ბუსტერ დოზამ საქართველოში COVID-19-ით სიკვდილისგან 99.78%-ით დაგვიცვა — NCDC-ის ანგარიში
31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა 73 774 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული. NCDC-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად კი, მათგან მხოლოდ 6-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. საქართველოში, 9 თვის მონაცემებით (15 მარტი-31 დეკემბერი), ბუსტერ დოზა 99.77 და 99.78%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და ინტენსიური/კრიტიკული მოვლის საჭიროებისგან. ამავე პერიოდში, ბუსტერ დოზამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის არიდება 99.78%-ით შეძლო. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვიგებთ.
NCDC თავის ანგარიშში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამცველობით გავლენას ოთხ ინდიკატორად ყოფს. ქვემოთ თითოეულ მათგანს წარმოგიდგენთ:
ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი
ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში სრულად ვაქცინირებული 1 151 070 პირში კორონავირუსით ინფიცირების 74 804 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ბუსტერ დოზით აცრილ 73 774 ადამიანში 133 შემთხვევა.
საგულისხმოა, რომ ამ 9-თვიან პერიოდში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 661 696 შემთხვევა.
"ძირითადი შეფასებითი ინდიკატორების ანალიზმა აჩვენა, რომ 2021 წლის 15 მარტი - 31 დეკემბრის ჩათვლით დროის პერიოდში არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტი იყო იგივე პერიოდში სრულად ვაქცინირებულ პირებთან შედარებით", — ნათქვამია NCDC-ის ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 86.94%-ით ამცირებს ინფიცირების ალბათობას, ხოლო ერთი ბუსტერ დოზა ამ მაჩვენებელს 99.66%-მდე ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში (9 თვე) აცრილ მოქალაქეთა 6.5% დაინფიცირდა COVID-19-ით, ხოლო მესამე დოზით აცრილ მოქალაქეთა 0.19%.
ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი
9 თვის განმავლობაში, ორჯერ ვაქცინირებულ COVID-19-ით დაავადებულ მოქალაქეთა (74 804 ადამიანი) ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 8 414 შემთხვევაში, ბუსტერ დოზით ვაქცინირებულთა შორის კი მხოლოდ 6 შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ იგივე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალიზებული იქნა 130 648 კოვიდინფიცირებული. ამ მონაცემის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს, არავაქცინირებულებთან შედარებით. ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში კი ეს რისკი 99.77%-მდე მცირდება.
ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისგან დაცვის მაჩვენებელი
2021 წლი 15 მარტიდან 31 დეკეწმბრამდე პერიოდში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა დასჭირდა 434 ვაქცინირებულს, ხოლო იგივე პერიოდში რეანიმაციული დახმარება დასჭირდა 10 805 აუცრელ კოვიდინფიცირებულს.
აღნიშნულზე დაურდნობით, NCDC ასკვნის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (2 დოზა) 94%-ით ამცირებს ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებას არავაქცინირებულ პოპულაციასთან შედარებით. ბუსტერ დოზის შემთხვევაში, ამ კუთხით დაცვის მაჩვენებელი 99.79%-ია.
სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი
"სულ 15 მარტი – 31 დეკემბრის პერიოდში ვაქცინირებულ პოპულაციაში (1 151 070) დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 385 შემთხვევა, იგივე პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 10 532 შემთხვევა", — ნათქვამია NCDC-ის ანგარიშში.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე, COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილ და ინფიცირებული 74 804 მოქალაქის 0.52%-ში დაფიქსირდა (ამავე პერიოდში, ამ ვირუსით გამოწვეული ზოგადი ლეტალობა კი 661 696 ინფიცირებული მოქალაქის 1.59%-ია).
NCDC-ის ცნობით, "ადმინისტრირებული ვაქცინების შესაბამისად გაკეთებულმა შეფასებამ აჩვენა, რომ ვაქცინის ტიპის მიუხედავად, სრულად ვაქცინირებულ პოპულაციაში COVID-19-ით განპირობებული სიკვდილობის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ COVID-19-ის დაავადებასპეციფიურ სიკვდილობის მაჩვენებელს".
არსებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 15 მარტი — 31 დეკემბრის პერიოდში, COVID-19-ით სიკვდილისგან 2 დოზით აცრა იცავდა 94.28%-ით, ხოლო 1 ბუსტერ დოზის დამატების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 99.78%-მდე იზრდება.
კომენტარები