რა არის დეფოლტი და რას ნიშნავს რუსეთისთვის ამ ზონაში გადასვლა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ოკუპანტს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები. მათ შორის იყო ბოლოს აშშ-ის მიერ რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვაც.
რუსეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. ქვეყანაზე დაკისრებული უპრეცედენტო სანქციების შედეგები უკვე სახეზეა — დეფოლტი გარდაუვალია. ექსპერტების ნაწილის აზრით, ეს გლობალურ ფინანსურ კრიზისს არ გამოიწვევს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ დეფოლტს მნიშვნელოვანი გავლენა არც რუსეთზე ექნება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ეკონომიკასთან დაკავშირებული არაერთი უცხო ტერმინი გვესმის და ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადთან ერთად, ყველაფრის გააზრება და გაგება, შესაძლოა გაგვიჭირდეს. ასეთი იყო რუსეთის Swift-დან გათიშვის ამბავი, რომელზეც უკვე მოგიყევით. ამჯერად კი დეფოლტზე გიამბობთ და აგიხსნით, როგორ ექცევა რუსეთი ამ ზონაში და რა რისკებს შეიცავს იგი მოსკოვისთვის.
რა არის დეფოლტი
ფინანსებში დეფოლტი სესხების კანონიერი ვალდებულებებისა და პირობების შეუსრულებლობას ნიშნავს, რომლებიც კანონით ან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ჩვეულებრივ, მხარეებიდან ერთ-ერთი მევალე ან კრედიტორია. შეთანხმებაში ხშირად ვალის დაფარვის პირობები და ვადაა გათვალისწინებული.
დეფოლტის ზუსტი სამართლებრივი განმარტება, შესაძლოა, ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმულირებით შეგვხვდეს. თუმცა, უმეტესად დეფოლტი იმ მდგომარეობას ეწოდება, როცა მხარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებიდან ერთს ან მეტს არღვევს. ეს ტერმინი არალიკვიდურობასთან ან გაკოტრებასთან არ უნდა გავაიგივოთ.
ორი სახის დეფოლტი არსებობს — საკრედიტო მომსახურების და ტექნიკური. საკრედიტო მომსახურების დეფოლტი მაშინ ხდება, როდესაც მოვალე პროცენტის ან ძირითადი თანხის გადახდას გამოტოვებს, ან ორივეს ერთად. რაც შეეხება ტექნიკურ დეფოლტს, იგი იმ მდგომარეობას ეწოდება, როდესაც დადასტურების ან უარყოფის შეთანხმება ირღვევა.
დადასტურების შეთანხმებებს საკრედიტო კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტები წარმოადგენს, რომლებიც კომპანიებს ავალდებულებს, კაპიტალის ან ფინანსური კოეფიციენტების გარკვეული დონე შეინარჩუნონ. რაც შეეხება უარყოფის შეთანხმებებს, ეს საკრედიტო კონტრაქტის ის პუნქტებია, რომლებიც იმ კორპორაციულ ქმედებებს (აქტივების გაყიდვა, დივიდენდების გადახდები) ზღუდავს ან კრძალავს კორპორაციულ ქმედებებს, რამაც შეიძლება კრედიტორებს მიაყენოს რაიმე ზიანი.
დეფოლტის ანალიზისთვის რამდენიმე ფინანსური მოდელი არსებობს. მათ შორისაა ჯეროუ-თარნბალის მოდელი, ედვარდ ალტმანის მოდელი, ან მერტონის დეფოლტის სტრუქტურული მოდელი.
სუვერენული დეფოლტი
საინტერესოა ისიც, რომ დეფოლტის ზონაში გადასვლა შეუძლიათ არამხოლოდ კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს, ასევე სუვერენულ სახელმწიფოებსაც. ასეთ შემთხვევას სუვერენული დეფოლტი ეწოდება. სუვერენული სახელმწიფოები საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ფინანსურ საქმიანობას თავადვე აკონტროლებენ, შესაბამისად, ტექნიკურად არ არსებობს საერთაშორისო არბიტრი, რომელიც რომელიმე ქვეყანას ვალის დაფარვას აიძულებს. თუმცა, კრედიტორი ქვეყანა, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ხშირად მოვალეზე ისეთი დიპლომატიური სტრატეგიებით ახდენს ზეწოლას, როგორიც ვაჭრობაზე სანქციების დაწესება ან ომით დამუქრებაა. აქედან გამომდინარე, ეროვნული ან სუვერენული დეფოლტის ზონაში ქვეყანა მაშინ გადადის, როდესაც იგი ვერ ახერხებს, ან უარს ამბობს ქვეყნის ვალის დაფარვაზე. საბედნიეროდ, 1945 წელს გაეროს ქარტიის რატიფიკაციის შემდეგ, მწვავე დიპლომატიური მტრობის საფრთხე გაცილებით შემცირდა.
