რა შემთხვევაში გამოიყენება ანტიბიოტიკი კოვიდპაციენტებთან — ექიმების განმარტებები
ახალმა კორონავირუსმა აღმოჩენის დღიდან საზოგადოებაში უამრავი კითხვა გამოიწვია. ყველაზე მეტად ადამიანებს აინტერესებთ, როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ მას. სოციალურ ქსელებში არაერთი მოსაზრება ვრცელდება და ხალხის ნაწილი თვითნებურად ურჩევს ერთმანეთს, რომ ვირუსის პრევენციისთვის ანტიბიოტიკები გამოიყენონ.
კორონავირუსის შემთხვევაში ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებაზე კითხვები გამოცდილ ექიმებს და ექსპერტებს დავუსვით. თითოეული მათგანი გვიხსნის, რომ ანტიბიოტიკი არ არის კორონავირუსისგან განკურნების საშუალება და ის მხოლოდ კომპეტენტური პირების მიერ, ბაქტერიული ინფექციის განვითარებისას ინიშნება.
რა შემთხვევაშია დასაშვები ანტიბიოტიკის გამოყენება კოვიდპაციენტებთან?
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე განმარტავს, რომ Covid-19 მსუბუქი და საშუალო სირთულის პაციენტებში ანტიბიოტიკის გამოყენებას არ საჭიროებს. მისი თქმით, ანტიბიოტიკი კონკრეტულ შემთხვევებში ექიმის მიერ ინიშნება.
"თუ მძიმე მდგომარეობაა და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე არის გონივრული ეჭვი, რომ ბაქტერიული გართულებაა ან პაციენტს აქვს რაიმე სახის ინფექცია, რა თქმა უნდა, სჭირდება ანტიბიოტიკი. გარდა ამისა, თუ პაციენტი კორონავირუსის დროს იღებს კონკრეტულ მედიკამენტებს, ასეთ დროსაც საპრევენციოდ ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკი, რათა არ წამოვიდეს ბაქტერიული ინფექცია".
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ბოლო პერიოდში ცუდი ტენდენცია შეიქმნა, რაც საზოგადოებაში იმ მოსაზრების გავრცელებას გულისხმობს, რომ ანტიბიოტიკი კოვიდის სამკურნალოდ შეიძლება ემპირიულად, ანუ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გამოვიყენოთ.
"ზოგადად, კორონავირუსი არის ვირუსი და ანტიბიოტიკი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, აქედან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში ანტიბიოტიკის დანიშვნა კორონავირუსის დროს არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით ეს ეხება იმ პაციენტებს, ვინც მკურნალობას სახლში გადის და არ აქვს ფონური მძიმე დაავადება, რაც ზრდის რისკებს, რომ ვირუსულ ინფექციასთან მოხდეს ბაქტერიული ინფექციის თანდართვა. განსაკუთრებით დაავადების დაწყების პირველ კვირაში, როდესაც ადამიანს აღენიშნება სიცხე, ეს ასოცირებულია ვირუსთან, მის გამრავლებასთან და გამოწვეულ სხვადასხვა დარღვევასთან. ამიტომ, დაავადების დაწყების პირველ ფაზაში, პირველ კვირაში ანტიბიოტიკის დანიშვნა, განსაკუთრებით ბინაზე, არაა რეკომენდებული, თუ ამის სპეციფიკური ჩვენება არ არის".
ინფექციონისტის თქმით, ანტიბიოტიკის დანიშვნისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, მაგალითად, პაციენტის იმუნური სისტემის სიძლიერე, ხველის ინტენსივობა და გართულება, დიაბეტი და სხვა. გოგინავა განმარტავს, რომ კოვიდპაციენტების უმრავლესობა, რომლებიც ანტიბიოტიკების მიღებას საჭიროებენ, მკურნალობის კურსს კლინიკებში გადიან. მისივე თქმით, ბინაზე მყოფ პაციენტების 80-90%-ს არანაირი ანტიბიოტიკის დანიშვნა არ სჭირდება.
"ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, შესაძლებელია, დაინიშნოს ანტიბიოტიკი, სხვა დანარჩენ შემთხვევებში, თუ პაციენტს არ ექნება სიცხე, მშრალი ხველა, სისუსტე, ასეთ დროს ანტიბიოტიკის ჩართვა არანაირ შედეგს არ გვაძლევს, იმიტომ, რომ განსაკუთრებით დაავადების პირველ 7-10 დღეში ბაქტერიული ინფექციის თანდართვის ალბათობა, განსაკუთრებით ბინაზე, არის დაბალი, დაახლოებით 1-5%.
ძირითადად, ანტიბიოტიკების გამოყენება შეიძლება დასჭირდეს სტაციონარში, საავადმყოფოში მყოფ პაციენტს — მას, ვინც ხანგრძლივად იმყოფება საავადმყოფოში, სჭირდება ჟანგბადის მიწოდება, აქვს ფილტვის დაზიანება 50%-ზე მაღალი და, შესაბამისად, აქვს გარკვეული ლაბორატორიული ცვლილებები, პროდუქტიული ხველა და მაღალი რისკი, რომ მოხდეს ბაქტერიული ინფექციის თანდართვა, დაავადება დამძიმდეს და წავიდეს უფრო აგრესიულად".
