ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეული ვარსკვლავი გადაიღო
მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის უზარმაზარი სარკეები იმაზე კარგად მუშაობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
NASA ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ შთამბეჭდავ სურათს ავრცელებს, რომელზეც შორეული ვარსკვლავია ნაჩვენები. იმის მიუხედავად, რომ მთავარი მიზანი სწორედ ამ მნათობის აღბეჭდვა იყო, მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივში გალაქტიკებიც მოხვდა. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მგრძნობიარეა აღნიშნული ხელსაწყო.
11 მარტს ტელესკოპმა მასზე დამონტაჟებული სარკეების გასწორების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დაასრულა. ხარვეზები არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ოპტიკური პარამეტრები არა მხოლოდ გამართულად, არამედ მოსალოდნელზე უკეთ ფუნქციონირებს.
ასევე, იხილეთ: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
ამაში დასარწმუნებლად, ტელესკოპმა ჩვენგან 2 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავი, სახელად 2MASS J17554042+6551277, იგივე TYC 4212-1079-1 გადაიღო, რომელიც მზეზე დაახლოებით 16-ჯერ კაშკაშაა. ვიზუალური კონტრასტის გასაუმჯობესებლად, მეცნიერთა გუნდმა წითელი ფილტრიც გამოიყენა და ფოკუსი სამიზნე ობიექტზე გაასწორა, მაგრამ ჯეიმს ვებს ფონზე განლაგებული გალაქტიკების სინათლეც არ გამოჰპარვია.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ ობსერვატორიას დანაწევრებული სარკეები აქვს. კერძოდ, მისი მთლიანი სარკე მცირე ზომის 18 ექვსკუთხა დანაყოფისგან შედგება, რომელთა სწორი განლაგებაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
მომდევნო 6 კვირაში მათი გამართვის პროცესი საბოლოოდ დასრულდება და ტელესკოპი სამეცნიერო დაკვირვებებისთვის მომზადებას დაიწყებს. სამყაროს გამოკვლევას ის ზაფხულში შეუდგება და იმას დაგვანახებს, რაც აქამდე ჩვენთვის უხილავი იყო.
კომენტარები