საქართველოს ისტორიისა და ტექნოლოგიების სინთეზი — ყველაფერი, რაც კომპიუტერულ თამაშ "დიდგორზე" ვიცით
გასულ თვეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გვამცნო, რომ მისი დაფინანსებით კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნებოდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სამინისტრომ დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა, მასში კი პროექტმა "ძლევაი საკვირველი" გაიმარჯვა, რომელიც კომპანია Celestial Dimension-ს ეკუთვნის.
თამაშის სიუჟეტზე ბევრი არაფერი თქმულა და გავრცელებული ტრეილერიც მხოლოდ თემატური ვიდეორგოლია, რომელიც, როგორც შემქმნელები ამბობენ, მას ნაკლებად ასახავს, ამიტომაც გადავწყვიტე, დამატებითი ინფორმაციისათვის "სელესტიალ დიმენშენის" ხელმძღვანელ ივერი კოპალიანისთვის მიმემართა.
მოკლედ კომპანიისა და მისი მიზნების შესახებ
მართალია, მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარება დღითიდღე უფრო მზარდ მასშტაბებს იძენს და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, თუმცა, როგორც ჩანს, ცხოვრების სტილის მკვეთრი ცვლილება ეროვნული საწყისების მივიწყებას სულაც არ მოასწავებს.
სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია 2018 წელს თეიმურაზ მეგრელიძისა და ლევან ბაქრაძის თაოსნობით შექმნილი კომპანია Celestial Dimension. გუნდის მიზანია, საქართველოს ისტორიასა და მითოსზე დაფუძნებული ვიდეო თამაშების შექმნით ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, როგორც ქართველ ახალგაზრდებში, ასევე სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ.
ივერიმ ბაზარზე არსებული სიტუაციისა და გამოწვევების კუთხით სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო: თამაშების ინდუსტრიის კუთხით ცნობიერების ნაკლებობა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და ფინანსების სიმწირე.
"სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნეს სექტორს არ აქვს სათანადო ნდობა კომპიუტერული თამაშების მიმართ და ნაკლებად ხედავენ სფეროს პერსპექტივას. სწორედ ამიტომ, შექმნის დღიდან კომპანია აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საგრანტო პროექტში", — მითხრა მან.
როგორც საუბრისას გაირკვა, საქართველოში უკვე არაერთი სტუდია და ჯგუფი არსებობს, რომელიც ქვეყანაში ვიდეოთამაშების ინდუსტრიის შექმნაში მონაწილეობს, თუმცა დაინტერესების მზარდი ტენდენცია მხოლოდ პანდემიის პირობებში გახდა შესამჩნევი.
"საქართველოში გვაქვს სტუდიები და გვყავს კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ამ მხრივ უკვე ქმნიან პროდუქტს და მივესალმებით ყველა ასეთ წამოწყებას, რადგან ეს ყველაფერი საერთო საქმეს, ქართული ვიდეოთამაშების ინდუსტრიის შექმნას ემსახურება".
კომპიუტერული თამაში "დიდგორი" — საქართველოს ისტორიისა და ტექნოლოგიების სინთეზი
ისტორიულ-შემეცნებითი პროექტი დიდგორის ბრძოლის ვიზუალურ გაცოცხლებას ემსახურება და დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების მე-900 წლისთავს ეძღვნება. თამაში Unreal Engine 4-ის ძრავას ეფუძნება.
"ჩვენ მიერ შექმნილი თამაში წარმოადგენს ბრძოლის რეკონსტრუქციას, რომლის საშუალებითაც შევეცდებით მაქსიმალური ისტორიული ავთენტურობით გავაცოცხლოთ დიდგორის ბრძოლა, მასში მონაწილე მხარეთა რიგითი საბრძოლო დანაყოფები და სამხედრო მეთაურები", — ამბობს ივერი.
როგორც იგი აღნიშნავს, წარმოების პროცესში გამოყენებული თითოეული მასალა, პერსონაჟების ვიზუალური გამოსახულებები იქნება ეს თუ თამაშის კოდი და მუსიკალური გაფორმება, მთლიანად Celestial Dimension-ის გუნდის შექმნილია. ამჟამად შემოქმედებითი ჯგუფი თამაშის შიდა ვიდეორგოლებზე (cut scenes) მუშაობს, ტექნიკური ჯგუფი კი პროექტის ბალანსირებასა და ოპტიმიზაციაზე ზრუნავს.
დუბეის იბნ სადაკას 3D მოდელი
ფოტო: Celestial Dimension
კომპანიის ხელმძღვანელს თუ დავუჯერებთ, თამაში მხოლოდ პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა სამომავლოდ მისი Steam პლატფორმაზე განთავსებაც განიხილება. ვინაიდან პროექტი არაკომერციულია, ქართველი მოთამაშეებისათვის იგი სრულიად უფასო იქნება.
გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს ვიდეოთამაშების ინდუსტრიას მცირედით მაინც წასწევს წინ.
"ეს პირველი ქართული წარმოების ისტორიულ/სტრატეგიული თამაში იქნება. დიდი იმედი გვაქვს, იგი სხვა ქართველ გეიმ-დეველოპერებს მისცემს სტიმულს, რომ სულ უფრო დახვეწილი კონტენტი შექმნან და საბოლოო ჯამში ქართულმა პროდუქტმა საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს, თუმცა ამისათვის მეტი რესურსი და დროა საჭირო".
როგორც ივერიმ ბოლოს აღნიშნა, გუნდს მრავალი სამომავლო იდეა თუ პროექტის მონახაზი აქვს, თუმცა ამჟამად კომპანიის ყურადღება მთლიანად "დიდგორის" წარმატებით დასრულებისკენაა მიმართული. ჩვენ კი ამასობაში ისღა დაგვრჩენია, საბოლოოდ თამაშის გამოსვლას დავუცადოთ და ქართული ისტორიულ-ტექნოლოგიური პროდუქტის პირველ ნაბიჯებს მივადევნოთ თვალი.
კომენტარები