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძეც ამბობს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტებში ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ვირუსულ ინფექციასთან ერთად ბაქტერიული ინფექციაც დადასტურებულია, ან არის მისი გააქტიურების ნიშნები.
"ბუნებრივია, რომ ვირუსული ინფექცია, მათ შორის კორონავირუსი, იწვევს იმუნური ძალების დაქვეითებას. ამ დროს შეიძლება გააქტიურდეს ბაქტერიული ინფექცია, რაც გამოიხატება სისხლის ანალიზში, მოიმატებს ე.წ. ცერეაქტიული ცილა, ლეიკოციტების რაოდენობა. ეს ნიშნავს ბაქტერიული ინფექციის გააქტიურებას და ამ დროს საჭიროა ანტიბიოტიკების გამოყენება".
გოფოძე ამბობს, რომ ანტიბიოტიკი და ვირუსი "ერთმანეთთან არ მეგობრობენ", რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მკურნალობა ანტიბიოტიკების მიღებით არ ხდება.
"ანტიბიოტიკი მოქმედებს მხოლოდ იმ ბაქტერიულ ფლორაზე, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ან შემოიჭრება, ან გააქტიურდება ვირუსული ინფექციის გამო. ამიტომ ასეთ დროს უნდა გამოვიყენოთ, თორემ თავად კორონავირუსის სამკურნალოდ ანტიბიოტიკი არ გამოიყენება. ამისთვის მუდმივ ძიებაში ვართ, მოგეხსენებათ, იყო რემდესივირი, არის და რჩება, როგორც მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება. სხვადასხვა მედიკამენტს ვიყენებთ, მაგრამ არა ანტიბიოტიკებს, იმიტომ, რომ ისინი არცერთი ვირუსის დროს ეფექტური არ არის".
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძეც საუბარს იმით იწყებს, რომ ვირუსული დაავადება, როგორიც არის კორონავირუსი, ანტიბიოტიკებით მკურნალობას არ საჭიროებს.
"ანტიბიოტიკის აუცილებლობა დგება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ვირუსთან ერთად აღინიშნება ბაქტერიული ინფექციები, ან პაციენტს საავადმყოფოში მოთავსებიდან 48 საათის შემდეგ დაუდგინდება ფილტვების ანთების დიაგნოზი და ამას ექიმი შეაფასებს როგორც საავადმყოფოს შიდა პნევმონიას — ანუ პნევმონიას, რომელიც განვითარდა საავადმყოფოში. ეს არის შემთხვევა, როდესაც ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს. ბაქტერიული ინფექციის დამადასტურებელი კრიტერიუმები ყველა ექიმისთვის არის ცნობილი — ლეიკოციტების მატება, ცერეაქტიული ცილის მატება. ყველა ეს კვლევა კეთდება ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში და თუ მაჩვენებელი მაღალია, ეს უკვე მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე და მაშინ უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი".
ჩხაიძე ხაზს უსვამს, რომ კოვიდპაციენტებთან ანტიბიოტიკების მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ ექიმს აქვს ობიექტური, ლაბორატორიული საფუძველი.
კლინიკური ექსპერტის, მაკა ბულეიშვილის თქმით, ანტიბიოტიკებით დაწყებულმა არასწორმა მკურნალობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს და როდესაც პაციენტს რეალურად დასჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია, მისი ორგანიზმი უკვე რეზისტენტული გახდეს.
"თუ კოვიდის დროს სწორად მიდის მკურნალობა, შეიძლება პაციენტს საერთოდ არ დასჭირდეს ანტიბიოტიკური თერაპია. კოვიდის შემთხვევაში მუდმივად აღვნიშნავთ, რომ ანტიბიოტიკებით დაწყებული მკურნალობა სწორი არ არის. არ ვიცი, ვინ როგორ მკურნალობს და ვის რა მიდგომა აქვს. ეს არ არის ინდივიდუალური მიდგომა. პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა სულ სხვა რამეს ნიშნავს და არა იმას, რომ პირველივე დღეს ანტიბიოტიკოთერაპია დაინიშნოს. მკაცრად უნდა გავმიჯნო, რომ ყველა მედიკამენტი — ეს იქნება ანტიბიოტიკი თუ ე.წ. სისხლის გამათხელებელი საშუალებები, რასაც პაციენტები თვითნებურად იღებენ, სამომავლოდ შეიძლება გახდეს კიდევ უფრო რთული და მეტი ზიანის მომტანი ადამიანის ორგანიზმისთვის".
რა ხდება მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკის მიღებას ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვიწყებთ?
