#მომავალიშენზეა — კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი — ფოტოისტორია
კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის იდეა 1995 წელს გაჩნდა, როდესაც ორგანიზაციის დამფუძნებელი თინა ბრეგვაძე რეაბილიტაციის მიზნით ერევნის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა. კარდაკარ სიარულის, მოტივაციის, უსაზღვრო ძალისხმევისა და სამოქალაქო ჩართულობის შედეგად, 6 წლის შემდეგ ქალაქ გორში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი დაარსდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში სულ რამდენიმე ასეთი ცენტრი იყო.
ორგანიზაციის დამფუძნებელთა უმრავლესობა შშმ პირია. რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანებმა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევამ შეუწყო ხელი. მათი მიზანი შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაცია, მათი უფლებების დაცვა და დასაქმებაა.
პირველი აქტივობა სპორტული მარათონი გახლდათ, რომლის ფარგლებშიც ეტლით მოსარგებლე პირები ქალაქში ერთიანი ძალით გამოვიდნენ და მსვლელობა მოაწყვეს.
ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტი გახდა, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა და დაასაქმა 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მუნიციპალიტეტის შენობასთან მოეწყო პანდუსი, წლების წინ დასაქმებული ადამიანები კვლავ იქ მუშაობენ და მათი რაოდენობაც მუდმივად იზრდება.
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
2013 წელს, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა სოციალური საწარმო გახსნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ტიხრული მინანქრის, ჭრა-კერვისა და კერამიკაზე მუშაობის შესწავლა შეუძლიათ.
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
"უნარები და შესაძლებლობები ყველასათვის განსხვავებული და განსაკუთრებულია, ცხადია, როგორც შშმ პირთათვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისათვის. ამიტომ ჩვენი ძირითადი მიზანია, სპეც. პედაგოგების დახმარებით, შევადგინოთ განათლების ინდივიდუალური გეგმა ყველა ბავშვზე, რათა ახალგაზრდებს ისეთი უნარები გავუზიაროთ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდები იყვნენ პორტაბელურები და ფლობდნენ საჭირო უნარებს, როცა ჩვენი სერვისიდან გავლენ.
სოციალურ საწარმოში თავდაპირველად მხოლოდ ჭრა-კერვას ვასწავლიდით. 2008 წელს კი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის თბილი პლედების შეკერვა და მათთვის გადაცემა დავიწყეთ. ამის შემდეგ ტიხრული მინანქარისა და კერამიკის საამქრო დავამატეთ.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური საწარმოს არსებობა და მისი განვითარება. ბაზარზე ადგილის დამკვიდრება მარტივი არაა. ჩვენ ეს ძალიან გაგვიჭირდა, განსაკუთრებით რეგიონში არსებობის გამო. არ ვნებდებით, სულ ვმუშაობთ, სულ ვვითარდებით, მაგრამ ეს პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს. სოციალური საწარმო ძირითადად ბიზნესებსა და ტურისტებზეა გათვლილი. მუდმივად გვაქვს მცდელობები, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დავაინტერესოთ ორგანიზაციები. ეს არ აღმოჩნდა მარტივი პროცესი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავზარდოთ სამოქალაქო ჩართულობა ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეებს შორის მყარი კონტაქტი და თანამშრომლობითი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს", — ამბობენ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში.
ცენტრს მრავალი წარმატების ისტორია აქვს. სოციალური საწარმოს ერთ-ერთი ბენეფიციარი კულას ქარხანაში დასაქმდა. ცენტრის წარმომადგენლებისათვის მსგავსი წარმატებული ისტორიები ძალიან საამაყო და მამოტივირებელია.
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
ცენტრი მხოლოდ ბენეფიციარების დასაქმებასა და განათლებაზე კი არ ზრუნავს, არამედ მათი პირადი ურთიერთობების განვითარებაზეც, კომუნიკაციის ზრდაზე, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე.
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
ტიხრული მინანქრის შესწავლის სპეციალისტი, ზვიად ზვიადაძე ამ ხელობას, თავის ცოდნასა და გამოცდილებას სოციალური საწარმოს ბენეფიციარებს უზიარებს, რათა მომავალში მათ დასაქმება შეძლონ. ზვიადი პარალელურად გორის მუნიციპალიტეტის სოციალური განყოფილების თანამშრომელია.
ორგანიზაციამ 2016 წელს, ASB-ს ხელშეწყობით, დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფიზიოთერაპევტების, სოცმუშაკების, ფსიქოლოგებისა და ნევროპათოლოგებისაგან დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდი შეიქმნა. გუნდი კარდაკარ დადიოდა გორის რაიონის 10 მაღალმთიან სოფელში და ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობდა. მათ თავდაპირველად ბენეფიციართა საჭიროებები შეისწავლეს. მოკვლევის შემდეგ კი, შეიმუშავეს გეგმა და 10 სოფელში კვირაში ორჯერ ჩადიოდნენ ბენეფიციარების დასახმარებლად.
"იყო შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარი მარტოხელა მწოლიარე ადამიანი გახლდათ და მას ესაჭიროებოდა ნაწოლების დამუშავება, რაც ამ ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებთან მიგვქონდა საკვები, პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები. თავდაპირველად, პროექტი 20 ბენეფიციარის მოცვას ისახავდა მიზნად, თუმცა საბოლოოდ მოვიცავით 30-ზე მეტი. პროექტის დახმარებით რამდენიმე ახალგაზრდას ჩვენს დღის ცენტრში დავაწყებინეთ სიარული და სოციალურ საწარმოში დავაწყებინეთ მუშაობა. პროექტი ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული გამოცდილება გახლდათ", — ამბობენ ცენტრში.
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
"დღის ცენტრში 25 ბავშვს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ფასდაუდებელია მუნიციპალიტეტის მუდმივი მხარდაჭერა. ისინი შექმნის დღიდან ჩვენს გვერდით არიან. ეს კარგი თანამშრომლობის კარგი მაგალითია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ჩვენი ძალისხმევისა და ჩართულობის შედეგად მოვიპოვეთ. ამას დაემატა ნდობა, რაც მრავალწლიანი გამოცდილებისა და შრომის შედეგად დავიმსახურეთ.
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
ცენტრის აქტივობები ყოველთვის არის ცალსახა, ნათელი, საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტისათვის გამჭვირვალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამდე და სამთავრობო სექტორამდე მივიტანოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
ფოტო: კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
სამოქალაქო აქტივიზმი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმისათვის, რომ შშმ პირმა იგრძნოს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად, არამედ ნებისმიერმა ჩვენგანმა. სამოქალაქო აქტივიზმი უმნიშვნელოვანესია, ის არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არასდროს არ უნდა გაჩერდეს. ის სულ უნდა ვითარდებოდეს, ხორციელდებოდეს და მუდმივად უნდა იყოს მხარდაჭერილი. რაც უფრო მეტი ადამიანი, ორგანიზაცია და მეტი საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს სამოქალაქო აქტივობის გაზრდაზე, მით უფრო დადებითად იმოქმედებს ეს ყველაფერი საზოგადოებისა და დემოკრატიის მშენებლობაზე", — აღნიშნავენ ცენტრში.
კომენტარები