არქტიკაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
არქტიკაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ინფორმაციას გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) ოფიციალურად ადასტურებს. ეს კიდევ ერთი "განგაშის ზარია" კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
საუბარია 38 გრადუს ცელსიუსზე, რომელიც დაფიქსირდა ციმბირის ქალაქ ვერხოიანსკში. რეალურად ტემპერატურა მთელ რეგიონში ზაფხულის განმავლობაში საშუალოდ 10 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა, ნათქვამია WMO-ს განცხადებაში.
"ეს ახალი ჩანაწერი არის ერთ-ერთი იმ დაკვირვებების სერიიდან, რომელიც მოხსენებულია WMO-ს ამინდისა და კლიმატის არქივებში. მსგავსი მონაცემები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს ცვალებადი კლიმატის ფაქტორს", — ამის შესახებ WMO-ს გენერალურმა მდივანმა პეტერი ტაალასმა განაცხადა.
სიცხის ეს ტალღა იყო მთავარი ფაქტორი დამანგრეველი ხანძრების გააქტიურებისა და ოკეანეების ყინულის მასიური დაკარგვის. რუსეთის სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ბოლო დროს ციმბირში ტყის ხანძრები ყველაზე სასტიკი იყო. ხანძრებმა მხოლოდ 2021 წელს 18,6 მილიონი ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი კვამლი ჩრდილოეთ პოლუსამდეც კი მივიდა.
ვერხოიანსკი, ადგილი სადაც რეკორდული სიცხე დაფიქსირდა მდებარეობს არქტიკული წრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 115 კილომეტრის დაშორებით. აქ მეტეოროლოგიური სადგური ტემპერატურის მაჩვენებლებს 1885 წლიდან იღებს და აქამდე ასეთი სიცხე არ დაფიქსირებულა.
ექსპერტების თქმით, არქტიკა თბება საშუალოზე ორჯერ მეტი სიჩქარით, რაც იწვევს მისი კლიმატის ექსტრემალურ ცვლილებებს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არქტიკულმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს პოლარული დათვების სახეობის განადგურებაც.
WMO-ს თანახმად, ამ რეგიონში მომავალში კიდევ უფრო დიდი ცვლილებები მოხდება.
ასევე: არქტიკის რეგიონში თოვლს მალე წვიმა ჩაანაცვლებს — კვლევა
ამასთან, არქტიკა არ არის მსოფლიოს ერთადერთი ნაწილი, სადაც რეკორდული სიცხე ფიქსირდება. 2020 წელს ანტარქტიდამ ასევე დაამყარა ტემპერატურის ახალი რეკორდი, რომელიც დაფიქსირდა არგენტინის ესპერანსას ბაზაზე. საუბარია 18,3 გრადუს ცელსიუსზე. ასევე, წელს სირაკუზაში (იტალია) დაფიქსირდა 48,8 გრადუსი ცელსიუსი — ყველაზე მაღალი დაფიქსირებული ტემპერატურა ევროპის ისტორიაში.
შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები