კვლევის თანახმად, ომიკრონი 91%-ით ნაკლებად იწვევს სიკვდილს, ვიდრე დელტა ვარიანტი
კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი, დელტასთან შედარებით, სერიოზული ავადმყოფობის "არსებითად შემცირებულ რისკს" ქმნის. ის 91%-ით ნაკლებად ფატალურია, წინამორბედ დელტა შტამთან შედარებით. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებული კვლევა იტყობინება. ცენტრის თქმით, მათი კვლევით მოიპოვეს "არსებითად ნაკლებად მძიმე ინფექციის დამაჯერებელი მტკიცებულება" ომიკრონის, ანუ იმ კორონავირუსის იმ ვარიანტის შემთხვევაში, რომელიც ამჟამად აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევათა 90%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კვლევა ჯერ რეფერირებული არ არის.
კვლევის ამ დასკვნას სანდოდ მასში გამოყენებული მონაცემების მოცულობა აქცევს. მის ფარგლებში კალიფორნიაში, ინფიცირებული 70 000 ადამიანის მონაცემი გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ დელტა ვარიანტით დაავადებულებთან შედარებით, ომიკრონის მქონეთათვის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების დადგომის შანსი განახევრებული იყო, ხოლო რეანიმაციაში მოხვედრის საჭიროება —75%-ით შემცირებული.
სხვა მხრივ, ომიკრონით ჰოსპიტალიზირებულებს 70%-ით ნაკლები დროის დაყოფა უხდებოდათ საავადმყოფოში. კლინიკაში მკურნალობის საშუალო დრო კი 1.5 დღეს შეადგენდა. დელტას შემთხვევაში ეს დრო 5 დღე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ფარგლებში ომიკრონით ინფიცირებული სამჯერ მეტი ადამიანი შეისწავლეს, ვიდრე დელტა შტამის მქონენი, არცერთ ომიკრონის მქონეს საავადმყოფოში სასუნთქი აპარატი არ დასჭირვებია, მაშინ, როცა დელტათი ინფიცირებული გაცილებით მცირე ჯგუფის შემთხვევაში ის 11 პაციენტს დასჭირდა.
კვლევის ყველაზე იმედისმომცემი მიგნება ის არის, რომ ომიკრონით ინფიცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი მოკვდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის 91%-ით შემცირებაზე მეტყველებს, თუ კვლევის ფარგლებში შესწავლილი და დელტათი ინფიცირებული 16 982 ადამიანიდან დაფიქსირებული 14 სიკვდილს შევადარებთ. კვლევა არ გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ასაკის იყვნენ დაღუპულები ან იყვნენ თუ არა ვაქცინირებულები.
როგორც CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი სიკვდილიანობის ზრდა ჯერ კიდევ შემორჩენილი დელტა ვარიანტის ეფექტია და არა ომიკრონის.
"ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ომიკრონით გამოწვეული სიკვდილიანობა, მაგრამ ვეჭვობ, რომ ფატალური შემთხვევები, რომელთაც ახლა ვხედავთ, ჯერ კიდევ დელტა ვარიანტის ეფექტია", — ამბობს როშელ ვალენსკი.
კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინირებულთა ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დელტას შემთხვევაში და ეს ომიკრონის აღმოჩენის მომენტიდანვე მეტად სავარაუდო იყო. ახალ შტამში არსებული მუტაციათა სიმრავლე ვირუსს სწორედ ვაქცინით გამომუშავებული დაცვის მექანიზმებისგან დასხლტომის საშუალებას აძლევს.
რიჩარდ ვალენსკი გვაფრთხილებს, რომ კვლევის შედეგებმა არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ომიკრონი უკიდურესად სწრაფად გადაიცემა, ეს კი არაერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას გამოიწვევს.
დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ კი ასეთი პროგნოზი გააკეთა — ომიკრონი "საბოლოოდ თითქმის ყველას მიაკითხავს".
აღნიშნული კვლევა, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ იყო დაფინანსებული, 2021 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ჩატარდა — მაშინ, როცა აშშ-ში ორივე შტამი (დელტა და ომიკრონი) ფართოდ ვრცელდებოდა.
კომენტარები