17 000 სინათლის წლის მოშორებით იუპიტერის მსგავსი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
NASA-ს ექსპლუატაციიდან გასული კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზისას მეცნიერებმა ჩვენგან 17 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც იუპიტერს მოგვაგონებს.
ეს გახლავთ ყველაზე შორეული პლანეტა, რომლისთვისაც ამ ობსერვატორიის მეშვეობით მიუკვლევიათ. K2-2016-BLG-0005Lb-ის სახელით ცნობილი ობიექტი ჩვენს მეზობელ აირის გიგანტზე 1.1-ჯერ მასიურია და საკუთარი ვარსკვლავის გარშემო 4.4 ასტრონომიულ ერთეულ მანძილზე გადაადგილდება. შედარებისთვის, იუპიტერსა და მზეს შორის დისტანცია 5.2 ასტრონომიული ერთეულია.
ის პირველი ეგზოპლანეტაა, რომლის ავთენტურობაც გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით 2016 შენიშნულ 27 კანდიდატს შორის დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტექნიკა კეპლერისთვის უცხო იყო, რადგან ის ტრანზიტის მეთოდს იყენებდა, რომელიც მნათობთან ციური სხეულის ჩავლით გამოწვეულ სიკაშკაშის ცვლილებას ეფუძნება.
მისგან განსხვავებით, მიკროლინზირების ამოსავალი წერტილი ეგზოპლანეტის მასიურობის გავლენით მის გარშემო დრო-სივრცეში წარმოქმნილი ერთგვარი გრავიტაციული მრუდია, რომელიც ვარსკვლავის სინათლეს აძლიერებს, ანუ გამადიდებელი შუშის ეფექტი აქვს. მისი საშუალებით შორეული ობიექტების დაფიქსირება მარტივდება.
NASA-ს ტელესკოპის მონაცემებში სპეციალისტებმა სწორედ ასეთი 27 ფენომენი გამოავლინეს, რომელთაგანაც ერთ-ერთის წყარო K2-2016-BLG-0005Lb იყო. ინფორმაცია მათ ხმელეთზე განლაგებულ 5 ობსერვატორიაში გადაამოწმეს.
იუპიტერის მსგავსი ეგზოპლანეტის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან მიიჩნევა, რომ მან დედამიწაზე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობების შენარჩუნებაში დიდი როლი შეასრულა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ სხვა სისტემებშიც ასე მომხდარიყო.
ამ საკითხის შესახებ მეტი შესაძლოა, მიკროლინზირების მეთოდზე მომუშავე ტელესკოპების დახმარებით გავიგოთ, რომელთაც კოსმოსში მომდევნო წლებში გაუშვებენ.
ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა.
კომენტარები