მზესთან ისე ახლოს, როგორც არასდროს — ESA-ს ზონდმა ჩვენი ვარსკვლავის გვირგვინთან ჩაიარა
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ, NASA-სთან თანამშრომლობით, მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Solar Orbiter ჩვენი ვარსკვლავის გვირგვინს მისთვის რეკორდულ მანძილზე ჩაუარა. ამ დროს ის ობიექტის ზედაპირისგან 48 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.
ის კოსმოსში 2020 წლის 9 თებერვალს, რაკეტით Atlas V გაუშვეს, რის შემდეგაც აპარატი პლანეტათაშორის სივრცეში, ჰელიოცენტრულ ორბიტაზე გადაადგილდებოდა. ტრაექტორიის გასასწორებლად მას დედამიწისა და ვენერას გრავიტაცია სჭირდება, საბოლოო მიმართულება კი Solar Orbiter-ს მზის პოლარული რეგიონების აღბეჭდვის საშუალებას აძლევს.
ეს ზონდი მნათობს პირველად 2020 წლის ივნისში, 77 მილიონ კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდა, რა დროსაც მეცნიერებმა მასზე დამონტაჟებული 10-ვე ინსტრუმენტი გამოცადეს. აღნიშნული ხელსაწყოები მზესთან უკანასკნელი ჩავლის დროს ერთდროულად ფუნქციონირებდა, რათა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეპოვებინა. შეგროვებულ მონაცემებს მკვლევრები მომდევნო კვირების განმავლობაში გაфანალიზებენ.
უნდა ითქვას, რომ გზად Solar Orbiter-მა, ინსტრუმენტ EUI-ის მეშვეობით, მზეს ფოტოები გადაუღო. ერთ-ერთ მოზაიკურ სურათზე კი ვარსკვლავის მთლიანი დისკო და გვირგვინი უმაღლესი გარჩევადობითაა ასახული.
მასზე 2 დიდი პროტუბერანცი მოჩანს, ნათელი სტრუქტურა, რომელიც მზის ზედაპირიდან მაღლაა მიმართული. ერთ-ერთი მათგანი სურათის ზედა მარჯვენა კუთხეშია განლაგებული, ხოლო მეორე — ქვედა მარცხენა ნაწილში. პლაზმის ეს ერთგვარი ნაკადები ხშირად კორონული მასის ამოფრქვევებს ედება საფუძვლად (იხილეთ: ილიაუნის მეცნიერებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს მზის კორონული მასის ამოფრქვევების გამომწვევი მოვლენა).
მეორე ფოტო აპარატმა SPICE-ად წოდებული ხელსაწყოთი გადაიღო და მზის ატმოსფერო სხვადასხვა ტალღური სიგრძის ულტრაიისფერ სპექტრში აღბეჭდა. შედეგად 4 ქიმიური ელემენტის გამოსხივება და მასთან ასოცირებული ტემპერატურა დააფიქსირა: 10 000°C წყალბადს შეესაბამება (იისფერი), 32 000°C ნახშირბადს (ცისფერი), 320 000°C ჟანგბადს (მწვანე) და 630 000°C ნეონს (ყვითელი).
ეს მონაცემები მეცნიერებს იმის დადგენაში დაეხმარება, თუ მნათობის ატმოსფეროს რომელ ფენაში წარმოიქმნება პროტუბერანცები და როგორ ფორმირდება სითბო მის გვირგვინში, რომელიც უფრო ცხელია, ვიდრე ობიექტის ბირთვი.
კომენტარები