდეგ დაკარგა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ კომპანიამ მუშაობა შეაჩერა. ახლა იმედი აქვს, რომ სამსახურს თბილისში იპოვის — მას ახლახანს საქართველოში დაფუძნებულმა უკრაინელმა მეწარმემ მენეჯერის პოზიცია შესთავაზა.
"ძალიან მინდა მუშაობა. ეს მშვიდად ყოფნაში დამეხმარება, რადგან არ ვიცი, აქ რამდენ ხანს გავჩერდებით", — მეუბნება ტეტიანა.
სახლის სუნი
ტეტიანას 42-ე დაბადების დღე 31 მარტს ჰქონდა. იმ დღეს არ ყოფილა არც დაბადების დღის ტორტი, არც აღნიშვნა. დიდი ხნის ტრადიციის შესანარჩუნებლად ირინამ დას ყვავილების თაიგული აჩუქა.
"მან ყვითელი ნარცისი მომიტანა და ტირილი დაიწყო. "რატომ ტირი?" — ვკითხე და მითხრა — "დედას ბაღში რომ ყვავილებია, იმის სუნი აქვთ, სახლის სუნი აქვთ", — იხსენებს ტეტიანა.
ტეტიანას თქმით, ერთადერთი სურვილი, რომელიც დაბადების დღეზე ჩაიფიქრა, არის, რომ მშობლები ცოცხლები გადარჩნენ და მათთან დაბრუნება შეძლოს. როცა პატარა იყო, ხშირად წარმოიდგენდა ცხოვრებას უკრაინის გარეთ, მაგრამ ახლა, როცა რუსული შეჭრის წინააღმდეგ მისი თანამემამულეების შემართებას ხედავს, დარწმუნებულია, რომ მისი ადგილი უკრაინაშია.
"ხალხს ესმის, რომ ეს საშიშია, მაგრამ მაინც ბრუნდებიან უკან, იმიტომ, რომ ის მათი სახლია. ჩვენ დავბრუნდებით, გავასუფთავებთ, ავაშენებთ და ერთად მოვწმენდთ ქუჩებს", — ამბობს ის.
ირინა, რომლის დაბადების დღეს ნოემბერშია, ამბობს, რომ დარწმუნებულია, ამ დღეს სახლში, უკრაინაში აღნიშნავენ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები