ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობას ღარიბი ქვეყნები უფრო ადრე იწყებენ
ისტორიულად, ინდუსტრიულ რევოლუციებს ღარიბი ხალხისთვის სარგებელი არ მოჰქონდათ. მიუხედავად იმ პოზიტიური გარდატეხებისა, რომელიც ტექნოლოგიებს მოაქვს, დაბალშემოსავლიან ადამიანებზე ტექნოლოგიური გარღვევების პირდაპირი და მყისიერი ეფექტი ყოველთვის ნეგატიური იყო. ისინი ან სამსახურს კარგავდნენ, რადგან მათი საჭიროება აღარ იყო, ან — სამუშაო პირობები უარესდებოდა. დღესაც კი ცხადია, რომ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკა წარმატებულ ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფს სწყალობს, ანუ, წარმოშობს უთანასწორობას.
მაგრამ ახლა, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, განსხვავებული სცენარი ვითარდება. მაშინ, როცა ორთქლმა მიგვიყვანა მექანიზაციამდე, ელექტროენერგიამ - მასობრივ წარმოებამდე, ხოლო IT-მ - ავტომატიზაციამდე, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია რაღაც ახალს გვთავაზობს. მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის ყოფა, არათუ უმჯობესდება ახალი ტექნოლოგიებით, არამედ ისინი პირველები არიან, ვინც ახალ საშუალებებს პრაქტიკაში იყენებენ.
ეს კი მნიშვნელოვანი და მძლავრი გლობალური ცვლილების ნიშანია. ზოგჯერ, როგორც წესი, დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ათობით წელი სჭირდებათ, ვიდრე ახალი ტექნოლოგიები მათთან მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად სწორედ მათ სჭირდებათ სიახლეები და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ახალი, მიმდინარე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, არსებობს პოტენციალი, რომ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება. რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია შემცირდეს ის გლობალური უფსკრული, რომელიც ღარიბ და მდიდარ ფენებს შორის არის.
მაგალითად სამოქალაქო დრონები გამოგვადგება. ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, რომ მალე სახლში პიცას დრონით მოგართმევენ, მაგრამ ამ ტექნოლოგიის ნამდვილი პოტენციალი სამედიცინო მარაგის ტრანსპორტირებაა. მაგალითად, რუანდაში უკვე სარგებლობენ ამ სიახლით.
მაისში, კიგალიში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რუანდის მთავრობამ ახალი პროგრამის შესახებ აუწყა საზოგადოებას. ამერიკული კომპანიების, Zipline International, UPS-ისა და Gavi-ს დახმარებით, ქვეყნის ყველა წერტილში დაიწყება სამედიცინო მარაგის დრონებით ტრანსპორტირება. რუანდის დედაქალაქიდან ქვეყნის ყველაზე შორეულ ნაწილებში გაიგზავნება სისხლი და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები.
ტექნოლოგიის საშუალებით მსოფლიოში ყველაზე იზოლირებულ მოსახლეობასთან კავშირის დამყარებაც გახდა შესაძლებელი. თუ ნიუ-იორკელები მობილურს უახლოესი Starbucks-ის მოსაძებნად იყენებენ, აფრიკასა და აზიაში GIS (გეო-ინფორმაციული სისტემა) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პოლიომელიტთან ბრძოლის პროცესში. მიზეზი იმისა, რომ ბავშვები შესაბამის ვაქცინას ვერ იღებენ, არის ის, რომ მათი საცხოვრებელი ადგილები რუკებზე მონიშნული არაა. ადრე, ასეთი იზოლირებული პოპულაციის აღმოსაჩენად თვითმფრინავებს იყენებდნენ, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა და ხშირად შეცდომაც ბევრი იყო - ხალხის აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა. ახლა კი, ბილ და მელინდა გეითსების ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად, GIS-ით ახალი დასახლებებისა და მაღალი-რისკის რეგიონების აღმოჩენა ხდება, შემდეგ კი - იგეგმება და ტარდება ვაქცინაცია.
ებოლას ეპიდემიის დროს, ვირუსის მუტაციის რეალურ დროში მონიტორინგისთვის, კომპანია Nanopore-მა უახლესი ტექნოლოგია MinION გამოიყენა, რომელიც გვინეაში, საველე სამუშაოების დროს, სწრაფად ამუშავებდა მონაცემებს. მომავალში, ეს ტექნოლოგია მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს აგვაცილებს.
ყველაზე დიდი გავლენა და ადამიანთა ცხოვრების ტრანსფორმაციის პოტენციალი მობილურ ტექნოლოგიას აქვს. მაგალითად, საჰარის სამხრეთ მდებარე ქვეყნებში, ეს სფერო ფენომენალურად განვითარდა. 2007 წელს, მობილური ტელეფონით უფრო მეტი ადამიანი სარგებლობდა, ვიდრე კანალიზაციით და სხვა სანიტარული საშუალებებით. ამჟამად, აფრიკის კონტინენტზე მობილური ტელეფონის 850 მილიონზე მეტი მომხმარებელია, რაც მთლიანი მოსახლეობის 74 პროცენტს შეადგენს. ტელეფონზე დაფუძნებული ტექნოლოგიების საშუალებით უკვე შესაძლებელია ციფრული მონაცემების შეგროვება, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო მარაგის რაოდენობის, ვაქცინირებული მოსახლეობისა და სხვა პარამეტრების აღწერა. თუმცა, აფრიკაში, ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, შესაბამისად, სამუშაო კიდევ ბევრია.
დღესდღეობით, ტექნოლოგიები ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ისეთი სიმძლავრით, როგორც უნდა მუშაობდეს. მსოფლიოში მცხოვრები ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთი, ყველაზე მარტივ ვაქცინასაც ვერ იღებს. წელიწადში 1,5 მილიონი ბავშვი იღუპება იმ დაავადებებით, რომელთა პრევენციაც ვაქცინაციით შეიძლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ამ ყველაფერს შეცვლის.
კომენტარები