ისტორიაში პირველად, NASA-ს ზონდმა ვენერას ზედაპირი ხილულ სპექტრში გადაიღო
NASA-ს Parker Solar Probe-მა ვენერას ზედაპირის წითელი სიკაშკაშე გამოავლინა, რომელსაც მისი ტოქსიკური ღრუბლები ასხივებს. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია და მას ამ კლდოვანი პლანეტის მინერალური შემადგენლობის შესწავლაში დახმარება შეუძლია.
მეცნიერებმა ეს ზონდის გამოყენებით შეძლეს, რა დროსაც პლანეტის სქელი ატმოსფეროს ქვეშ ჩაიხედეს. შედეგად აღმოაჩინეს ისეთი გეოლოგიური წარმონაქმნები, როგორებიცაა მთიანი ადგილები, პლატოები და ვაკეები.
"ვენერა ცაზე მესამე ყველაზე კაშკაშა ობიექტია, მაგრამ ბოლო დრომდე ჩვენ არ გვქონდა ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა მისი ზედაპირი. მიზეზი სქელ ატმოსფეროშია, რაც პლანეტის ზედაპირს ბლოკავს. ახლა ჩვენ პირველად ვხედავთ ვენერას ზედაპირს“, — თქვა ასტროფიზიკოსმა ბრაიან ვუდმა, აშშ-ს საზღვაო კვლევითი ლაბორატორიიდან.
მეცნიერები ვენერას ზედაპირის აღბეჭდვას აქამდეც ცდილობდნენ, მაგრამ ეს არ გამოსდიოდათ. და აი როგორც იქნა, პარკერის მზის ზონდის Wide-field Imager-მა (WISPR) ეს შეძლო.
WISPR ოპტიმიზებულია ხილული სინათლისთვის; ანუ იღებს სურათებს ტალღის სიგრძით, რომელსაც ადამიანის თვალი ხედავს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ინსტრუმენტს ასევე შეუძლია გაიხედოს ცოტა უფრო შორს, სპექტრის ახლო ინფრაწითელ ნაწილში, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავია. ინფრაწითელი და ახლო ინფრაწითელი არის თერმული ენერგიის ტალღის სიგრძე; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სითბო.
"იმდენად ცხელა, რომ ვენერას კლდოვანი ზედაპირი დასანახად ვარვარებს. დაახლოებით როგორც სამჭედლო ქურიდან გამოღებული რკინის ნაჭერი", — განმარტავს ვუდი.
მიუხედავად იმისა, რომ სურათებმა ტოპოგრაფიული თვალსაზრისით ახალი არაფერი გამოავლინა, მონაცემები მაინც დაგვეხმარება ვენერას უკეთ გაგებაში. იმის გამო, რომ სხვადასხვა მინერალები განსხვავებულად ატარებენ და ათავისუფლებენ სითბოს, გამონაბოლქვი შეიძლება გამოიყენონ პლანეტის ზედაპირის მინერალოგიის რეკონსტრუქციის მიზნით.
ეს, თავის მხრივ, დაგვეხმარება მისი ისტორიის გაგებაში. ჩვენ ვიცით, მაგალითად, რომ ვენერა წარსულში ვულკანურად აქტიური იყო. მისი ზედაპირის შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად ხშირი იყო მსგავსი აქტივობები და ბოლოს როდის ხდებოდა ისინი.
"პარკერი ჩვენს გაოცებას აგრძელებს და აღფრთოვანებულები ვართ, რომ ეს ახალი დაკვირვებები შეიძლება დაგვეხმაროს ვენერას შესწავლაში", — ამბობენ პროექტზე მომუშავე მეცნიერები.
კვლევა გამოქვეყნდა Geophysical Research Letters-ში.
კომენტარები