ხშირად ადამიანები მკურნალობას სოციალურ ქსელებში წაკითხულის ან ნაცნობების გამოცდილების შესაბამისად, კომპეტენტური პირების რეკომენდაციის გარეშე იწყებენ. Facebook-ზე სამედიცინო ჯგუფებში არაერთი "სარეკომენდაციო" პოსტი იწერება, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ანტიბიოტიკი კარგი საშუალებაა.
საკითხის სპეციალისტებს ვთხოვეთ, აეხსნათ, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კოვიდპაციენტებში ანტიბიოტიკების თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებამ. თითოეული მათგანის თქმით, იმის გარდა, რომ ანტიბიოტიკის უმიზეზოდ მიღება გარკვეულ გვერდით მოვლენებს იწვევს, ეს ქმნის მასშტაბურ პრობლემას, რაც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობაში გამოიხატება, ანუ საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკური მკურნალობისას ის ეფექტური ვეღარ იქნება.
როგორ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, უმიზნოდ ანტიბიოტიკების მიღებამ, რეზისტენტულობის გარდა, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს დაზიანება და სხვა ალერგიული რეაქციები.
"ზოგადად, ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყებამ მაშინ, როდესაც ადამიანს არ გააჩნია ამის ჩვენება, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიც არის ალერგიული რეაქცია, ან მოხდეს სხვადასხვა ორგანოს, მაგალითად, თირკმელების, ღვიძლის ფუნქციონირებაში ხელის შეშლა. ამიტომ, ანტიბიოტიკი მინიმუმ საქმეს არ გაგვიკეთებს და არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ხელი შეუწყოს ზიანს.
ასევე, რაც გლობალური პრობლემაა და, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც არის — თუ ჩვენ მასიურად, მთელი მოსახლეობა არამიზნობრივად გამოვიყენებთ ანტიბიოტიკებს, ამის შედეგად შესაძლოა სამომავლოდ ჩამოგვიყალიბდეს ანტიბიოტიკებზე სერიოზული რეზისტენტულობა, ანუ გამძლეობა. რეალურად, უკვე არსებული ანტიბიოტიკები ვერ იქნებიან ეფექტური ბაქტერიული ინფექციების მიმართ. ამის პრობლემა არის რეანიმაციებში, საავადმყოფოებში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც".
კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ანტიბიოტიკების დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მიერ, რადგან არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს, განსაკუთრებით კოვიდპაციენტებში.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ მთავარ საკითხს — ანტიბიოტიკურ თერაპიას გააჩნია კლინიკური ჩვენება, ისევე, როგორც გამათხელებლების დანიშვნას. ამიტომ ასე ბრმად და ასე პირდაპირ თქმა: "შენ გაქვს ვირუსული ინფექცია" და ანტიბიოტიკის მიცემა დამაზიანებელია და შეიძლება იგივე კოვიდით დასნებოვნებულ პაციენტებში არასწორი მართვა გამოიწვიოს.
რეკომენდაცია უნდა მივიღოთ მხოლოდ კვალიფიციური ექიმისგან და არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ სოციალურ ქსელში გავრცელებული მედიკამენტები. ძალიან ვთხოვთ პაციენტებს და ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დავუჯეროთ ექიმებს".
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე ამბობს, რომ ანტიბიოტიკების უმიზეზოდ მიღებით ვირუსულ ინფექციას კი არ ვშველით, არამედ ჩვენს ორგანიზმს ვასუსტებთ და ხელს ვუწყობთ ვირუსს გაძლიერებაში. გაფოძის განცხადებით, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ადამიანმა ანტიბიოტიკები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს.
"ყველა ორგანიზმისთვის ანტიბიოტიკის შერჩევა ინდივიდუალურია და თუკი ამას კვალიფიციური ადამიანი არ აკეთებს, უბრალო რჩევით შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, ზოგიერთი ანტიბიოტიკი იწვევს თირკმელების უკმარისობის განვითარებას, ზოგი სმენის, ზოგი მხედველობის პრობლემებს. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არაკვალიფიციური პერსონის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკის მიღება, რაც არ უნდა ბევრი ვიკითხოთ ინტერნეტში".
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ არასაჭირო ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს შორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ითვლება. მისი განმარტებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება მომავალში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს, რაც სერიოზული პრობლემაა.
"თუ ჩვენ ანტიბიოტიკს დავნიშნავთ არასაჭირო შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება რეზისტენტული ბაქტერიები, რომლებიც მაშინ, როდესაც ადამიანს რეალურად დასჭირდება ანტიბიოტიკი, უკვე იქნებიან მდგრადი მის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი ანტიბიოტიკის არასაჭირო გამოყენების შემთხვევაში ხელოვნურად ზრდის და ქმნის ისეთ ბაქტერიას, რომელზეც შემდეგ ანტიბიოტიკი აღარ იმოქმედებს".
ჩხაიძე ხაზს უსვამს, რომ დამაზიანებელი არის ანტიბიოტიკების არამიზნობრივად გამოყენება და არა ვაქცინა, რომლისაც საზოგადოების ნაწილს ასე ძალიან ეშინია.
კომენტარები