ისტორიაში ყველაზე დიდი — $600 მილიარდის ღირებულების კერძო დეფოლტი Leman Brothers-მა განიცადა, როდესაც 2008 წელს გაკოტრების შესახებ განაცხადა. ყველაზე დიდი სუვერენული დეფოლტი კი, 2012 წლის მარტში საბერძნეთმა განიცადა თითქმის 200 მილიარდი დოლარის გადაუხდელობის გამო.
ქვეყნის მთავრობას საკრედიტო დეფოლტის გამოცხადება იმის თქმით შეუძლია, რომ იგი გათვალისწინებული ვადებით ვალის დაფარვას წყვეტს. ასე მოიქცა რუსეთი 1998 წელს, რის შემდეგაც ხელახალი სესხის ასაღებად 12 წელი დასჭირდა. დეფოლტზე განცხადების გაკეთება შეუძლია საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსაც, დეფოლტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ. აშშ-ის ISDA სააგენტოს საშუალებით, რომელიც დეფოლტის საწინააღმდეგო სადაზღვევო მექანიზმს უზრუნველყოფს, დეფოლტის საჯაროდ დადასტურება შეუძლია კრედიტორსაც იმის განცხადებით, რომ ქვეყანამ მას ვალის გადახდა შეუწყვიტა.
სუვერენული ქვეყნის მიერ აღებული ვალის დაფარვა გარანტირებული არაა. კომპანიის დეფოლტის დროს, ვალის ანაზღაურების საშუალებად კრედიტორს შეუძლია მევალის აქტივები მიითვისოს, დეფოლტის ზონაში მყოფი სახელმწიფოსთვის აქტივების ჩამორთმევა და შემდეგ მათი გაყიდვა, ექსპერტების თქმით, შეუძლებელია.
სანქციების დაკისრებისა და ომის გამოცხადების გარდა, კიდევ ერთ გამოსავალს სესხის რესტრუქტურიზაცია წარმოადგენს, რაც ვალის გადახდის ვადების ხელახლა დანიშვნას და, ხშირად, გადასახდელი თანხის შემცირებასაც გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ისევ დეფოლტის ზონაში რჩება, თუმცა იმედოვნებს, რომ კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწევს.
რუსეთის გარდაუვალი დეფოლტი — რას ნიშნავს ეს
2014-2021 წლებში რუსეთმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დაახლოებით, $2 მილიარდი აიღო სესხად. მოსკოვის კრედიტორების დიდ ნაწილს აშშ-ის საინვესტიციო ფონდები წარმოადგენენ. ვალისა გადახდის ვადა 2022 წლის 4 აპრილია და ჯერჯერობით უცნობია, გადაიხდის თუ არა რუსეთი ამ თანხას. საკრედიტო რეიტინგის სააგენტოების, მათ შორის Fitch-ის, S&P-ისა და Moody-ის მიხედვით, ეს ოკუპანტი ქვეყნის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა უკრაინაში შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების გამო, შესაძლოა, მან დეფოლტი გამოაცხადოს და სესხის სრულად დაფარვაზე უარი თქვას.
რუსეთს ვალის გადახდა შეუძლია, თუმცა "დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ასევე შეუძლია ამაზე უარის თქმაც", — ამბობს Fitch-ის ყოფილი თანამშრომელი და საბანკო ექსპერტი, სლიმ სუისი.
დეფოლტი ქვეყანას ავტომატურად ხსნის ფინანსური ბაზრიდან და კრედიტორი რამდენიმე წლით ვალის პოტენციური დაფარვის კომპრომისზე მიდის. როგორც აღვნიშნე, 1998 წლის დეფოლტის შემდეგ რუსეთს 12 წლის განმავლობაში მოუწია ლოდინი, სანამ ისევ შეძლებდა ბაზარზე სესხის აღებას. სწორედ ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა აზიიდან წამოსულმა ფინანსური არასტაბილურობის ტალღამ შეარყია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრობლემას, რუსეთის პოზიციასთან ერთად, მისი ეკონომიკური მდგომარეობაც წარმოადგენს. Fitch-ის თქმით, დაწესებული სანქციები ქვეყნის მიერ არსებული ვალის დაფარვის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. სააგენტომ რუსეთში კომერციული ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა და მოსალოდნელი დეფოლტის ზონაში გადაიყვანა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მაც. კომპანიის განცხადებით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, მალე ქვეყანამ ვალის გადახდისუნარიანობა დაკარგოს.
საკრედიტო რეიტინგებში რუსეთის სუვერენული რეიტინგის შემცირება მისი საინვესტიციო პოტენციალის ვარდნას ნიშნავს. S&P Global-ის განცხადებით, მოსალოდნელია რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება. JPMorgan-ის შეფასებით კი, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკის 35%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთან, საინვესტიციო ბანკი ელოდება, რომ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდება.
ასე რომ, წინასწარ დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება, თუმცა არსებული ვარაუდები საკმაოდ დამაჯერებელ არგუმენტებს გვაწვდის იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, 4 აპრილს ექსპერტების პროგნოზი გამართლდება და რუსეთი დეფოლტს გამოაცხადებს.
კომენტარები