რატომ ილოკავენ ჭრილობებს ძაღლები და სხვა ცხოველები?
ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ, რომ ძაღლები მათი მოშუშების მიზნით ჭრილობებს ილოკავენ ხოლმე. სხვათა შორის, ამგვარი ქცევა კიდევ არაერთ სხვა ცხოველში შეინიშნება, მათ შორის, თაგვებსა და ჭიანჭველებშიც კი. მაშ, რატომ აკეთებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ამას?
დოქტორი ბენჯამინ ჰარტის, ყოფილი ვეტერინარისა და პროფესორის თქმით, ეს ძირითადად ლოკვის მაამებელი მოქმედებითა და ნერწყვის სამკურნალო თვისებებით აიხსნება. ჭრილობის ლოკვა ბუნებრივი სელექციისაგან განპირობებული ინსტინქტური ქმედებაა, რომელსაც გაღიზიანების დაცხრობა და ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. შესაძლოა, ამან სწრაფ განკურნებასაც შეუწყოს ხელი, თუმცა ზოგჯერ საწინააღმდეგო შედეგსაც იძლევა — განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭრილობების სამკურნალოდ ამჟამად ბევრად უკეთესი საშუალებებიც არსებობს.
დოქტორი კრისტი ფლინის, ვეტერინარისა და ცხოველთა ქცევის ექსპერტის, თქმით, ცხოველებისათვის ლოკვა, სავარაუდოდ, განკურნების საუკეთესო გზაა — მათ ხომ არც მედიკამენტები აქვთ ხელთ და არც რაიმე სხვა საშუალება. ამას ჭრილობიდან სხვადასხვა ნარჩენის, მათ შორის, ჭუჭყის ან დაზიანებული კანის, მოშორება შეუძლია. იგი ასევე ამცირებს ტკივილსა და გაღიზიანებას. ეს იგივეა, ადამიანმა კარადას ფეხის თითი წამოჰკრას, შემდეგ კი ნატკენი ადგილის ზელა დაიწყოს.
"ტკივილის შეგრძნებისას ადგილის დაამების მცდელობა ცხოველების ბუნებრივი მისწრაფებაა", — განაცხადა ფლინმა Live Science-თან საუბრისას, ჰარტმა კი მოგვიგო, რომ "ჭრილობების ლოკვა ძაღლების ინსტინქტია, რომელიც სათავეს მგელი წინაპრებისგან იღებს".
ინსტინქტს, რომელიც ტკივილის შემსუბუქებასა და ჭრილობის გასუფთავებას ემსახურება, სხვა ბიოლოგიური კომპონენტიც ახასიათებს — ჰარტისა და სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ზოგიერთი ცხოველის (მათ შორის, ადამიანის) ნერწყვს ანტიბაქტერიული, ასევე ქსოვილისა და ნერვების ზრდის მასტიმულირებელი, თვისებები აქვს, რომლებიც ჭრილობის მოშუშებას აჩქარებს.
მაგალითად, ჟურნალში Physiology & Behavior გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ძაღლის ნერწყვი ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებს Streptococcus canis (იგი სტრეპტოკოკების წარმომადგენელია, რომელიც ძირითადად ძაღლებს აინფიცირებს) და E. coli.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანისა და ძაღლის ნერწყვი შეადარეს ერთმანეთს. დადგინდა, რომ ამ უკანასკნელთა ნერწყვი რამდენიმე იმუნური და უჯრედთა ზრდის მასტიმულირებელი ცილით გამოირჩევა. ამასთანავე, ორი სხვადასხვა კვლევის თანახმად, მღრღნელების ნერწყვი შეიცავს ნაერთებს, რომლებიც კანის ზრდასა და ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს. ანალოგიური ზრდის ფაქტორები მცირე რაოდენობით ადამიანის ნერწყვშიც აღმოაჩინეს.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა, თანამედროვე მედიცინის სამყაროში ჭრილობების ლოკვამ სარგებელზე მეტი ზიანი მოიტანოს. ფლინის თქმით, ნაოპერაციები ადგილის ლოკვას ნაკერების დაზიანება შეუძლია, ეს კი სულ მცირე პრობლემასაც კი დიდ არეულობად აქცევს — სწორედ ამიტომ უკეთებს ვეტერინარი ძაღლებსა და კატებს დიდ პლასტმასის საყელოს. ძაღლებს გადამეტებული ლოკვა სჩვევიათ, ამან კი შესაძლოა, ჭრილობის მოშუშება შეაყოვნოს.
ფლინის თქმით, შესაძლოა, ჭრილობების ლოკვამ პირიდან დაზიანებულ ადგილზე ბაქტერიები გადაიტანოს და ინფექციის შეჭრის რისკი გაზარდოს. მართალია, ნერწყვს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, თუმცა იგი ყველა ბაქტერიას მაინც არ ანადგურებს. მაგალითად, ჰარტის მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ ძაღლის ნერწყვი სტაფილოკოკს არ კლავს.
მაშასადამე, თუკი ჭრილობების ლოკვა განსაკუთრებით სასარგებლო არ არის, რატომ განიცადა ევოლუცია და გადაეცა უამრავ თაობას?
"ყველაფერი, რამაც ევოლუცია განიცადა, 100%-ით ეფექტური არ არის", — განაცხადა ჰარტმა — "იგი შემთხვევათა 50-75%-ში უნდა ამართლებდეს და ბუნებრივი სელექციით მაინც შენარჩუნდება, რადგან არაფერს ნამდვილად სჯობს".
მიუხედავად ამისა, თანამედროვე მეცნიერება და მედიცინა, ჩვეულებრივ, ევოლუციაზე სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, ჭრილობების ლოკვა ველური ცხოველებისათვის, რომელთაც სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ, მშვენიერი მეთოდია, თუმცა, უმჯობესი იქნება, თუკი კატებისა და ძაღლების პატრონები ეფექტური მკურნალობისათვის ბუნებრივი ინსტინქტის იმედად არ დარჩებიან.
კომენტარები