22-წლიანი გაუჩინარების შემდეგ ჩარლზ დარვინის ჩანაწერები ბიბლიოთეკაში დააბრუნეს
სწორედ ამ წიგნაკებში "დაიბადა" ევოლუციის თეორია.
ჩარლზ დარვინის კუთვნილი ორი წიგნაკი, რომელიც უკანასკნელად 22 წლის წინ იხილეს, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ახლახან გაურკვეველ ვითარებაში დააბრუნეს. პატარა ტყავის წიგნები მილიონებადაა შეფასებული. ისინი მას შემდეგ დააბრუნეს, რაც 15 თვის წინ BBC-მ მათი დაკარგვის ამბავი პირველად გააშუქა.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარის, დოქტორი ჯესიკა გარდნერის, თქმით, დაბრუნებული წიგნაკები კარგ მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, უცნობია, თუ ვინ დატოვა ისინი. მეცნიერის საკუთრება ვარდისფერ პარკში იყო მოთავსებული, რომელიც 9 მარტს იატაკზე დატოვეს დოქტორი გარდნერის ოფისის გარეთ, ბიბლიოთეკის საჯარო ნაწილში. ადგილს სათვალთვალო კამერები არ აკონტროლებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ დადგინდა, რომ წიგნაკები მართლაც ორიგინალია. ისინი 1830-იანი წლებით თარიღდება და მაშინ შეიქმნა, როდესაც დარვინი გალაპაგოსის კუნძულებიდან დაბრუნდა. ერთ-ერთ გვერდზე ხის გრძელი ჩანახატია გაკეთებული, რომელიც მას ევოლუციის თეორიის შექმნაში დაეხმარა. ეს უკანასკნელი დაახლოებით 20 წლის შემდეგ მისი ნაშრომების ცენტრალურ თეორიად იქცა.
"ბუნებრივი სელექციისა და ევოლუციის თეორია, ალბათ, სიცოცხლესა და დედამიწასთან დაკავშირებულ მეცნიერებებში ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიაა. იგი სწორედ ამ წიგნაკებში შეიკრა", — აცხადებს ჯიმ სეკორდი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების ისტორიისა და ფილოსოფიის ემერიტუს პროფესორი — "ისინი მეცნიერების მთელ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტებია".
მანუსკრიპტები ბოლოს 2000 წლის ნოემბერში იხილეს, სანამ სპეციალური კოლექციებისთვის განკუთვნილი საცავიდან ფოტოების გადასაღებად გამოიტანდნენ. ჩვეული შემოწმების შედეგად მხოლოდ ორი თვის შემდეგ მიხვდნენ, რომ ისინი ადგილზე აღარ იყო. თავდაპირველად ბიბლიოთეკარებმა იფიქრეს, რომ არასწორ ადგილას დადეს უნივერსიტეტის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში, რომელშიც მინიმუმ 10 მილიონი წიგნი, რუკა და მანუსკრიპტი ინახება.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნაკები არაერთხელ მოძებნეს, ისინი მაინც ვერ იპოვეს. 2020 წელს დოქტორმა გარდნერმა საბოლოოდ დაასკვნა, რომ ისინი, დიდი ალბათობით, მოპარული იყო. მან პოლიცია გამოიძახა და ამბავი ინტერპოლსაც შეატყობინა.
ექსპერტებმა მანუსკრიპტების სინამდვილე რამდენიმე დეტალით დაამტკიცეს.
"დარვინი წიგნაკებში სხვადასხვა სახის მელანს იყენებს. მაგალითად, ცხოვრების ხის ყველასათვის ცნობილ გვერდზე ყავისფერი და რუხი მელანია. ამგვარი დეტალების განზრახ შექმნა საკმაოდ რთულია", — განაცხადა სეკორდმა.
"შეგიძლიათ სპილენძის პატარა ნაწილებიც იხილოთ, რომლებიც ყდისა და ფურცლების შემაერთებელი ადგილიდან გამოდის. ქაღალდიც იმავე ტიპისაა".
სწორედ ამგვარი დეტალებით დაადასტურა მკვლევართა გუნდმა, რომ ეს სწორედაც დარვინის დაკარგული წიგნაკებია. გარდენერის თქმით, ისინი საოცრად კარგ მდგომარეობაშია და ყოველი გვერდი თავის ადგილზეა. მისი ვარაუდით, ჩანაწერები მშრალ ადგილას უსაფრთხოდ შეინახეს.
წიგნაკებს ამჟამად ბიბლიოთეკის უსაფრთხო საცავში ინახავენ, თუმცა ივლისში მის ხილვას საზოგადოებაც შეძლებს, საჯარო გამოფენის ფარგლებში.
მიუხედავად ამბის კეთილი დასასრულისა, მაინც არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. მართალია, წიგნაკების დატოვების ადგილას სათვალთვალო კამერები არ ყოფილა, თუმცა ისინი შენობის გარეთ მაინცაა და ბიბლიოთეკის წინა და უკანა მხარეს, ასევე კითხვისათვის განკუთვნილ ოთახებსა და საცავებს აკონტროლებს. ამჟამად საქმეს პოლიცია იძიებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში მათ დაუკავშირდნენ.
კომენტარები