ყურძნის თესლში შემავალმა ქიმიურმა ნივთიერებამ თაგვების სიცოცხლე 9%-ით გაახანგრძლივა
აღმოჩნდა, რომ ყურძნის თესლში შემავალ ქიმიურ ნივთიერებას ძალიან ბევრი რაღაცა შესძლებია. მაგალითად, ხანდაზმული თაგვების სიცოცხლის გახანგრძლივება, ახალგაზრდების ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიმსივნის შემცირებაში ქიმიურ პრეპარატებსაც კი უწყობს ხელს. კვლევა Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა. კვლევამ აჩვენა, რომ ყურძნის თესლიდან მიღებული ნაერთით დამუშავებული თაგვები უფრო სწრაფები, ძლიერები და გამძლეები იყვნენ.
რას ნიშნავს ეს?
დაავადებამ, ტრავმამ და სხვა ფაქტორმა შეიძლება დააზიანოს ჩვენი უჯრედები, რაც ხელს უშლის მათ გაყოფასა და გამრავლებას. ამასთან, ასეთ დისფუნქციურ უჯრედებს შეუძლიათ გამოიწვიონ ანთება და ზიანი მიაყენონ მათ გარშემო არსებულ უჯრედებსაც.
ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი იმუნური სისტემა კლავს და ასუფთავებს დაზიანებულ უჯრედებს სპეციალური პროცესის საშუალებით, რომელსაც ეწოდება "აპოპტოზი". თუმცა, ზოგიერთი უჯრედი ეწინააღმდეგება აპოპტოზს. მათ "დაბერების უჯრედებს" უწოდებენ და ასაკთან ერთად ისინი ჩვენში სულ უფრო მეტია.
"დაბერების" უჯრედები ასაკთან დაკავშირებულ უამრავ აშლილობასთანაა დაკავშირებული, მათ შორის კიბო, დემენცია, ინსულტი და სხვა. ამიტომ, სიცოცხლის გახანგრძლივების მკვლევრები ეძებენ "სენოლიტიკებს" — წამლებს, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმის გასუფთავება დაბერებული უჯრედებისგან ჯანსაღი უჯრედებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
იმედია, რომ ასეთი წამლები მოგვცემს საშუალებას ვიცხოვროთ უფრო ხანგრძლივად, ჯანსაღად და ამის რამდენიმე პერსპექტიული კანდიდატი უკვე ჩანს. ახლა, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათ აღმოაჩინეს იაფი, ადვილად ხელმისაწვდომი ახალი "სენოლიზური სამიზნე" — ყურძნის თესლებში.
მკვლევრებმა შეამოწმეს მცენარეული წარმოშობის 46 ნაერთი, რომლებიც ადრე დაკავშირებული იყო დაბერებასთან, რათა დაედგინათ, ზემოქმედებდნენ თუ არა ისინი დაბერების უჯრედებზე.
მათ აღმოაჩინეს, რომ ყურძნის თესლებში ნაპოვნი ნაერთის დაბალი კონცენტრაცია — პროციანიდინი C1 (PCC1) — ხელს უშლის დაბერებულ უჯრედებს ანთების გამომწვევი ქიმიკატების გამოთავისუფლებაში.
მაღალ კონცენტრაციებში PCC1 კლავს დაბერებულ უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედების დაზიანების გარეშე.
მკვლევრებმა გააგრძელეს თაგვებზე მისი ეფექტის შესწავლა და დაადგინეს, რომ ამან გაზარდა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, გააუმჯობესა ჯანმრთელობა და შეამცირა დაბერების უჯრედების რაოდენობა მათ ქსოვილებში.
ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში 91 ბებერ თაგვს მკურნალობდნენ PCC1-ით კვირაში ორჯერ სიცოცხლის ბოლომდე. ამ თაგვების დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა 60%-ზე გაიზარდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის თაგვებში, ხოლო მათი საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა 9%-ით მეტი იყო.
ანალოგიური ტესტი ჩაუტარდათ ახალგაზრდა თაგვებს და ისინი, ვინც მკურნალობდნენ PCC1-ით ოთხი თვის განმავლობაში, უფრო ჯანსაღად იყვნენ, ვიდრე უბრალოდ კონტროლ ჯგუფის თაგვები. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვები უფრო სწრაფები, ძლიერები და ენერგიულები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ რაც მუშაობს თაგვებზე, არ ნიშნავს რომ ის იმუშავებს ადამიანებშიც. თუმცა, პრინციპის აღმოჩენა უკვე მნიშვნელოვანია, რაც ნიშნავს, რომ PPC1 გარდაქმნა ადამიანებზე რთული არ უნდა იყოს.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები