ქართულმა სტარტაპმა Elven Technologies GITA-სგან 350 000-ლარიანი გრანტი მიიღო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სტარტაპმა Elven Technologies 350 000 ლარი გრანტის სახით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს.
Elven Technologies მეხანძრის ცეცხლგაუმტარ უნიფორმას ქმნის. 2021 წელს კომპანიამ გატეტსტა რამდენიმე პროტოტიპი. ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა, რომ Elven Technologies-მა, არსებულ უნიფორმებთან შედარებით, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. მათი კოსტიუმი ხუთჯერ ხანგრძლივ დაცვას (8 წამი vs 40 წამი) უზრუნველყოფს და წინამორბედებთან შედარებით, ორჯერ ნაკლები წონისაა (8კგ vs 16კგ.) კომპანია უკვე თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, რომლის შედეგადაც გაუმჯობესდა უნიფორმის ცალკეული დეტალები.
GITA-ს ცნობით, Elven Technologies-მა დაასრულა პირველ ჩაცმად გაგრილების სისტემაზე მუშაობა, რომელიც უკვე ჩამონტაჟდა ცეცხლგაუმტარ უნიფორმაში. გაგრილების სისტემის პირველმა ტესტებმა კი აჩვენა, რომ 40-წამიანი დაცვა შესაძლებელია 15 წუთამდე გახანგრძლივდეს, რაც კონკურენტ კოსტიუმებთან შედარებით, 100-ჯერ ხანგრძლივ დაცვას სთავაზობს მეხანძრეებს, ამავდროულად, მაინც უფრო მსუბუქია, ვიდრე არსებული უნიფორმები.
როგორც GITA იუწყება, მიღებული გრანტით კომპანია გეგმავს 2022 წლის განმავლობაში ცეცხლგაუმტარი უნიფორმის დასრულებასა და კომერციალიზაციისთვის მომზადებას. ამასთან ერთად, იგეგმება გაგრილების სისტემის გაუმჯობესება და MVP დონეზე მიყვანა.
გაიგეთ მეტი Elven Technologies-ის ისტორიისა და გეგმების შესახებ, ჩვენი სტატიიდან — მეხანძრის უნიფორმიდან კოსმოსურ კოსტიუმამდე — ქართული "ცეცხლგამძლე სტარტაპის" გეგმები
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სტარტაპი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 2020 წელს კი Elven Technologies-მა ჯიტას 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა მოიგო. სტარტაპის გუნდმა მაშინ GITA-ს გრანტის პარალელურად $95 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
კომენტარები